Facebook Twitter

№ას-512-485-2014 29 მაისი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ს. ფ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ტ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

1. მ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. მ. ტ-ის მიმართ ბათილად იქნა ცნობილი შპს „ს. ფ-ის“ გენერალური დირექტორის 2012 წლის 27 ნოემბრის №15-01/120 ბრძანების 1-ელი, მე-2 და მე-3 პუნქტები;

3. ბათილად იქნა ცნობილი შპს „ს. ფ-ის“ გენერალური დირექტორის 2012 წლის 1 აპრილის ბრძანება №15-02/414;

4. მ. ტ-ე აღდგენილ იქნა შპს „ს. ფ-ის“ საფოსტო დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ფილიალის ხარაგაულის საფოსტო სერვისცენტრის უფროსის თანამდებობაზე;

5. შპს „ს. ფ-ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 4500 ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. ფ-ამ“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით:

1. შპს „ს. ფ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.11.2013წ. გადაწყვეტილება შპს ”ს. ფ-ის” გენერალური დირექტორის 27.11.2012წ. #15-01/120 ბრძანების 1-ელი, მე-2 და მე-3 პუნქტების ბათილად ცნობის, ასევე მ. ტ-სა და შპს „ს. ფ-ას“ შორის 27.11.2012წ. და 01.02.2013წ. გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების 5.1 მუხლის ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. ტ-ის სარჩელი შპს ”ს. ფ-ის” გენერალური დირექტორის 27.11.2012წ. #15-01/120 ბრძანების 1-ელი, მე-2 და მე-3 პუნქტების ბათილად ცნობის, ასევე მ. ტ-სა და შპს „ს. ფ-ას“ შორის 27.11.2012წ. და 01.02.2013წ. გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების 5.1 მუხლის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა;

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.11.2013წ. გადაწყვეტილება შპს ”ს. ფ-ის” გენერალური დირექტორის 01.04.2012წ. #15-02/414 ბრძანების ბათილად ცნობის, მ. ტ-ის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. ფ-ამ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს. ფ-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო, ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ აპელანტ შპს „ს. ფ-ის“ წარმომადგენლები ნ. კ-ე და თ. კ-ე, რომელთაც გააჩნდათ სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება (იხ. მინდობილობა ტ.1, ს.ფ. 86, ტომი 2, ს.ფ. 29). სხდომის ოქმით დასტურდება ასევე, რომ მხარეებს განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა (ტომი 2, ს.ფ. 29). აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი (მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, კერძოდ, აპელანტს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის უნდა მიემართა არა უგვიანეს 2014 წლის 25 აპრილისა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში არ მიუმართავს. აპელანტის წარმომადგენელმა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2014 წლის 19 მაისს, ანუ კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2014 წლის 25 აპრილს და ამოიწურა 2014 წლის 15 მაისს. დადგენილია, რომ შპს „ს. ფ-ამ“ საკასაციო საჩივარი წარადგინა 2014 წლის 21 მაისს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ს. ფ-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 374.3-ე მუხლების შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს. ფ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ს. ფ-ას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (გადახდის თარიღი – 2014 წლის 21 მაისი, საგადახდო დავალება №9944) – 300 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე