Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-525-498-2014 30 მაისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი: შპს „ქ. ს. ჯ XXI“ (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელზე – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ბ-ა (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ნივთის დაბრუნება, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ქ. ს. ჯ XXI-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ბ-ას მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლის გამო ნივთის დაბრუნებისა და თანხის ანაზღაურების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც შპს „ქ. ს. ჯ XXI-მ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობა და მიაჩნია, რომ შპს „ქ. ს. ჯ XXI-ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის განჩინებით შპს „ქ. ს. ჯ XXI-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაზეც მხარემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი შეტანილია ვადის დარღვევით, კერძოდ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, „არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღის“ ათვლისათვის გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადის გამოთვლის ზოგადი წესი, კერძოდ, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. შესაბამისად, აღნიშნული პრინციპით გამოთვლილი მე-20 დღე არის იმ მოქმედების შესრულების პირველი დღე, რაც უკავშირდება სასამართლოში გამოცხადებას და ასეთად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს 21-ე დღე. ანალოგიურად უნდა განიმარტოს 30-ე დღე, როგორც, ერთი მხრივ, მხარის მიერ სასამართლოში გამოცხადების ბოლო დღე (მიუხედავად იმისა ემთხვევა თუ არა უქმე და დასვენების დღეს) და იმავდროულად გასაჩივრების ვადის ათვლის პირველი დღე, თუკი მხარე დაარღვევს სასამართლოში გამოცხადების კანონისმიერ ვალდებულებას.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმით დასტურდება, რომ სააპელაციო პალატამ მოცემულ საქმეზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადადო 2014 წლის 19 მარტისათვის, რის შესახებაც ეცნობათ პროცესზე დამსწრე აპელანტის წარმომადგენელ უ. ქ-ას, რომლის უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მხარის სახელით სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების შემცველი მინდობილობით (ტომი 2, ს.ფ. 38). მხარეებს ცხადად განემარტათ, რომ 2014 წლის 19 მარტს, მათი დასწრების მიუხედავად, გამოცხადდებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მითითებულ დროს საქმის განხილვის გადადების თაობაზე მხარეებს ჩამოერთვათ ხელწერილი (ტომი 2, ს.ფ.71).

სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის სხდომას არც ერთი მხარე არ დასწრებია, თუმცა გამოცხადდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მხარეთათვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ცნობილი იყო, კასატორის მიმართ მოქმედებს სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის განჩინების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2014 წლის 8 აპრილი, 30-ე დღე – 18 აპრილი. შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სააპელაციო პალატისათვის უნდა მიემართა 2014 წლის 8 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით, რაც მათ არ განუხორციელებიათ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის ათვლა კასატორისათვის დაიწყო გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს – 2014 წლის 18 აპრილს და ამოიწურა 2014 წლის 8 მაისს. შპს „ქ. ს. ჯ XXI-მ“ კი, საკასაციო საჩივარი წარადგინა 2014 წლის 14 მაისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ამდენად, კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა აღნიშნულისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ქ. ს. ჯ XXI-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ბ. ალავიძე