Facebook Twitter

№ას-65-63-2014 1 მაისი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. დ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 22 იანვარს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ზ. დ-მა მოპასუხე ნ. მ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელის განმარტებით მის ოჯახზე ირიცხება 6500,93 კვ.მ. მიწა, დანარჩენი ფართი 6200,20 კვ.მ და 1,25 ჰა მიწა აქვს ნაქირავები. 2012 წელს მის მიერ დამუშავებული იქნა 22951,13 კვ.მ. მიწის ფართი სოფელ გ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და დათესა ქართული ჯიშის სიმინდი. დაქირავებული ყავდა 18 მუშა რომელსაც დღეში უხდიდა 15 ლარს და სულ გადაუხადა 1080 ლარი. ნათესების ამოსვლის დღიდან მოსავლის აღებამდე პერიოდულად ნათესებს უნადგურებდა მოპასუხე ნ. მ-ის საქონელი. შემოდიოდა 40-60 სული ძროხა რომელსაც ვერ უმკლავდებოდა მოპასუხის მწყემსი და ანადგურებდა მოსავალს. მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა მის მიერ არ იქნა აყვანილი დამატებითი მწყემსი, მოპასუხემ ყველანაირი პასუხისმგებლობა იკისრა თავის თავზე.2012 წლის 25 ივლისს 70 სული უპატრონოდ გაშვებული ძროხა შევიდა ნაკვეთში და გაანადგურა ნათესების 80%. აღნიშნულის შესახებ ეცნობა მოპასუხეს, მაგრამ მის მიერ არანაირი ზომები არ იქნა მიღებული. 2012 წლის 21 ოქტომბერს მოსავლის აღების დროს ნაკვეთში კვლავ შევიდა 40 სული საქონელი რომელთა გაყვანაც ვერ მოხერხდა და განადგურებული იქნა ფართობის 70-80%.

მოსარჩელის განმარტებით მოსავლის აღების და სიმინდის დამტვრევის დასრულების შემდეგ აწონილმა სიმინდმა შეადგინა 1260 კგ., როცა 2 ჰა მიწაზე უნდა მოსულიყო 12 ტონა ტაროიანი სიმინდი. 2010-2011 წლებში 1 ჰა მიწაზე მოსულა არანაკლებ 4 ტონა სიმინდი. 2012 წელს ამინდები იყო გაცილებით კაი და მოსავლიანობა იყო მაღალი. აღნიშნული ტერიტორიიდან გვერდით ნაკვეთებზე აიღეს 7-8 ტონა სიმინდი. მოპასუხემ თავისი უმოქმედობით, საქონლის უპატრონოდ გაშვებით მიაყენა ზარალი ნაცვლად 12 ტონა უტარო მარცვლეულს რომ გამოვაკლოტ აღებული 1 ტონა 100 კგ. მარცვლეული განიცადა 10 ტონა და 900 კგ. ზარალი, რომლის ღირებულება 60 თეთრობაზე შეადგენს 6540 ლარს.

მოპასუხე ნ. მ-მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება რომ მოსარჩელემ სიმინდი დათესა 2 ჰა მიწაზე. მისი საქონელი არ შესულა ზ. დ-ის ნაკვეთში და მისთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია. დედოფლისწყაროს რაიონი არის უწყო ადგილი სადაც სიმინდი მორწყვის გარეშე ვერ ხარობს. ამიტომ ვერ მიიღო მოსავალი მოსარჩელემ და ცდილობს მის ხარჯზე გამდიდრებას.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ზ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. დ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნ. მ-ს ზ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 6 540 ლარის ოდენობით შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. დ-ის საკუთრებაში ირიცხება დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მ-ი, ხორც-კომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი N52, ფართობით, 6500,93 კვ.მ. (ტომი 1; ს.ფ. 13 - მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების ნაკვეთის სარეგისტრაციო მოწმობა). დადგენილია ასევე, რომ ზ. დ-ს იჯარით აღებული აქვს ამავე სოფელში, ხორც-კომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი N52, ფართობით, 6200,20 კვ.მ. (ტომი 1; ს.ფ. 12 - მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების ნაკვეთის სარეგისტრაციო მოწმობა). სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2012 წელს მოსარჩელემ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვების მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე დათესა სიმინდი (მხარეთა ახსნა-განმარტება, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეთა ჩვენებები).

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა ის გარემოება, რომ ზ. დ-ის მიერ დამუშავებულ მიწის ნაკვეთში შესული იყო ნ. მ-ის კუთვნილი საქონელი, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად თავისი მოტივაცია დაამყარა იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ნ. მ-ის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი და ზიანის წარმოშობის საფუძველი სასარჩელო განცხადებაში მითითებული მოცულობით, ასევე, საქონლის მიერ სიმინდის მოსავლის 70-80%-ით განადგურებისა და 2 ტონა სიმინდის ნაცვლად, 1 ტონა სიმინდის აღების შესახებ ფაქტობრივი გარემოება.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არ გაიზიარა სასამართლოს ზემოაღნიშნულ დასკვნა შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, მათი შეაფასება სასამართლოს კომპეტენციაა. სსსკ-ის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. ამავე კოდექსის 127–ე მუხლის თანახმად, მხარეთა განმარტება ასევე წარმოადგენს სასამართლო მტკიცებულების სახეს. ხოლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XVIII თავი ეხება მოწმეთა ჩვენებებს, როგორც მტკიცებულებათა ერთ-ერთ სახეს.

პირველ რიგში, პალატა ყურადღება ამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ შემდეგ წერილობით მტკიცებულებებზე:

1. 2012 წლის 25 ივლისის აქტზე, რომელიც შედგენილია სოფ. მ-ი მცხოვრები პირების: ზ. დ-ი, ნ. ა-ის, ასევე, სოფ. ა-ი მცხოვრები მ. ლ-ის (მიწის ნაკვეთის დარაჯი) და ნ.ას მიერ. აქტში გადმოცემულია, რომ მათ კუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთში, სადაც აქვთ საგაზაფხულო კულტურა - სიმინდი, დათესილ ნაკვეთში იმყოფებოდა ნ.ას კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 70 (სამოცდაათ) სულზე მეტი. საქონელმა მათ მოსავალი გაუნადგურა 80%-ით და მიუხედავად მათი არაერთი გაფრთხილებისა, ნ.ას კვლავ უპატრონოდ დაუდის მთელი საქონელი. აღნიშნულ აქტს ხელს აწერენ ზ. დ-ი, ნ. ა-ი, მ. ლ-ი და ჯ. მ-ი (ტომი 1; ს.ფ. 22);

2. 2012 წლის 21 ოქტომბრის აქტზე, რომელიც შედგენილია 14 პირის და მათ შორის ნ.ას მიერ. აქტში გადმოცემულია, რომ საკარმიდამო პრივატიზებულ ნაკვეთში სოფ. გ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ეთესათ სიმინდი 2 ჰა-ზე. ამავე ტერიტორიაზე არის ყოფილი მეღორეობის ფერმა, სადაც დღეს მსხვილფეხა საქონელი ჰყავს ნ. მ-ს. მიუხედავად მრავალმხრივი გაფრთხილებისა, დათესვიდან დღემდე, სისტემატიური ხასიათი ჰქონდა ნაკვეთის დაზიანებას, სადაც დათესილი იყო სიმინდი. ბოლოს, 21 ოქტომბერს, როდესაც დაქირავებული მუშებით ამტვრევდნენ სიმინდს, ნ.ამ კიდევ შემოუშვა 40 (ორმოცი) სული საქონელი. მათი ვარაუდით განადგურებულია 70-80%. აღნიშნულ აქტის სინამდვილეს ადასტურებენ მისი შემდგენი პირები, გარდა ნ. მ-ისა (ტომი 1; ს.ფ. 23-24);

3. 2012 წლის 22 ოქტომბრის აქტზე, რომელიც შედგენილია სოფ. მ-ი მცხოვრები ზ. დ-ის, ნ. ა-ის, მ. ლ-ის (დარაჯი), ს. ლ-ის (მძღოლი) მიერ. აქტში გადმოცემულია, რომ მათ კუთვნილ 2 ჰა მიწის ფართობზე, სადაც დათესილი ჰქონდათ სიმინდი, მოსავლის აღების მერე მისი წონა სასწორზე გამოვიდა 1260 კგ. მიუხედავად მათი თხოვნისა, რომ საქონლის მეპატრონე ნ.ა წამოსულიყო და დასწრებოდა აწონვას, იგი არ დაესწრო (ტომი 1; ს.ფ. 25);

4. 2012 წლის 24 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმზე, სადაც ნ. მ-მა გამოკითხვის დროს აღნიშნა, რომ აღნიშნული ფერმის ახლოს სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთი აქვს სოფ. მირზაანში მცხოვრებ ზ. დ-ს, სადაც ეთესა სიმინდი. იგი რამდენიმე დღით წასული იყო საგარეჯოში. მის მწყემსებს ზურას სიმინდის ყანაში გადაჰპარვიათ მისი საქონელი და გაუფუჭებიათ ნათესი, რაზედაც მან ზურას უთხრა, რომ მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებდა. ნ. მ-ის განმარტებით ასევე ირკვევა, რომ მისი კუთვნილი საქონელი ზურას სიმინდში გადავიდა სულ ორჯერ და იგი ყურადღებას მიაქცევდა საქონელს, რომ აღნიშნული აღარ განმეორებულიყო (ტომი 1; ს.ფ. 67-70);

5. 2012 წლის 09 ნოემბრის გაფრთხილების ოქმზე, რომლის თანახმად, ინსპექტორ-გამომძიებელმა თ. პ-მა ნ. მ-ი გააფრთხილა იმის შესახებ, რომ ყურადღებით განეხორციელებინა თავისი კუთვნილი საქონლის მწყემსვა და აღარ დაეზიანებინა ნათესი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხს აგებდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე (ტომი 1; ს.ფ. 79-81), კერძოდ:

ჯ. მ-ის ჩვენებით ირკვევა, რომ ზ. დ-ს უნდა მიეღო კარგი მოსავალი. მისი განმარტებით, 12 ტონაზე მეტსაც კი მიიღებდა.

ნ. ჯ-ის ჩვენებით ირკვევა, რომ მოსავლის აღებისას, ზ. დ-ს ეხმარებოდა 14 მუშა, რა დროსაც 40 სული საქონელი შემოვიდა ზ. დ-ის მიწაზე. ჯერ მწყემსი იყო იქ. შემდეგ, თავად ნ. მ-ი მოვიდა. 4 დღე ამტვრევდნენ სიმინდს. 7 საათი მუშაობდნენ. 12 ტონა უნდა მოსულიყო.

მ. ლ-ის ჩვენებით ირკვევა, რომ ნ.მა განაცხადა, რომ მხოლოდ მუშების ფულს გადაუხდიდა 500 ლარის ოდენობით.

დადგენილია ასევე, რომ შპს ,,ა. ბ-ის’’ დირექტორის თ. მ-ის 2012 წლის 12 დეკემბრის N5 წერილით დასტურდება ის გარემოება, რომ 2012 წლის ნოემბერ-დეკემბრის მდგომარეობით სიმინდის საშუალო ფასი შეადგენდა 0,60 თეთერს (ტომი 1; ს.ფ. 21).

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

ა) ზ. დ-ის მიერ დამუშავებულ მიწის ნაკვეთში შესული იყო ნ. მ-ის კუთვნილი საქონელი;

ბ) ნ. მ-ის საქონელმა გაანადგურა ზ. დ-ის სიმინდის ნათესის 70-80%;

გ) ზ. დ-ს უნდა მიეღო მოსავალი 12 ტონამდე და მიიღო 1260კგ.

დ) 2012 წლის ნოემბერ-დეკემბრის მდგომარეობით სიმინდის საშუალო ფასი შეადგენდა 0,60 თეთერს, მოსალოდნელმა ზარალმა კი შეადგინა 6540 ლარი;

პალატა აღნიშნავს, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულებები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, ისევე როგორც მოპასუხის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მოსარჩელის პოზიციის გასაბათილებლად მის მიერ გაანაგარიშებული თანხის საპირისპიროდ რაიმე მტკიცებულება. პალატა ასევე მიუთითებს, რომ მას ობიექტური შესაძლებლობა ჰქონდა წარმოედგინა ალტერნატიული წერილობითი მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ მისაღები შემოსავალი გაცილებით ნაკლები იქნებოდა. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის ამ კუთხით რეალიზება.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება სამართლებრივად შემდეგნაირად დაასაბუთა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1003-ე მუხლის თანახმად, ცხოველის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მისმა ცხოველმა სხვას მიაყენა. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, ცხოველი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, დაკარგული იყო, თუ გაქცეული. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ გამოიყენება, როცა ცხოველის მფლობელმა მიიღო აუცილებელი ზომები მესამე პირთა დასაცავად.

პირს ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე შეიძლება დაეკისროს, თუ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების აღნიშნული ნორმით დადგენილი წინაპირობები, კერძოდ: ა) ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი მოქმედება ან უმოქმედობა; ბ) არამართლზომიერ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი; გ) ზიანის მიმყენებლის ბრალი. სამივე კომპონენტი ანუ, ნორმის შემადგენლობა კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა, კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი, რომლის ოდენობა შეადგენს 6540 ლარს, გამოწვეულია მოპასუხის მიერ, მისი მსხვილფეხა პირუტყვის საძოვრად მიშვების შედეგად, მოსარჩელის მოსავლის განადგურებით. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის. რაც შეეხება ბრალს, მოპასუხის ზემოთმითითებული ქმედება მის ბრალეულ, გაუფრთხილებელ ქმედებად უნდა შეფასდეს, ვინაიდან მოპასუხის განმარტებიდან ირკვევა, რომ საქონელი მწყემსებს გადაეპარათ ზ. დ-ის სიმინდის ყანაში (ტომი 1; ს.ფ. 69).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია, ან ამისთვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

კანონის ზემოთაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე პალატა მიდის დასკვნამდე, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის ქონებისათვის, რომელიც შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით ან მისაღები მოგების შემცირებით. ამასთან, დელიქტური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრინციპი, რომელიც ზიანის სრულად ანაზღაურებაში მდგომარეობს ნიშნავს, რომ დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ყველა ქონებრივი დანაკარგი, როგორც რეალური, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით. მიყენებული ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულს. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 6540 ლარი, რაზედაც მოპასუხე აგებს პასუხს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა და საკასაციო საჩივრით მოითხოვს გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწუბეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო საჩივარი არგუმენტირებულია შემდეგნაირად:

კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა. ზ.დ-ის ნაკვეთში შესული იყო ნ.მ-ის საქონელი. ბ. ნ.მ-ის საქონელმა გაანადგურა ზ.დ-ის ნათესების 70-80 %. გ. ზ.დ-ს უნდა მიეღო 12 ტონამდე მოსავალი და მიიღო 1260 კგ. დ. 2012 წლის ნოემბერ-დეკემბრის მდგომარეობით სიმინდის ფასი შეადგენდა 0,60 ლარს, მოსალოდნელმა ზიანმა შეადგინა 6540 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რა აღნიშნული გარემოებები, დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: 1) 2012 წლის 25 ივლისის აქტი, რომელიც შედგენილია სოფელ მ-ი მცხოვრები ზ.დ-ის, ნ. ა-ის და ასევე სოფელ ა-ი მცხოვრები მ. ლ-ის (დარაჯი) და ნ.ის მიერ, საქონელმა გაანადგურა მოსავალის 80% ხელს აწერენ ზ.დ-ი, ნ.ა-ი, მ.ლ-ი და ჯ.მ-ი. აქტის შემდგენლები არიან სიმინდის ყანის მესაკუთრეები ზ.დ-ი და ნ.ა-ი, აგრეთვე მიწის ნაკვეთის დარაჯი მ.ლ-ი, რომელიც დაინტერესებული პირები არიან და რასაც მოისურვებდნენ იმას ჩაწერენ ოქმში, რაც შეეხება აქტის შემდგენ ნ.ს იგი არც აქტის შედგენისას ესწრებოდა და ხელიც არ მოუწერია მასზე. სამაგიეროდ აქტს ხელს აწერს ვინმე ჯ.მ-ი, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ აქტის შედგენას არ ესწრებოდა.

კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა ასევე 2012 წლის 21 ოქტომბრის აქტს, რომელიც შედგენილია 14 პირის მიერ, რომელშიც გადმოცემულია, რომ სიმინდის დათესვიდან დღემდე სისტემატური ხასიათი ჰქონდა ნაკვეთის დაზიანებას, ამ დღეს კი ნ.მა კვლავ შემოუშვა 40 სული საქონელი. აქტს ხელს აწერენ მისი შემდგენლები, გარდა ნ.ისა, რომელსაც ხელი რატომ უნდა მოეწერა გაუგებარია. გარდა ამისა საინტერესეო საიდან იცოდნენ აქტის შემდგენმა მუშებმა რომ ნ.ის საქონელი სისტემატურად აზიანებდა სიმინდს, მაშინ როდესაც დ-მა განმარტა, რომ მას პოლიციისათვის მიმართვამდე არავისათვის განუცხადებია ამის შესახებ.

ასევე 2012 წლის 22 ოქტომბრის აქტი, რომელიც შედგენილია ზ.დ-ის, ნ.ა-ის, მ ლ-ის და ს.ლ-ის მიერ ისინი განმარტავენ, რომ სიმინდის აწონისას იგი გამოვიდა 1260 კგ. საინტერესოა მიღებული მოსავალი რატომ არ იქნა აწონილი მუშების თანდასწრებით და რატომ აწონეს იგი მხოლოდ მისმა მესაკუთრეებმა.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო დაეყრდნო მოწმეების - ჯ.მ-ის ჩვენებას, რომელიც განმარტავს, რომ მოსავალი უნდა მიეღო 12 ტონაზე მეტიცკი. საინტერესოა ვინ არის ჯ.მ-ი რა განათლების და სპეციალობის არის იგი. ნ. ჯ-ის ჩვენებას, რომელიც განმარტავს, რომ 4 დღე ამტვრევდნენ სიმინდს, 7 საათი მუშაობდნენ დღეში და 12 ტონა უნდა გამოსულიყო. საინტერესოა 14 მუშამ 4 დღის განმავლობაში 7 საათის მუშაობით მოტეხა მხოლოდ 1260 კგ. სიმინდი, მაშინ 4 დღის განმავლობაში 14 მუშის ანაზღაურება გაცილებით მეტი იქნებოდა.სასამართლო იზიარებს 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში სიმინდის საშუალო ფასი შეადგენდა 0,60 ლარს, მაშინ როდესაც გაუგებარია 0,60 ლარი ერთი კილო სიმინდი ღირდა თუ ერთი ტონა, გარდა ამისა 0,60 ლარი ტაროიანი სიმინდი ღირდა თუ გარჩეული.რაც შეეხება 2012 წლის 24 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმისა და 2012 წლის 09 ნოემბრის გაფრთხილების ოქმს, ისინი შედგენილია კანონის სრული იგნორირებით ნ. მ-ი არის ეროვნებით აზერბაიჯანელი, არ იცის ქართული წერა -კითხვა და საუბარი, იგი არ იქნე უზრუნველყოფილი თარჯიმნის მომსახურებით, არც ერთ ოქმზე მისი ხელმოწერა არ არის.

კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დაიანგარიშა მიღებული სიმინდის ოდენობა და მისი ღირებულება. სასამართლომ გაიზიარა რომ ზ.დ-ს უნდა მიეღო 12 ტონა სიმინდი, რომელიც ღირდა 0,60 ლარი 12000X0.60=7200 ლარს. მიიღო 1260X0.60=756 ლარი. მიყენებული ზიანი უნდა იყოს 7200-756=6444 ლარი და არა 6540 ლარი. აღსანიშნავია ასევე რომ ზ.დ-ის მიერ შედგენილ აქტებში მითითებულია, რომ ნ.ის საქონელმა გაანადგურა მოსავლის 70-80%. გადარჩა და მიღებული იქნა მისაღები სიმინდის მხოლოდ 20% 1260 კგ. მაშინ მიყენებულმა ზიანმა უნდა შეადგინოს 1260X4=5040 კგ. სიმინდის ღირებულებაა 5040X0.60=3020 ლარი და არა 6540 ლარი, როგორც ეს სასამართლომ მიიჩნია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 14 თებერვლის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს ნ. მ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 10 თებერვალს N2384890 საგადასახადო დავალებით გადახდილი 327 ლარის 70% – 228,9 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს ნ. მ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 10 თებერვალს N2384890 საგადასახადო დავალებით გადახდილი 327 ლარის 70% – 228,9 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე