Facebook Twitter
№ას-104-99-2013 11 თებერვალი, 2013 წელი

№ას-69-67-2014 5 მაისი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა. ნ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ხ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 1 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ა. ნ-ემ მოპასუხე ა. ხ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 11456.4 ლარის დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ა. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისაგან იმ ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც მან გასწია მოპასუხის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე ლოჯიის მიშენებისას. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე მას დაპირდა, რომ მშებელობის ხარჯებს აუნაზღაურებდა მომავალში, მშენებლობის დასრულების შემდეგ.

მოპასუხემ უარყო ის ფაქტი, რომ ის მოსარჩელეს რაიმეს გადახდას დაპირდა. გარდა ამისა, მოპასუხემ განმარტა, რომ მშენებლობის დასრულებიდან გავიდა საკმაოდ დიდი დრო და მოსარჩელეს თავისი პრეტენზიები, თუკი ასეთი გააჩნდა, დროულად უნდა განეცხადებინა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელი ხანდაზმული იყო.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს.

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა. სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. თუ ვალდებულება გულისხმობდა გარკვეული მოქმედების შესრულებას გარკვეულ დროს, სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება სწორედ ამ დროიდან, რადგანაც კრედიტორი სწორედ ამ დროს იგებს თავისი უფლების დარღვევის შესახებ. როდესაც ვალდებულების შესრულების დრო განსაზღვრული არაა, სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დენა გონივრული ვადის გასვლის შემდეგ იწყება. მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის ნებაზე – მოსთხოვოს მოვალეს ვალდებულების შესრულება, როგორც კი ეს ნება იქნება გაცხადებული და მიუვა მოვალეს, ხოლო იგი დაუყოვნებლივ არ შეასრულებს ვალდებულებას, უკვე სახეზე იქნება კრედიტორის უფლების დარღვევა და შესაბამისად დაიწყება ხანდაზმულობის ვადის დენა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სადავო მშენებლობა განხორციელდა 1999 წლიდან 2003 წლამდე პერიოდში. თავად მოსარჩელის განმარტებით, საცხოვრებელ ბინებზე ე.წ. ლოჯიები ამოშენდა 2004 წელს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოთხოვნის წარმოშობა მოხდა სამუშაოების დამთავრებისას და გონივრულ ვადად სწორედ ბოლო პერიოდში შესრულებული სამუშაო უნდა ჩათვლილიყო. მართალია, საქმის განხილვისას მშენებლობის წარმოების სხვადასხვა პერიოდი სახელდებოდა, მაგრამ თავად მოსარჩელის განმარტების

მხედველობაში მიღებით იგი დასრულდა 2004 წელს. შესაბამისად მოსარჩელის მტკიცების გაზიარებით მოთხოვნა წარმოიშვა ამ პერიოდში, 2004 წელს.

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად პირს უფლება აქვს უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს უკვე შესრულებულის უკან დაბრუნების შესაძლებლობას, თუნდაც შესრულების განხორციელების მომენტში მოთხოვნა უკვე ხანდაზმული ყოფილიყო. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ნ-ემ.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ, როდესაც ვალდებულების შესრულების დრო განსაზღვრული არაა, სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დენა გონივრული ვადის გასვლის შემდეგ იწყება.

მოცემულ შემთხვევაში, თანხის გადახდის თაობაზე მხარეებს შორის არსებობდა ზეპირი გარიგება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე თანხას მაშინ გადაიხდიდა, როდესაც მას ამის შესაძლებლობა ექნებოდა. აქედან გამომდინარე, მხარეთა შორის არსებობდა განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულება. მოსარჩელე მოპასუხეს წლების განმავლობაში თანხის გადახდას არ თხოვდა და მხოლოდ იმას ეკითხებოდა, ჰქონდა თუ არა მას გადახდის შესაძლებლობა. მოსარჩელის მხრიდან სასამართლოსათვის მიუმართაობა გამომდინარეობდა როგორც მხარეთა შეთანხმებიდან, ასევე კეთილმეზობლური ურთიერთობიდან. ამიტომ არ უნდა იქნეს გაზიარებული სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა სამუშაოს დამთავრებისას, ანუ 2004 წლიდან. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2012 წლიდან, როდესაც მოპასუხემ უარი განაცხადა თანხის გადახდაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (572 ლარი) 70% – 400.4 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ნ-ის (პირადი ნომერი – ...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ა. ნ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (572 ლარი, საგადახდო დავალება № 1, გადახდის თარიღი – 2014 წლის 8 იანვარი) 70% – 400.4 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე