საქმე№ას-778-738-2013 5 მაისი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. დ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2013 წლის 18 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება
დავის საგანი – დავალიანების გადახდის დაკისრება და იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ 2002-ის“, გ. ა-ის, კ. და ნ. დ-ის მიმართ დავალიანების გადახდის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:
2010 წლის 28 დეკემბერს სს „ს. ბ-სა“ და შპს „ბ 2002-ს“ შორის გაფორმდა №510811 საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ბ 2002-ს“ გაეხსნა საკრედიტო ხაზი 10 წლის ვადით 250 000 ლარის ერთიანი საკრედიტო ლიმიტით.
2010 წლის 28 დეკემბერს სს „ს. ბ-სა“ და კ. დ-ს შორის №510811 ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში მოქმედ ხელშეკრულებათა უზრუნველსაყოფად გაფორმდა №510811-ა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ქ.მარნეულში, ა-ის ქუჩა №19-ში მდებარე ბ-3 კ. დ-ის კუთვნილი უძრავი ქონება.
2010 წლის 28 დეკემბერს სს „ს. ბ-სა“ და ბ. დ-ს შორის №510811 ხელშეკრულების და მის ფარგლებში მოქმედ ხელშეკრულებათა უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ.მარნეულში, სოფელ ო-ი მდებარე ბონდო დ-ის უძრავი ქონება.
2010 წლის 28 დეკემბერს სს „ს. ბ-სა“ და ნ. დ-ს შორის №510811 ხელშეკრულების და მის ფარგლებში მოქმედ ხელშეკრულებათა უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №510811-გ, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ქ.თბილისში, ვ-ი-3-ის, მე-3 მიკრორაიონში, 304ა კორპუსში მდებარე ნ. დ-ის უძრავი ქონება.
2010 წლის 29 დეკემბერს სს „ს. ბ-სა“ და შპს „ბ 2002-ს“ შორის გაფორმდა №510811 ხელშეკრულების შემადგენელი №510811-8329 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ბ 2002-ზე“ გაიცა 70000 ლარი 24 თვის ვადით.
2010 წლის 29 დეკემბერს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ბ. დ-ს, ნ. დ-ს, გ. ა-სა და სს „ს. ბ-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლითაც თავდებმა პირებმა სრული პასუხისმგებლობა იკისრეს შპს „ბ 2002-ს“ მიერ ბანკის მიმართ ვალდებულებების შესრულებაზე. მსესხებელმა დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც წარმოეშვა დავალიანება და, ბანკის მხრიდან არა ერთი წერილობითი თუ ზეპირი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეებს არსებული საკრედიტო დავალიანება არ დაუფარავთ.
მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და მიუთითეს, რომ სს „ს. ბ-ან“ გაფორმდა ხელშეკრულებები, თუმცა მოსარჩელის წარმომადგენელს ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები დეტალურად არ აუხსნია. იპოთეკის ხელშეკრულების 6.9. მუხლი არის უკანონო და ეწინააღმდეგება სამართლის ნორმებს. ხელშეკრულებების გაფორმებისას სს „ს. ბ-ა“ თავის სასარგებლოდ გამოიყენა მოპასუხეთა გამოუცდელობა, რითაც ისინი ჩააყენა მძიმე მდგომარეობაში. დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრებისა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილშიც.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ბ 2002-ს“, ნ. დ-სა და გ. ა-ეს სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ ძირითადი თანხის – 36 128.81 ლარის, პროცენტის – 3 720.22 ლარისა და პირგასამტეხლოს – 814 ლარის, სულ – 40 663.03 ლარის სოლიდარულად გადახდა, დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა ქ.თბილისში, ვ-ი-3-ის დასახლების მე-3 მიკრორაიონის 304ა კორპუსში, მე-9 სართულზე მდებარე სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული 52-ე ბინა, ნ. დ-ის საკუთრებაში არსებული მარნეულის რაიონში, სოფელ ორჯონიკიძეში მდებარე უძრავი ქონება, ქ.მარნეულში, ა-ის ქუჩა №19-ში კ. დ-ის საკუთრებაში არსებული 3-ე ბინა, სს „ს. ბ-ს“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ ნაწილში, რომლითაც აღსრულება უნდა მომხდარიყო შპს „ბ 2002-ის“, ნ. დ-სა და გ. ა-ის სხვა ქონებათა რეალიზაციის გზით, თუ იპოთეკის საგანთა რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში – მოსარჩელემ, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მაისის განჩინებით შპს „ბ 2002-ის“, კ. დ-ის, ნ. დ-სა და გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კი, სს „ს. ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი, მოწინააღმდეგე მხარეების მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, დაკმაყოფილდა, რაზეც შპს „ბ 2002-მა“, კ. დ-მა, ნ. დ-მა და გ. ა-ემ შეიტანეს საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 იანვრის განჩინებით აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეებს – შპს „ბ 2002-ს“, კ. დ-ს, ნ. დ-სა და გ. ა-ეს დაევალათ, სს „ს. ბ-ის“ სააპელაციო საჩივრის ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინათ სააპელაციო პასუხი, ამასთან, განემარტათ, რომ სააპელაციო პასუხის წარმოუდგენლობის შემთხვევაში შესაძლოა, მათ წინააღმდეგ გამოსულიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სს „ს. ბ-ის“ სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები, რაც სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) წარმოსადგენად დადგენილი ვადის გაგრძელების საფუძველი გახდებოდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ნ. დ-ს შესაძლებლობა ჰქონდა, წარედგინა სააპელაციო პასუხი გზავნილის ჩაბარებიდან – 2013 წლის 23 თებერვლიდან 7 დღის ვადაში – 2013 წლის 4 მარტის ჩათვლით (2-3 მარტი დაემთხვა შაბათ-კვირას, არასამუშაო დღეებს).
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივარი გაეგზავნა თავად მხარეთა მიერ მითითებულ მისამართებზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა იმ სუბიექტებს, რომელთათვის ჩაბარებაც, საპროცესო სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, მხარისათვის ჩაბარებად მიიჩნევა.
სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის განმარტება, რომ შესაგებლის წარსადგენად განსაზღვრული 7-დღიანი ვადა არ იყო გონივრული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი შესაგებლის წარმოსადგენად ვადის მინიმალურ ზღვარს არ ითვალისწინებს და მხოლოდ უთითებს, რომ ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავის საგნისა და საქმის განმხილველი სასამართლო ინსტანციის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 7 -დღიანი ვადა შესაგებლის წარმოსადგენად იყო საკმარისი და გონივრული. აღნიშნულ ვადაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქმე იხილება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, სადაც მხარეები იცნობენ ერთმანეთის პოზიციებს, ამდენად, შესაგებლის შესავსებად და წარმოსადგენად არ არის საჭირო დიდი დრო, რომელმაც, თავის მხრივ, საქმის უსაფუძვლო გაჭიანურება შეიძლება, გამოიწვიოს.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ ნ. დ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი დასაბუთებით:
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ კასატორისათვის ცნობილი გახდა, რომ სს „ს. ბ-ის“ სააპელაციო საჩივარზე, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სასამართლომ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „ს. ბ-ის“ სარჩელი, შესაბამისად, მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკის საგანთა რეალიზაციით მიღებული თანხის არასაკმარისად მიჩნევის შემთხვევაში მოთხოვნა აღსრულდება შპს „ბ 2002-ის“, ნ. დ-სა და გ. ა-ის სხვა ქონების რეალიზაციით.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკანონოა. სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზი საპატიო იყო. სააპელაციო საჩივარი ნ.დ-ის ოჯახის წევრებმა ჩააბარეს. შპს „ბ 2002-ის“ დირექტორს კ. დ-ს, გზავნილი არ ჩაბარებია, ვინაიდან იგი იმყოფებოდა რუსეთში, ხოლო გ. ა-ემ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ მოახერხა დადგენილ ვადაში შესაგებლის მომზადება.
მოპასუხეები ელოდნენ კ. დ-ის მოსკოვიდან ჩამოსვლას, რადგან სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარმოდგენას ერთობლივად აპირებდნენ. ამასთან, შესაგებლის წარმოსადგენად განსაზღვრული ვადა არაგონივრული იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი ითვალისწინებს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლის მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
კანონის დასახელებული დანაწესის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, სასამართლომ მოპასუხეს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნისას თავისი განჩინებით უნდა განუსაზღვროს ვადა შესაგებლის წარსადგენად; მითითებული განჩინება და სარჩელის ასლი მოპასუხეს უნდა ჩაბარდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით, თუმცა, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარემ შესაგებელი ობიექტურად არასაპატიო მიზეზით არ უნდა წარადგინოს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო გამოარკვევს, ამართლებს თუ არა სარჩელში მითითებული გარემოებანი სასარჩელო მოთხოვნას. უფრო ზუსტად თუ განვმარტავთ, მოპასუხის მიერ სარჩელზე შესაგებლის წარუდგენლობა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სასამართლოს მხრიდან შეფასდება, როგორც მხარის მიერ დავისადმი იურიდიული ინტერესის დაკარგვა და სარჩელში მითითებული გარემოებანი დადგენილად მიიჩნევა ისე, რომ მოსარჩელე საკუთარი მოთხოვნის დასასაბუთებლად დასახელებული გარემოებების კანონით დადგენილი წესით მტკიცების ტვირთისაგან თავისუფლდება. სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა დაადგინოს, კანონის ძალით დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების შედეგად დასტურდება თუ არა კონკრეტული სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობის არსებობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ზემოხსენებული წესები ვრცელდება სააპელაციო განხილვაზეც, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები არეგულირებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას საქმის განხილვაზე აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. დ-ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გაეგზავნა სს „ს. ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს 2014 წლის 4 იანვრის განჩინებასთან ერთად, რომლითაც აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე გაფრთხილებულ იქნა 7 დღის ვადაში სააპელაციო პასუხის წარდგენის ვალდებულებასა და წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით.
საქმეში წარმოდგენილია შეტყობინების ბარათი, რომლითაც დასტურდება, რომ ნ. დ-ს სასამართლო გზავნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით 2014 წლის 23 თებერვალს პირადად ჩაბარდა (ტ. მე-2, ს.ფ. 33).
აღნიშნულის მიუხედავად, სს „ს. ბ-ის“ სააპელაციო საჩივარზე ნ. დ-ს არც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში და არც შემდეგ შესაგებელი არ წარუდგენია. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარსა და საკასაციო საჩივარში მხარემ შესაგებლის წარუდგენლობა მიიჩნია საპატიოდ, კერძოდ, განმარტა, რომ სასამართლო გზავნილი გადაეცა თავისი ოჯახის წევრებისაგან და შესაგებლის წარსადგენად გონივრული ვადა არ გააჩნდა.
საკასაციო სასამართლო სავსებით ეთანხმება სააპელაციო პალატის დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. დ-მა სასამართლოს მიერ დავალებული საპროცესო მოქმედების – სააპელაციო შესაგებლის შეტანის განუხორციელებლობის საპატიო გარემოების არსებობა ვერ დაასაბუთა.
საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება, რომ მას გონივრული ვადა არ მიეცა სს „ს. ბ-ის“ სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარსადგენად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი ადგენს შესაგებლის შედგენისა და სასამართლოსათვის წარდგენის მაქსიმალურ ვადებს – 14 დღეს, ხოლო რთულ საქმეებზე – 21 დღეს. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია, თავად შეაფასოს აღნიშნული ვადის ხანგრძლივობა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ სავსებით გონივრული ვადა მისცა მოპასუხეებს სადავო შესაგებლის წარსადგენად. ამასთან, მითითებული ვადის არასაკმარისად მიჩნევისას ნ.დ-ს შეეძლო, ეშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ვადის გაგრძელების თაობაზე, რაც მას არ განუხორციელებია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა დადგენილად სს „ს. ბ-ის“ სააპელაციო საჩივარში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
2010 წლის 28 დეკემბერს სს „ს. ბ-სა“ და შპს „ბ 2002-ს“ შორის დადებული №510811 საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.5 პუნქტით განისაზღვრა შემდეგი: იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა ბანკის მოთხოვნას, ბანკი უფლებამოსილი იქნებოდა, აღსრულება მიექცია მსესხებლის სხვა ქონებაზე, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით. იგივე წესი ვრცელდება სოლიდარულად ვალდებულ პირებზე, ანუ სოლიდარულ თავდებებზე – ნ. დ-სა და გ. ა-ე.
ამდენად, სასამართლომ ზემოხსენებული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მართებულად დააკმაყოფილა სს „ს. ბ-ის“ მოთხოვნა და იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მოთხოვნას, მოსარჩელეს უფლებამოსილება მიენიჭა, აღსრულება მიაქციოს მსესხებლისა და თავდები პირების სხვა ქონებაზე, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სს „ს. ბ-ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილების ყველა სამართლებრივი წინაპირობა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების, და არც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების საფუძვლის არსებობა კასატორმა ვერ დაადასტურა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2013 წლის 18 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე