Facebook Twitter

საქმე №ას-84-80-2014 5 მაისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ი-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ. ე-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2013 წლის 27 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა

დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ჯ. ე-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი-ის“ მიმართ მოპასუხისათვის 64 903,03 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ი-ს“ შეკვეთილი ჰქონდა ჩარტერული ავიარეისები ეგვიპტის მიმართულებით, რომლებიც შპს „ჯ. ე-მა“ შეასრულა მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკით, თუმცა შპს „ი-ს“ ჩარტერული რეისების ღირებულება სრულად არ აუნაზღაურებია. მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვეტილია შპს „ი-ის“ მიერ და ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება ავიაკომპანიის მიმართ შეადგენს სწორედ 64 903,03 ლარს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:

სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან მოსარჩელის მიერ არასწორად არის დათვლილი დავალიანება, სარჩელიდან არ ირკვევა მოთხოვნილი თანხის წარმოშობის საფუძველი, ასევე არ არის მითითებული კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რომელიც სასარჩელო მოთხოვნას დაადასტურებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ჯ. ე-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „ი-ს“ შპს „ჯ. ე-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 64 903,03 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2013 წლის 20 ივნისს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ი-ის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა, ხოლო აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, ასევე არ დააკმაყოფილა შპს „ი-ის“ სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის ზეპირი განხილვისას, 2013 წლის 20 ივნისს, გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ. ე-ის“ წარმომადგენელი გ. დ-ი, არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც ეცნობა სხდომის დღისა და ადგილის თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. შპს „ი-ის“ წარმომადგენელმა მ.ყ-მა 2013 წლის 20 ივნისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და იშუამდგომლა საქმის განხილვის გადადება, რადგან ვერ შეძლებდა მონაწილეობის მიღებას აღნიშნული სამოქალაქო დავის განხილვაში იმ საფუძვლით, რომ მონაწილეობას იღებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში იმავე დროს დანიშნულ სხვა პროცესზე.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ჩათვალა, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგანაც ამავე კოდექსის 215-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, მასში მითითებული საფუძველი შპს „ი-ის“ წარმომადგენლის (ადვოკატის) პროცესში მონაწილეობის - შეუძლებლობის თაობაზე, დაუსაბუთებელი იყო და არ დასტურდებოდა მტკიცებულებებით, რაც აპელანტის გამოუცხადებლად მიჩნევის წინაპირობას წარმოადგენდა.

პალატამ მიუთითა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობაზე, რომლითაც იგი, აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, მოითხოვდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას, შესაბამისად, სასამართლომ იხელმძღვანელა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა.

ამავე სასამართლოს 2013 წლის 27 ნოემბრის განჩინებით კი, შპს „ი-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 241-ე მუხლის თანახმად, მიუთითა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებზე, ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 20 ივნისს, 17:00 საათზე დანიშნული სხდომის თაობაზე, ასევე გამოუცხადებლობის შედეგებთან დაკავშირებით აპელანტი სათანადო წესით იყო გაფრთხილებული, კერძოდ, სასამართლო უწყება 2013 წლის 20 მაისს სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით ჩაბარდა შპს „ი-ის“ წარმომადგენელ მ. ყ-ს, რაზედაც შედგა სათანადო აქტი. საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულების საფუძველზე, მ. ყ-ი იცავდა შპს „ი-ის“ ინტერესებს ყველა ინსტანციის სასამართლოში და სარგებლობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით წარმომადგენლისათვის მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გზავნილის მ. ყ-ის ჩაბარება სასამართლომ შპს „ი-ის“ ჩაბარებად მიიჩნია. 2013 წლის 20 ივნისს, 17:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც ეცნობა სხდომის დღისა და ადგილის თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ამავე კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

პალატამ მიუთითა საჩივრის ავტორის განმარტებაზე, რომ სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით და არ იქნა გაზიარებული მხარის ეს არგუმენტი. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო სამართალწარმოება ეფუძნება შეჯიბრებითობის პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ მხარეები თავადვე განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, რა მტკიცებულებებით უნდა დაადასტურონ მტკიცების საგანში შემავალი მათთვის სასურველი ფაქტები.

საქმეში წარმოდგენილი იყო აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ წარმომადგენელი, სხვა სასამართლო პროცესში მონაწილეობის გამო, ვერ ცხადდებოდა მოცემული საქმის განხილვაზე, თუმცა, სასამართლოს შეფასებით, შუამდგომლობა არ იყო დასაბუთებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით დადგენილი წესით.

აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მისი სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით - სხვა პროცესზე დასწრებით, თუმცა მას არ წარუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. პალატის შეფასებით კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო გარემოებაზე მარტოოდენ მითითება, არ ათავისუფლებს მხარეს ამ გარემოების მტკიცების ტვირთისაგან. მხარე ვალდებულია, რომ განცხადებაში მითითებული გარემოება დაადასტუროს შესაბამისი მტკიცებულებით, რაც აპელანტს არ განუხორციელებია, შესაბამისად, შუამდგომლობა ვერ გახდებოდა პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძველი მისი შესაბამისი მტკიცებულებით გაუმყარებლობის გამო.

ამასთანავე, პალატამ იმ გარემოებაზეც მიუთითა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგაც საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის არ წარუდგენია საპატიო მიზეზის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები, რაც საფუძველი გახდებოდა პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისა, ამდენად, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ი-მა“, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისს წერილობით ეცნობა აპელანტის წარმომადგენლის გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე, ვინაიდან იგი საქალაქო სასამართლოში სხვა პროცესში იღებდა მონაწილეობას, რომელიც იმავე დროს იყო დანიშნული. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ეს გარემოება და მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო 2013 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ძალაში დატოვა იგი. სასამართლომ მსჯელობა დაამყარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე და მიიჩნია, რომ არ არსებობდა სხდომის გადადების თაობაზე წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. პალატის მსჯელობა და 215-ე მუხლზე მითითება კი, არსებულ ვითარებას არ შეესაბამება, რადგანაც აპელანტის წარმომდგენელს არც ახლო ნათესავის გარდაცვალების და არც ავადმყოფობის ფაქტზე არ მიუთითებია, მან გარკვევით აღნიშნა, რომ სხვა სასამართლო სხდომაზე ყოფნის გამო ვერ მიიღებდა მონაწილეობას საქმის განხილვაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგანაც მისთვის წინასწარ იყო ცნობილი ობიექტური გარემოების - მხარის საპატიო მიზეზით გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატას გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და არა 215-ე მუხლით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 აპრილის განჩინებით შპს „ი-ის“ საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე, თანახმად ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა შპს „ი-ის“ საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „ი-ის“ ინტერესებს, საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის საფუძველზე, იცავდა ადვოკატი მ.ყ-ი.

სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტის თანახმად, აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, 2013 წლის 20 მაისს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა სასამართლო სხდომის დრო და ადგილი, ასევე განემარტა გამოუცხადებლობის შედეგები.

2013 წლის 20 ივნისს, მ.ყ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადება იმ მიზეზით, რომ 2013 წლის 20 ივნისს, იმავე საათზე, მას ასევე მონაწილეობა უნდა მიეღო პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარე სხვა საქმის განხილვაში.

შპს „ი-ის“ წარმომადგენელს არც მოგვიანებით და არც საჩივრის განხილვის ეტაპზე, სასამართლოსთვის არ წარუდგენია შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 20 ივნისს გამართულ სხდომაზე არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე და მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო შემდგომ, განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სააპელაციო სასამართლოში საქმისწარმოების წესები არეგულირებენ მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგებს (მუხლი 387, პირველი და მე-2 ნაწილები). ამასთან, 387-ე მუხლის მე-3 ნაწილი შეიცავს დათქმას, რომლის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

ამდენად, იმისათვის, რათა სააპელაციო სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით, როგორც სპეციალური ნორმით, ხოლო ის საკითხები, რაც ამ ნორმით არ არის მოწესრიგებული, უნდა მოწესრიგდეს ზოგადი ნორმებით და პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ მარეგულირებელი ნორმებით.

საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სახეზე იყო 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) აპელანტის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სხდომის გადადების თაობაზე აპელანტის წარმომადგენლის განცხადება არ აკმაყოფილებდა საპროცესო კოდექსის 215-ე და 216-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე სახეზე არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.

კასატორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ისეთ ვითარებას (სხვა სასამართლოში მიმდინარე საქმეზე მონაწილეობის მიღება), რომელმაც ხელი შეუშალა წარმომადგენელს დასწრებოდა 2013 წლის 20 ივნისს სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომას. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლი და მის ნაცვლად უნდა გამოეყენებინა ამავე კოდექსის 233-ე მუხლი.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლზე, რომლითაც დარეგულირებულია სასამართლო სხდომის გადადების საკითხი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. რაც შეეხება მხარის შუამდგომლობის განხილვის მარეგულირებელ საფუძვლებს, აღნიშნული მოცემულია ამავე კოდექსის 215-ე მუხლში და ნორმის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს შუამდგომლობის დასაბუთებულობის აუცილებლობას, ხოლო მე-3 ნაწილით კანონმდებელი განსაზღვრავს სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის საპატიო მიზეზის შემთხვევებს, რომელთაც განეკუთვნება: ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. რიგ შემთხვევაში (მაგ. ავადმყოფობა), კანონი პირდაპირ ადგენს დასაშვებ მტკიცებულებათა ჩამონათვალს.

საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და მიიჩნევს, რომ სხდომის გადადების შესახებ აპელანტის შუამდგომლობა მართებულად იქნა შეფასებული საპროცესო კოდექსის 215-ე და 216-ე მუხლებთან შესაბამისობაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს აკისრებს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა, თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრულია მხარის უფლება, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს. ამ საფუძვლებიდან გამომდინარე, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების დასაბუთებას იმის შესახებ, რომ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, თავის მხრივ, მხარეს საკასაციო საჩივარში არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ი-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2013 წლის 27 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე