Facebook Twitter

საქმე №ას-1082-1033-2013 14 მაისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ქ. კ-ი“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - გ. პ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ქ .კ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. პ-ისა და ი. გ-ის, ასევე მესამე პირის - შპს „ც. ჯ-ის“ მიმართ შპს „ც. ჯ-ს“, გ. პ-სა და ი. გ-ს შორის 2011 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოპასუხე გ. პ-ს შესაგებელი არ წარუდგენია, ი. გ-მა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ასევე მოითხოვა მესამე პირმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ქ. კ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 18 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ი. გ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა მის მიერ უკვე გადახდილი 150 ლარის გამოკლებით 2769 აშშ დოლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

2013 წლის 27 სექტემბერს წარდგენილი განცხადებით ი. გ-მა ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო.

სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლზე დაყრდნობით არ გაიზიარა მხარის შუამდგომლობა და განმარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის აუცილებელია, მხარემ სასამართლოს წარუდგინოს უტყუარ მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობასა და მხარის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას, აპელანტს კი, განცხადებაში მითითებული არგუმენტი გამყარებული არ ჰქონდა სათანადო მტკიცებულებით, არ წარმოუდგენია გადახდისუუნარობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტს არ გამოუსწორებია სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, კერძოდ, არ წარუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი. გ-მა, მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატის განჩინება არასწორია, რადგანაც სააპელაციო საჩივარს, რომლითაც მხარე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების სრულად გაუქმებას ითხოვდა, ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის ქვითარი. სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოსაგან განსხვავებით, დავა არაქონებრივად არ მიიჩნია და აპელანტს დაავალა 7 დღის ვადაში 69240 ლარის 4%-ის - 2769 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა მის მიერ გადახდილი 150 ლარის გათვალისწინებით. აპელანტმა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება 2013 წლის 24 სექტემბერს ჩაიბარა, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ვადა ამავე წლის 1 ოქტომბერს იწურებოდა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტისათვის ამ ვადაში აღნიშნული თანხის გადახდა შეუძლებელი იყო, საპროცესო ვადის ამოწურვამდე მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით. მხარეს არ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო მას სახელმწიფო ბაჟის გადახდას დაავალებდა. იმის ნაცვლად, რომ სასამართლოს ემსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, ხოლო შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ხარვეზის შესავსებად მისთვის დამატებითი ვადა მიეცა, მან მხოლოდ ხარვეზის გამოსწორების ვადის გასვლის შემდეგ, 2013 წლის 4 ოქტომბერს მიიღო განჩინება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ამავე განჩინებით განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი. თუკი სასამართლო ხარვეზის შესავსებად დანიშნულ ვადაში იმსჯელებდა აპელანტის შუამდგომლობაზე და მას არ დააკმაყოფილებდა, აპელანტს დარჩებოდა დრო თანხის მოსაძიებლად და ხარვეზის აღმოსაფხვრელად. შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პირობებში, მხარეს ხარვეზის შევსების შესაძლებლობა მოესპო. სასამართლოს ამგვარი ქმედებით საერთოდ აზრი ეკარგება მხარის საპროცესო უფლებას, მოითხოვოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა ზემოთ მითითებულ შუამდგომლობაზე, მის დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში კი, ხარვეზის შევსების მიზნით აპელანტისათვის მიეცა დამატებითი ვადა, რომლის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში უფლებამოსილი იქნებოდა განუხილველად დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის დისპოზიციაზე, რომლითაც სასამართლოს უფლება აქვს მხარეს გადაუვადოს სახელწიფო ბაჟის გადახდა, ასევე 64-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ სასამართლოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სწორედ ამ ნორმების საფუძველზე უნდა გაეგრძელებინა საპროცესო ვადა თავის ინიციატივით და მიეცა მხარისათვის საშუალება, შეესრულებინა დაკისრებული საპროცესო მოქმედება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ი. გ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს ი.გელოვნიშვილის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. ამ კუთხით კი, საქმის მასალებით დასტურდება შემდეგი:

საქმეში წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, რომლითაც მოთხოვნილია ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, ერთვის სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს 7-დღიანი საპროცესო ვადის დაცვით დაევალა ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა;

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს ჩაბარდა პირადად 2013 წლის 23 სექტემბერს;

2013 წლის 27 სექტემბერს აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ სრულად ეთანხმებოდა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების მსჯელობას დადგენილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის თაობაზე და 150 ლარის გადახდა განპირობებული იყო მხოლოდ იმ ფაქტით, რომ საქალაქო სასამართლომ დავა არაქონებრივად მიიჩნია, ამ განცხადებაში მხარემ მიუთითა მძიმე ქონებრივ მდგომაროებაზე და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, შუამდგომლობას (განცხადებას) ერთვის მხოლოდ ე. და მ. პ-ების დაბადების მოწმობის ასლები;

ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარდგენილი განცხადება რაიმე მითითებას საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ შეიცავს;

სააპელაციო პალატამ 2013 წლის 4 ოქტომბერს განიხილა აპელანტის შუამდგომლობა და იგი დაუსაბუთებლად მიიჩნია, ხოლო ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული იმ წინაპირობების არსებობა, რომლებიც აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი იქნებოდა.

ზემოხსენებული ნორმის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. კანონის მითითებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსსკ 47-ე მუხლი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსსკ 48-ე მუხლი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ მხარის გადახდისუუნარობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ. განსახილველ შემთხვევაში, მხარე მძიმე ქონებრივ მდგომარეობას ადასტურებდა შვილების დაბადების მოწმობის წარდგენით, რაც, ბუნებრივია, დაუსაბუთებელს ხდის კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ აპელანტს არ ჰქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო მას სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებას დააკისრებდა.

პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დავის არაქონებრივად, ხოლო, სააპელაციო სასამართლოში - ქონებრივად მიჩნევამ დაარღვია მხარის უფლებები. როგორც უკვე აღინიშნა, აპელანტი 2013 წლის 27 სექტემბრის განცხადებით სრულად დაეთანხმა სასამართლოს მსჯელობას დავის ქონებრივად მიჩნევის თაობაზე და იგი სადავოდ არ გაუხდია. აღნიშნული გარემოება, კერძო საჩივრის განხილვის ეტაპზე, სააპელაციო პალატის მიერ ხარვეზის ამ კუთხით დადგენის მართლზომიერების შეფასების შესაძლებლობას გამორიცხავს.

უსაფუძვლოა ასევე კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სასამართლომ არასწორად არ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლით და, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს აღარ მიეცა შესაძლებლობა, გამოესწორებინა დადგენილი ხარვეზი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. მითითებული ნორმის განმარტებიდან აშკარაა, რომ კანონმდებელმა საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაადგინა საპროცესო კოდექსის ზოგადი დებულებებისაგან (64-ე მუხლი) განსხვავებული წესი, რაც გამორიცხავს სასამართლოს აქტიურ როლს საპროცესო ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით (იხ. სუსგ №ას-1494-1410-2012, 24 დეკემბერი, 2012 წელი).

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დადგენილი საპროცესო მოქმედება (სახელმწიფო ბაჟის გადახდა) არ იყო შესრულებული, ხოლო აპელანტს საპროცესო ვადის გაგრძელება არ უთხოვია, სასამართლოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, საკუთარი ინიციატივით გაგეგრძელებინა მხარისათვის საპროცესო ვადა, შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე