Facebook Twitter

საქმე №ას-1646-1543-2012 22 მაისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი: 1. მ. მ-ი, ი. მ-ე, გ. მ-ი (მოსარჩელეები); 2. მ. მ-ი, მ. ჩ-ი, ი. მ-ი, მ. რ-ი, ა. ვ-ი, ი. მ-ე, გ. მ-ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ა. ჩ-ის“ წევრები: ო. კ-ი, მ. ხ-ი, ე. ს-ი, თ. ს-ი, ი. ს-ი, თ. ს-ი, თ-ზ ს-ი, რ. თ-ე, თ. ლ-ა, ს. კ-ი, ა. კ-ი, ნ. ბ-ი, მ. დ-ე, ვ. ნ-ი, ა. ა-ი, ე. ი-ი, ე. პ-ე, ნ. გ-ი, ნ. ბ-ე, თ. დ-ი, ე. მ-ე, მ. ი-ი, ბ. ყ-ი, თ. ყ.-დ-ე, გ. ა-ი, ი. მ-ი, ი. კ-ე, გ. გ-ი, ნ. გ-ე, ი. გ-ი, გ. მ-ი, ს. ი-ი, ნ. დ-ი, მ. ლ-ი, მ. ქ-ე, რ. კ-ი, ნ. ა-ი, ი. მ-ე (მოპასუხეები)

თავდაპირველი მოსარჩელეები - თ. დ-ი, გ. ც-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-მა, მ. ჩ-მა, ი. მ-მა, მ. რ-მა, ა. ვ-მა, ი. მ-მ, გ მ-მა, თ დ-მა და გ ც-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ა ჩ-ის“ წევრების: ო. კ-ის, მ. ხ-ის, ე. ს-ის, თ. ს-ის, ი. ს-ის, თ. ს-ის, თ-ზ ს-ის, რ. თ-ის, თ. ლ-ას, ს. კ-ის, ა. კ-ის, ნ. ბ-ის, მ. დ-ის, ვ. ნ-ის, ა. ა-ის, ე. ი-ის, ე. პ-ის, ნ. გ-ის, ნ. ბ-ის, თ. დ-ის, ე. მ-ის, მ. ი-ის, ბ. ყ-ის, თ. ყ.-დ-ძის, გ. ა-ის, ი. მ-ის, ი. კ-ის, გ. გ-ის, ნ. გ-ის, ი. გ-ის, გ. მ-ის, ს. ი-ის, ნ. დ-ის, მ. ლ-ის, მ. ქ-ის, რ. კ-ის, ნ. ა-ისა და ი. მ-ის მიმართ და მოითხოვეს 2007 წლის 27 ნოემბრის ნოტარიულად დამოწმებული ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ა. ჩ-ის“ სადამფუძნებლო ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოსარჩელეების: თ. დ-ის, მ. რ-ის, ი. მ-ის, მ. ჩ-ის, ა. ვ-ის, გ. ც-ის, გ. მ-ის, ი. მ-ის, მ. მ-ის ნაწილში.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. დ-მა, მ. რ-მა, ი. მ-მა, მ. ჩ-მა, ა. ვ-მა, გ. მ-მა, ი. მ-მ და მ. მ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ოქტომბრის საოქმო განჩინებით აპელანტ თ. დ-ის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, მ. რ-ის, ი. მ-ის, მ. ჩ-ის, ა. ვ-ის, გ. მ-ის, ი. მ-ისა და მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტების წარმომადგენელ თ კ-ს საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტის თანახმად, სასამართლო სხდომის თარიღისა და დროის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა 2012 წლის 5 სექტემბერს, აპელანტების წარმომადგენელს სააპელაციო სასამართლოსთვის არ მიუმართავს სხდომის გადადების შესახებ და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი უცნობებია, შესაბამისად, პალატამ მოწინააღმდეგე მხარეების წარმომადგენელ ა. გ-ას შუამდგომლობა მ. რ-ის, ი. მ-ის, მ. ჩ-ის, ა. ვ-ის, გ. მ-ის, ი. მ-ისა და მ. მ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საფუძვლიანად მიიჩნია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 216-ე მუხლების, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 387-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 229-ე მუხლის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მ. მ-ის, ი. მ-ისა და გ. მ-ის სახელით კერძო საჩივარი შეიტანა თ. კ-მ, მოითხოვა განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლოში 2012 წლის 9 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე თ.კ-ე იცავდა მ. მ-ის, ი. მ-ის, გ. მ-ისა და თ. დ-ის ინტერესებს. ამავე დღეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე თ.კ-ე იცავდა ბოლნისის N23 საოლქო საარჩევნო კომისიის ინტერსებს. ვინაიდან, საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე დავები განიხილება შემჭიდროებულ ვადებში - 2 დღეში და საარჩევნო დავის თაობაზე სასამართლო სხდომის დანიშვნა თ.კ-ს ეცნობა 8 ოქტომბრის საღამოს, მან ვეღარ შეძლო ვერც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადება და ვერც სასამართლოს გაფრთხილება საპატიო მიზეზის თაობაზე.

კერძო საჩივარს ავტორმა დაურთო ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოხელის მიერ გაცემული ცნობები, რომელთა თანახმადაც თ. კ-ე ამავე სასამართლოში 2012 წლის 9 ოქტომბერს მიმდინარე სხდომებზე (12:26 სთ-დან 16:16 სთ-მდე; 16:45 სთ-დან 17:53 სთ-მდე) იცავდა N23 ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიის ინტერესებს, ასევე წარმოდგენილია საოლქო საარჩევნო კომისიის 2012 წლის 1 სექტემბრის N14/2012 განკარგულება N23 ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტად თ. კ-ის დანიშვნის თაობაზე.

მ. მ-ის, მ. ჩ-ის, ი. მ-ის, მ. რ-ის, ა. ვ-ის, ი. მ-ისა და გ. მ-ის სახელით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ასევე წარადგინა კერძო საჩივარი აპელანტთა წარმომადგენელმა ლ. ტ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

ლ. ტ-ის განმარტებით, მან, როგორც აპელანტების წარმომადგენელმა, ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ავადმყოფობის (ჰიპერტონული კრიზი) გამო, რაც დასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციით. სააპელაციო სასამართლომ კი, დაადგინა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. გარდა ამ გარემოებისა, ვინაიდან 2012 წლის აგვისტოში გარდაიცვალა მოპასუხე ნ. გ-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს უნდა შეეჩერებინა საქმის განხილვა და არ განეხილა სააპელაციო საჩივარი.

კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა საავადმყოფო ფურცელი, სამედიცინო სამსახურ „ი. C-E-ის“ პირადი ექიმის მიერ გაცემული ცნობა და შპს სამედიცინო ცენტრ „ი-ას“ მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. მ-ის, ი. მ-ისა და გ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მ. ჩ-ის, ი. მ-ის, მ. რ-ისა და ა. ვ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში წარმოდგენილი კერძო საჩივრების ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე აპელანტთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო სასამართლოს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენებისა და ამ ნორმათა საფუძვლეზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმება. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

წინამდებარე დავა გამომდინარეობს ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებიდან და მისი წევრები მოითხოვენ სადამფუძნებლო ხელშეკრულების ბათილად ცნობას, ამდენად, სახეზე არ არის მხარეთა სავალდებულო თანამონაწილეობა;

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. დ-მა, მ. რ-მა, ი. მ-მა, მ. ჩ-მა, ა. ვ-მა, გ. მ-მა, ი. მ-მ და მ. მ-მა;

საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობების თანახმად (იხ. ტ. I, ს.ფ.98-101, ტ. II, ს.ფ.65-66; 69; 71-73; 76-78), ი. მ-ის, გ. მ-ის, მ. მ-ის, ი. მ-ის, თ. დ-ის, მ. ჩ-ის, მ. რ-ისა და ა. ვ-ის ინტერესებს იცავს ლ. ტ-ი;

გ. მ-ის, მ. მ-ის, ი. მ-ისა და თ. დ-ის სახელით ასევე გაცემულია სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობები, რომელთა თანახმადაც ამ უკანასკნელ პირებს სასამართლოში წარმოადგენს თ. კ-ე (იხ. ტ. II, ს.ფ. 64; 67-68; 70);

საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო აქტით, ასევე სასამართლო უწყებითა და მათი ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო შეტყობინებებით დადასტურებულია და კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით აპელანტები ინფორმირებული იყვნენ 2012 წლის 9 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე;

უდავოა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ თ. დ-ი, ხოლო, სხვა აპელანტები, ასევე მათი წარმომადგენლები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან და არც რაიმე ინფორმაცია წარუდგენიათ გამოუცხადებლობის თაობაზე;

სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა გამოცხადებული აპელანტის შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე და გამოუცხადებელ აპელანტთა სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების თაობაზე მ. მ-ის, ი. მ-ისა და გ. მ-ის სახელით კერძო საჩივარი წარმოადგინა მათმა წარმომადგენელმა თ. კ-მ, რომელიც ემყარება წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოცხადების შეუძლებლობას, კერძოდ, თ. კ-ე იმავე დღეს, რა დღესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნული იყო წინამდებარე საქმის განხილვა, საარჩევნო კომისიის ინტერესებს იცავდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში. მითითებული გარემოება დადასტურებულია, როგორც სასამართლო მოხელეების მიერ შედგენილი ცნობით, ისე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, თ. კ-ის იურისტად დანიშვნის თაობაზე. იმ გარემეობის დადასტურებას, რომ წარმომადგენლის სხვა სასამართლო სხდომაში მონაწილეობის თაობაზე დროულად ვერ აცნობებდა სააპელაციო სასამართლოს, კერძო საჩივრის ავტორი ცდილობს წარმომადგენლის განმარტებაზე მითითებით, რომლის თანახმად, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სხდომის თაობაზე წარმომადგენელს აცნობა 2012 წლის 8 ოქტომბრის საღამოს.

მეორე მხრივ, საქმეში წარმოდგენილია აპელანტების წარმომადგენელ ლ. ტ-ის კერძო საჩივარი, რომელიც მ. ჩ-ის, ი. მ-ის, მ. რ-ისა და ა. ვ-ის ინტერესებთან ერთად იცავს მ. მ-ის, ი. მ-ისა, გ. მ-ის ინტერესებს და ამ უკანასკნელის მიერ განჩინების გაუქმების მიზეზად მითითებულია მისი ავადმყოფობა, რამაც განაპირობა სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობა. კერძო საჩივარში მითითებული ეს გარემოება დამყარებულია სამედიცინო დოკუმენტაციაზე: 2012 წლის 9 ოქტომბერს 12:45 საათზე გახსნილი საავადმყოფო ფურცლის თანახმად, ლ ტ-ს დაესვა ჰიპერტონული კრიზის დიაგნოზი და მიეცა მითითება, შედგომოდა სამუშაოს 15 ოქტომბრიდან. ანალოგიური შინაარსისაა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული 2012 წლის 15 ოქტომბერს გაცემული ფორმა N100/ა, ხოლო სამედიცინო სამსახურ „ი. C-E-ის“ 2012 წლის 9 ოქტომბრის ცნობით, 2012 წლის 9 ოქტომბერს ლ.ტ-ი იტარებდა ამბულატორიულ მკურნალობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. მ-ის, ი. მ-ისა და გ. მ-ის სახელით სხვადასხვა წარმომადგენლის მიერ სხვადასხვა დროს შემოტანილი კერძო საჩივრები ფაქტობრივად მითითებულ მხარეთა ერთ საჩივარს წარმოადგენს და მასში მითითებული პრეტენზიები ერთად უნდა იქნეს განხილული.

თავის მხრივ, წარმომადგენელთა სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შეფასებამდე, საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:

სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება) უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძველი გახდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია რა მხარეთა შეჯიბრებითობაზე, კოდექსის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა, თავის მხრივ, მე-4 მუხლით განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებენ, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ იქნება დადგენილად მიჩნეული. ამდენად, მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე საჩივარში მითითებული ფაქტების მტკიცება ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

დასახელებული ნორმა წარმოადგენს მხარის მიერ შუამდგომლობის წარდგენისა თუ მისი წარდგენის შეუძლებლობის საკანონმდებლო რეგლამენტაციას და, ერთი მხრივ, მიუთითებს განსაკუთრებული ობიექტური გარემოების არსებობის აუცილებლობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს ამ გარემოების თაობაზე მხარის ობიექტურ შეუძლებლობას, წინასწარ აცნობოს სასამართლოს. ნორმის ამ ელემენტთაგან ერთ-ერთის არარსებობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის მომტანია.

როგორც უკვე აღინიშნა, მ. მ-ის, ი. მ-ისა და გ. მ-ის ინტერესებს სასამართლოში იცავდა ორი წარმომადგენელი. თ. კ-მ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობა დაადასტურა ობიექტური გარემოების არსებობით - სხვა სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე მონაწილეობით, თუმცა ის ფაქტი, რომ მან დროულად ვერ აცნობა სააპელაციო სასამართლოს, რაიმე მტკიცებულებით არ დაუდასტურებია, შესაბამისად, მხოლოდ მისი განმარტება ამ გარემოების თაობაზე არ არის საკმარისი და ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ.

იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ თ. კ-მ, როგორც მ. მ-ის, ი. მ-ისა და გ. მ-ის წარმომადგენელმა, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა ვერ დაადასტურა, პალატა მიიჩნევს, რომ ამავე მხარეების მიმართ არ არსებობს ლ. ტ-ის სახელით წარდგენილ კერძო საჩივარში მითითებული გარემოებების შემოწმების საფუძველი, ვინაიდან ერთი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა არ ამართლებს მეორე წარმომადგენლის არასაპიტიო მიზეზით გამოუცხადებლობას და, შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობასაც. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მ. მ-ის, ი. მ-ისა და გ. მ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მ. ჩ-ის, ი. მ-ის, მ. რ-ისა და ა. ვ-ის პრეტენზიას, საკასაციო პალატა მას საფუძვლიანად თვლის და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის განჩინება შემდეგი საფუძვლებით:

როგორც უკვე აღინიშნა, საქმის სააპელაციო წესით განხილვის ეტაპზე ლ. ტ-ი ზემოაღნიშნული პირების წარმომადგენელი იყო;

კერძო საჩივარზე დართული სამედიცინო დოკუმენტაციით, რომელიც 2012 წლის 9 ოქტომბრის მდგომაროებით (12:45 საათზე) ასახავს ლ. ტ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ის, ი. მ-ისა და გ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ოქტომბრის განჩინება მ. მ-ის, ი. მ-ისა და გ. მ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში დარჩეს უცვლელად;

3. მ. ჩ-ის, ი. მ-ის, მ. რ-ისა და ა. ვ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

4. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ოქტომბრის განჩინება მ. ჩ-ის, ი. მ-ის, მ. რ-ისა და ა. ვ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე