საქმე №ას-232-217-2014 2 მაისი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. გ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ც. ც-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ც. ც-ის მიმართ 2012 წლის 21 დეკემბერს მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სადავო ქონების მესაკუთრედ ნ. გ-ის ცნობისა და ნასყიდობის ხელშეკრულებით დაფარული გარიგების იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებად აღიარების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 იანვრის განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 12 ნოემბრის სასამართლო სხდომას, როდესაც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა კ. ჯ-ა, რომელიც ნ. გ-ის ინტერესებს იცავდა 2013 წლის 24 სექტემბერს სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულების საფუძველზე. წარმომადგენელს სხვა საპროცესო უფლებებთან ერთად გააჩნია სასამართლო აქტის გასაჩივრების უფლებაც. საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი კ. ჯ-ამ ჩაიბარა 2013 წლის 17 დეკემბერს. სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2013 წლის 30 დეკემბერს.
პალატამ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, რომელიც ესწრება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 30 დღისა და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლებზე, რომლებითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დაწყებისა და დასრულების წესი და აღნიშნა, რომ ნ. გ-ე (ან კ. ჯ-ა) ვალდებული იყო, გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცხადებულიყო და მიეღო გადაწყვეტილება არა უგვიანეს 2013 წლის 12 დეკემბრისა, რადგან ეს არ მომხდარა, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო სწორედ 2013 წლის 12 დეკემბრიდან. აპელანტს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების ჩაბარება კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოს ბრალეულობით არ მოხდა, რის გამოც ნ. გ-ის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2013 წლის 25 დეკემბრის 24:00 საათზე, ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ 2013 წლის 30 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ.გ-ემ და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კერძო საჩივრის ავტორი წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ონკოლოგიური დაავადების გამო, საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვასა და გადაწყვეტილების გამოცხადებას ის თავად არ ესწრებოდა. ნ.გ-ის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლით, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უჭირს გადაადგილება, ის კარგავს სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების უფლებას, რომელიც დაემყარება მხარეთა თანსაწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს.
წინამდებარე კერძო საჩივარს ნ.გ-ემ დაურთო ასევე ცნობა, რომლის თანახმადაც იგი მიეკუთვნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კატეგორიას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 მარტის განჩინებით „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ნ.გ-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო წინამდებარე კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 ნოემბრის სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა ნ.გ-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი კ.ჯ-ა;
წარმომადგენლის უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობით;
საქალაქო სასამართლოს, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით, მოსარჩელის უფლებამოსილმა წარმომადგენლმა მიმართა 2013 წლის 17 დეკემბერს და ამავე დღეს ჩაბარდა მას გადაწყვეტილება;
გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე შედგენილი ხელწერილი არ შეიცავს რაიმე მითითებას მოსარჩელის წარმომადგენლის 2013 წლის 17 დეკემბრამდე მიმართვისა და სასამართლოს ბრალით გადაწყვეტილების ჩაბარების შეუძლებლობის თაობაზე, ამასთან, ამგვარი შინაარსის არც სხვა დოკუმენტი მოიპოვება საქმეში;
საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თანახმად, ნ.გ-ის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბერს მიმართა;
სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიიჩნია აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის დარღვევა, რასაც არ ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორი და მიჩნევს, რომ მის მიმართ დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის უფლება.
უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლით კი დადგენილია ქცევის შემდეგი წესი: თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებლობა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენას უკავშირებს გარკვეულ წინაპირობებს, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირისათვის ცნობილია სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დღე, მხარე ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა და ხელზე ჩაიბაროს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროცესო ვადის დენა დაიწყება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოცემულ შემთხვევაში, ნ.გ-ე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არის ავად და დადგენილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, ამ გარემოების დადასტურების მიზნით კი, წარმოადგინა სამედიცინო დაწესებულების ცნობა, თავის მხრივ, შესაძლებლობის შეზღუდვის ფაქტზე მითითებული იყო ასევე სააპელაციო საჩივარში, სწორედ ამ საფუძვლიდან გამომდინარე ვერ გამოცხადდა იგი საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დღეს, რაც, მისი შეფასებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა არ უნდა გახდეს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მხარის ამ არგუმენტს და ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივარზე დართულ ცნობაზე, რომლის თანახმადაც მხარეს შესაძლებლობის შეზღუდვა დადგენილი აქვს მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხით და ირკვევა, რომ პირველადი შემოწმების თარიღი (ანუ სტატუსი განისაზღვრა) 2014 წლის 23 იანვარს, მას შემდეგ, რაც სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა გავიდა, ამდენად, როგორც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების, ისე სააპელაციო საჩივრის წარდგენის ეტაპზე პირი კანონით დადგენილი წესით არ წარმოადგენდა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის სუბიექტს, რაც ამ კანონის, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილისა და 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გაგზავნის აუცილებლობას წარმოუშობდა, შესაბამისად, უდავოდ დასტურდება, რომ ნ. გ-ე წარმოადგენს 2591 მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტს, რომლის მიმართაც დადგენილი სასამართლოში არა უგვიანეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღეს გამოცხადების ვალდებულება.
ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან დადგენილ ვადაში არც უშუალოდ მოსარჩელე და არც მისი უფლებამოსილი წარმომადგენლი არ გამოცხადდნენ საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 2013 წლის 12 დეკემბერს, რომელიც ამავდროულად საჩივრის წარდგენის პირველ დღეს წარმოადგენს და ამოიწურა 23 დეკემბერს, მხარემ კი, სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2013 წლის 30 დეკემბერს, რის გამოც არ არსებობდა მისი განსახილველად დაშვების წინაპირობა.
ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეს ჰყავდა წარმომადგენელი, რომლის მეშვეობითაც აწარმოებდა წინამდებარე დავას, თუმცა მისი არარსებობის პირობებშიც კი, თუნდაც ჯანმრთელობის მდგომაროება, ვერ გახდება საფუძველი იმისა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გაშვება საპატიოდ იქნას მიჩნეული თანხმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-4 ნაწილისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა და სწორად განმარტა კანონი, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე