Facebook Twitter

№ას-235-220-2014 1 მაისი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ. ო-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ააიპ „თბილისის ზოოლოგიური პარკი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ააიპ „თბილისის ზოოლოგიურმა პარკმა“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნ. ო-ის მიმართ საიჯარო თანხის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ააიპ „თბილისის ზოოლოგიური პარკის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ნ. ო-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5557,5 ლარის გადახდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 იანვრის განჩინებით ნ. ო-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.11.2013წ. გადაწყვეტილებაზე განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 26.11.2013 წელს. სხდომას ესწრებოდა ნ. ო-ი და მისი წარმომადგენელი (ს.ფ. 79); ამდენად, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე არის 26 დეკემბერი. მხარეს შეეძლო 26 დეკემბრამდე სასამართლოში გამოცხადება და გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ნ. ო-ს არ ჩაუბარებია გადაწყვეტილება. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 27 დეკემბერს (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს და ამოიწურა 09.01.2014 წელს. სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 10.01.2014 წელს. (ს.ფ. 112), ამასთან, სააპელაციო საჩივარს არ ერთვის მისი ფოსტით გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება.

აღნიშნული განჩინება ნ. ო-მა საჩივრით (თავისი არსით კერძო საჩივრით) გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო საჩივარი მომზადდა 2014 წლის 9 იანვრისათვის, მაგრამ სასამართლოსათვის მისი ჩაბარება ვერ მოახერხა ოჯახური მდგომარეობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მ. კ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივარი ერთადერთ გარემოებას ემყარება: ნ. ო-ი განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარი მომზადდა 2014 წლის 9 იანვრისათვის, მაგრამ სასამართლოსათვის მისი ჩაბარება ვერ მოახერხა ოჯახური მდგომარეობის გამო. კერძო საჩივრის ავტორი ამ მიზეზით ითხოვს, რომ ვადის გადაცილება საპატიოდ ჩაითვალოს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და კრძალავს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენას ან გაგრძელებას, მიუხედავად იმისა, ვადის დარღვევა საპატიო მიზეზითაა გამოწვეული თუ არა.

ვინაიდან ნ. ო-ი კერძო საჩივარში სხვა გარემოებებზე არ მიუთითებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი საჩივარი უსაფუძვლოა და რა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ო-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 იანვრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე