საქმე №ას-252-236-2014 2 მაისი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ა-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ც-ე, დ., ნ. და ს. ჩ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ც-ემ, დ., ნ. და ს. ჩ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. ა-ას მიმართ და მოითხოვეს მოპასუხის კუთვნილ ნაკვეთზე სავალდებულო გზის აღდგენა, ასევე მ.ა-ას დავალდებულება, არ აღმართოს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ისეთი ნაგებობის, რაც მოსარჩელეებს სავალდებულო გზით სარგებლობაში შეუშლით ხელს.
მოპასუხის განმარტებით, 2012 წლამდე სადავო გზა აუცილებელ გზას წარმოადგენდა, მოგვიანებით მან პრივატიზაციის გზით შეიძინა მიწის ნაკვეთი და ამჯერად თანახმაა, მოსარჩელეებმა ისარგებლონ საცალფეხო ბილიკით, რადგანაც სადავო მიწაზე მ.ა-ის სურს შენობის აშენება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე მ. ა-ას დაეკისრა ითმინოს მოსარჩელეების: მ. ც-ის, დ., ნ. და ს. ჩ-ის მიერ მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) სამხრეთით ო. ჩ-ას საკუთრებაში არსებული მიწის (26.26.47.149) გასწვრივ 129.2 კვ.მ აუცილებელი მისასვლელი გზით სარგებლობა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 თებერვლის განჩინებით მ. ა-ას სააპელაციო საჩივარი, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 13 თებერვალს, 14.00 საათისათვის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად დანიშნული იყო მ. ა-ას სააპელაციო საჩივარი. აღნიშნული სხდომის დღის შესახებ მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით და განემარტათ გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოში შევიდა აპელანტ მ. ა-ას განცხადება, ავადმყოფობის გამო, სხდომის გადადების შესახებ. აპელანტმა შუამდგომლობას დაურთო ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც მ. ა-ას 2014 წლის 7 თებერვალს ამბულატორიაში მიმართვითა და ექიმის შემოწმების შედეგად დაუდგინდა დიაგნოზი „სინუსიტი“ და მიეცა ათი დღით ამბულატორიული მეთვალყურეობის რეკომენდაცია.
სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენელი კ. ჩ-ი არ დაეთანხმა აპელანტის შუამდგომლობას სხდომის გადადების შესახებ და, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება ითხოვა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლზე, 215-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე, აპელანტის მიერ წარმოდგენილ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაზე და დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ. ა-ას 2014 წლის 7 თებერვალს ამბულატორიაში მიმართვითა და ექიმის შემოწმების შედეგად დაუდგინდა დიაგნოზი „სინუსიტი“, ექიმის მიერ მიეცა რეკომენდაცია ათი დღით ამბულატორიული მეთვალყურეობისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი ცნობით არ დასტურდებოდა გარემოება, იმის თაობაზე, რომ მ. ა-ა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მოკლებული იყო გადაადგილებისა და პროცესზე გამოცხადების შესაძლებლობას, ექიმის მიერ მას მიეცა მხოლოდ რეკომენდაცია 10-დღიანი ამბულატორიული მეთვალყურეობისა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სხდომის გადადების თაობაზე მხარის შუამდგომლობა საფუძვლიანია თუ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეულია საპატიო მიზეზით. საქმეში კი არ მოიპოვებოდა მტკიცებულება აპელანტის წარმომადგენელ გოჩა გორდელაძის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ, რის გამოც სასამართლომ აპელანტისა და მისი წარმომადგენლის სასამართლო მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიოდ მიაჩნია.
სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე, 229-ე, 276-ე მუხლებით და სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, რომელსაც შეტყობინება სხდომაზე მოწვევის შესახებ გაეგზავნა და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, ამასთან, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე - მიიჩნია, რომ მ. ა-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ა-ამ, მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევა და სააპელაციო სასამართლოს დავალდებულება, საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის დავალდებულება შემდეგი საფუძვლებით:
2014 წლის 13 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული იყო მთავარი სხდომა მ.ა-ას სააპელაციო საჩივრის გამო. ამ დროისათვის აპელანტი იმყოფებოდა ავად, რაც დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით. ცნობის თანახმად, მას დაესვა შემდეგი დიაგნოზი: მწვავე სინუსიტი, პაციენტი უჩივის თავის ტკივილებს, ცხვირით სუნთქვის გაძნელებას, ჩამონადენს, რაც გადადის უკანა ცხვირის ხახაში, ტემპერატურის მატებას 38 გრადუსამდე. ავადმყოფობის მიმდინარეობა - მწვავე, ესაჭიროება მკურნალობა 2014 წლის 14 თებერვლამდე. ცუდად ყოფნის გამო, აპელანტს თბილისიდან ქუთაისამდე მგზავრობა და სასამართლო სხდომაზე თავისი პოზიციის დაცვა არ შეეძლო, რის გამოც წერილობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, თუმცა სააპელაციო პალატამ არასწორად არ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე, აღნიშნულით კი, მხარეს წაერთვა საქმის სააპელაციო წესით განხილვის უფლება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მან ადვოკატთა ასოციაციის დახმარებით მიმართა „ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნულ ცენტრ ჯაფარიძე-ქევანაშვილის კლინიკას“, საიდანაც ეცნობა, რომ პაციენტ მ. ა-ას მგზავრობა თბილისიდან ქუთაისამდე 2014 წლის 7 თებერვლიდან 10 დღის განმავლობაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ იყო რეკომენდებული. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სამოქალაქო საქმის განხილვისათვის დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება არ წარმოადგენს უკიდურეს აუცილებლობას, რის გამოც ადამიანის ჯანმრთელობა ეჭვქვეშ უნდა დადგეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის განჩინებით მ. ა-ას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ 2014 წლის 13 თებერვალს დანიშნული სასამართლოს მთავარი სხდომის თაობაზე აპელანტს ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და განემარტა გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები თაობაზე.
უდავოა, რომ სასამართლო სხდომამდე აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომელსაც დაურთო ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და იშუამდგომლა სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებული აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სხდომის სხვა დროისათვის გადადების შუამდგომლობას, რაც გაზიარებულ იქნა სააპელაციო პალატის მიერ საოქმო განჩინებით.
კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას, რომ აპელანტი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არ არსებობდა საქმის განხილვის გადადების საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატის შეფასების საგანს სწორედ აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოობა წარმოადგენს.
ამ კუთხით მ.ა-ა მიუთითებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი ცნობა სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია სხდომის გადადების საფუძვლად, მაშინ, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის თანახმად, მ.ა-ას დაუდგინდა დიაგნოზი: მწვავე სინუსიტი, პაციენტი უჩივის თავის ტკივილებს, ცხვირით სუნთქვის გაძნელებას, ჩამონადენს, რაც გადადის უკანა ცხვირის ხახაში, ტემპერატურის მატებას 38 გრადუსამდე. ავადმყოფობის მიმდინარეობა - მწვავე, ესაჭიროება მკურნალობა 2014 წლის 14 თებერვლამდე. კერძო საჩივარს ასევე ერთვის ცნობის გამცემი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა ცნობები, რომელთა თანახმადაც სადავო პერიოდში მ.ა-ას მგზავრობა რეკომენდებული არ იყო, საჭიროებდა ამბულატორიულ მეთვალყურეობასა და მკურნალობას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მ.ა-ას მტკიცებას და განმარტავს, რომ სასამართლოში წარდგენილი ფორმა NIV-100/ა-ს თანახმად, პაციენტის დიაგნოზი არის მწვავე სინუსიტი, სამკურნალო და შრომითი რეკომენდაცია კი 10 დღის განმავლობაში ამბულატორიული მეთვალყურეობა და დანიშნულების თანახმად მკურნალობა, რაც შეეხება მხარის მიერ მითითებულ გარემოებებს, აღნიშნული მხოლოდ მოკლე ანამნეზადაა მითითებული, რაც პაციენტის განმარტების აღწერას წარმოადგენს (თანახმად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტო №338/ნ ბრძანებისა „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“), თავის მხრივ, კერძო საჩივარზე დართული ცნობებით ასევე რეკომენდაციის სახითაა მითითებული ამბულატორიული მკურნალობის თაობაზე, მაშინ, როდესაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილი სხდომის გადადებას მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიიჩნევს დასაშვებად, ხოლო 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
დასახელებული ნორმით დადგენილია ის სავალდებულო წინაპირობები, როდესაც სასამართლო ვალდებულია, მხარის გამოუცხადებლობა ჩათვალოს საპატიოდ. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მტკიცებულებები არ შეიცავს პირდაპირ მითითებას გამოცხადების შეუძლებლობაზე, რის გამოც საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, დადასტურებულად მიიჩნიოს აპელანტის საპატიოდ გამოუცხადებლობა სასამართლოს მთავარ სხდომაზე. ამასთანავე, ვერ იქნება გაზიარებული მ.ა-ას მტკიცება, რომ სამედიცინო დოკუმენტების არასწორად შეფასების გამო მას წაერთვა სააპელაციო წესით საქმის განხილვის უფლება, რადგანაც, სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებისა (ჯანმრთელობის მდგომარეობის არასათანადოდ დადასტურება) და საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარის მიმართ კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა.
უდავოდ გასათვალისწინებელია გასაჩივრებული განჩინების ის დასკვნაც (რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივარი რაიმე პრეტენზიას არ შეიცავს), რომ სასამართლო სხდომაზე ასევე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა აპელანტის უფლებამოსილი წარმომადგენელი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია აპელანტისა და მისი მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს, ხოლო მითითებული ნორმის მე-3 ნაწილით კი, დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების, არამედ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის არსებითად სწორად გამოყენების გზით სააპელაციო პალატამ მართებულად დატოვა განუხილველად მ. ა-ას სააპელაციო საჩივარი და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ა-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე