Facebook Twitter

საქმე №ას-253-237-2014 1 მაისი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ვ. ე-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ. თ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ე-ემ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს ვ. თ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა და მოითხოვა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 თებერვლის განჩინებით ვ. ე-ის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატებოდა. სასამართლო დაეყრდნო საქმეში არსებულ აუდიტის შეფასებას, რომლის თანახმადაც, სადავო ქონების ღირებულება იყო 750 ლარი.

აღნიშნული განჩინება ვ. ე-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სარჩელი შეეხებოდა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობას. სასამართლო დაეყრდნო აუდიტის დასკვნას და მხედველობაში არ მიიღო, რომ სადავო საცხოვრებელ სახლში მოპასუხე 2000 აშშ დოლარის გადახდას ითხოვდა, რაც დაფიქსირდა სასამართლო სხდომის ოქმში, გარდა ამისა, შესავალ და აღწერილობით ნაწილებში არასწორად მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ვ. ე-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

დავის საგნის ღირებულების გამოთვლის წესი განსაზღვრულია იმავე კოდექსის 41-ე მუხლით.

აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა შეეხებოდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად აღიარებას, შესაბამისად, მიმართული იყო სწორედ ამ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისაკენ, ამდენად, დავის საგნის ღირებულება ნასყიდობის საგნის ღირებულებით უნდა განისაზღვროს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა აუდიტის დასკვნით, ვინაიდან მოპასუხე სადავო ქონების სანაცვლოდ 2000 აშშ დოლარის გადახდას ითხოვდა.

სასამართლო განმარტავს, რომ ნივთის საბაზრო ღირებულება სარწმუნო მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა განისაზღვროს და არა იმის მიხედვით, თუ რა თანხას ითხოვს დავის ერთ-ერთი მხარე. მხარეთა შეფასება, შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს ქონების რეალურ ღირებულებას, შესაბამისად, თუ საქმეში წარმოდგენილია ქონების შეფასების დოკუმენტი, სასამართლომ სწორედ მასზე დაყრდნობით უნდა განსაზღვროს დავის საგნის ღირებულება.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია აუდიტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, სადავო ქონება საცხოვრებლად უვარგისია და მისი ღირებულება 750 ლარია. საყურადღებოა, რომ აღნიშნული დასკვნა სასამართლოს თავად მოსარჩელემ წარუდგინა და თვითონვე მიუთითა სარჩელში, რომ დავის საგნის ღირებულება 750 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, გათვალისწინებული ვერ იქნება კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ ვ. თ-ი სადავო ქონების სანაცვლოდ 2000 აშშ დოლარის გადახდას ითხოვდა.

რაც შეეხება ვ. ე-ის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 თებერვლის განჩინების შესავალ ნაწილში გასაჩივრებულ გადაწყვეტილებად შეცდომითაა მითითებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ნაცვლად ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებისა, მაგრამ ამგვარი ტექნიკური უზუსტობა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს. ამ ტიპის უსწორობის გასწორება შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ე-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ე-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 თებერვლის განჩინება

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე