№ას-259-243-2014 2 მაისი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - თ. ზ-ე, ლ. კ-ე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ფ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ბმა „ლ 1-ის“ თავმჯდომარე მ. მ-ი, გ. კ-ე, ნ. კ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ზ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბმა „ლ 1-ის“ თავმჯდომარე მ. მ-ის, გ. კ-სა და ნ. კ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა ამხანაგობის წევრთა N10ბ კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ბმა „ლ 1-ის“ თავმჯდომარე მ. მ-მა შეგებებული სარჩელი აღძრა ლ. კ-სა და თ. ზ-ის წინააღმდეგ ამხანაგობის 29.10. 2010 წლის, 12.11.2010 წლის კრების ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ბმა „ლ 1-ის“ შეგებებული სარჩელი კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 3 ნოემბრის №16 და 2010 წლის 12 ნოემბრის №16 კრების ოქმები, რომლის საფუძველზეც თ. ზ-ეს საკუთრებაში გადაეცა 41.80 კვ.მ სხვენი; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ლ 1-ის“ 2010 წლის 29 ოქტომბრის №15 და 2010 წლის 12 ნოემბრის №15 კრების ოქმები იმ ნაწილში რომლის საფუძველზეც თ. ზ-ეს საკუთრებაში გადაეცა 10.16 კვ.მ ფართი, მდებარე: თბილისში, ლ-ის ქუჩა №1, პირველი სადარბაზოს, მე-8 სართულზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება თ. ზ-ემ და ლ. კ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი (2013 წლის 26 დეკემბერი) ცნობილი იყო თ. ზ-ის და ლ. კ-ის წარმომადგენელ ფ. მ-ის. არც მხარეები და არც მათი წარმომადგენელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა (2014 წლის 15–25 იანვარი) არ გამოცხადებულან სასამართლოში და არ ჩაუბარებიათ გადაწყვეტილების ასლი (საქმის მასალების მიხედვით, ამ მოთხოვნით ფ. მ-ემ სასამართლოს მიმართა 2014 წლის 28 იანვარს. მოთხოვნა იმავე დღეს დაკმაყოფილდა). შესაბამისად, გასაჩივრების 14–დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს – 2014 წლის 25 იანვარს და ამოიწურა 2014 წლის 7 თებერვალს. აპელანტების წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2014 წლის 10 თებერვალს, რითაც დაარღვია კანონმდებლობით დადგენილი ვადა.
აღნიშნული განჩინება თ. ზ-სა და ლ. კ-ის წარმომადგენელმა ფ. მ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო საჩივარი 2014 წლის 7 თებერვალს ფოსტით გაიგზავნა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 10 თებერვალს ჩაბარდა, შესაბამისად, საპროცესო ვადა არ დარღვეულა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ თ. ზ-სა და ლ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს, მხოლოდ მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივარი 7 თებერვალს ფოსტის მეშვეობით გაიგზავნა, რის გამოც ვადა არ დარღვეულა.
ამ გარემოების დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა ქვითარი, რომლის თანახმადაც, ფ. მ-ემ „თ. ზ-ის საჩივარი“ 2014 წლის 7 თებერვალს 17:00 საათზე ჩააბარა ფოსტას. აღნიშნულ ქვითარს არ გააჩნია საფოსტო ბარათის დამახასიათებელი რეკვიზიტები, კერძოდ, მასზე აღნიშნული არაა გზავნილის ნომერი, გამგზავნ დაწესებულებად ხელითაა მიწერილი გაურკვეველი დასახელების ორგანიზაცია “Expres mall servic”, რაც არ შეესაბამება საქართველოში მოქმედ არც ერთ საფოსტო დაწესებულებას (შესაძლოა, იგულისხმებოდეს Express Mail Service), გარდა ამისა, ქვითარს არ არტყია მიმღები საფოსტო დაწესებულების ბეჭედი და შეცდომითაა მითითებული გამგზავნის გვარი. ასევე საყურადღებოა ის გარემოება, რომ ფ. მ-ის მტკიცებით, სააპელაციო საჩივარი ფოსტას 2014 წლის 7 თებერვალს ჩაბარდა, მაშინ, როდესაც, თავად სააპელაციო საჩივარში შევსების თარიღად 2014 წლის 8 თებერვალია მითითებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ზ-სა და ლ. კ-ის წარმომადგენელმა ფ. მ-ემ სარწმუნო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში ფოსტის მეშვეობით გაგზავნის ფაქტი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა და მოცემული კერძო საჩივარი უსაფუძვლოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ზ-სა და ლ. კ-ის წარმომადგენელ ფ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე