საქმე№ას-267-251-2014 13 მაისი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - სს „ი. უ. ქ-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - გ. ხ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საკრედიტო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოშ გ. ხ-სა და სს „ი. უ. ქ-ის“ მიმართ მოპასუხეებისათვის საკრედიტო დავალიანების - 171 503,71 აშშ დოლარის სოლდარულად დაკისრების, ხოლო სოლიდარული თავდების - სს „ი. უ. ქ-ის“ პასუხისმგებლობის 154 920 აშშ დოლარით განსაზღვრის მოთხოვნით.
გ. ხ-ამ სარჩელი დავალიანების ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში ცნო, ამასთან, განმარტა, რომ პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი. სს „ი. უ. ქ-ამ“ სარჩელი არ ცნო, ამასთან, მიუთითა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. ხ-სა და სს „ი. უ. ქ-ას“ სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 91 357,09 აშშ დოლარის (ძირითადი თანხა - 67 141,52 აშშ დოლარი, პროცენტი - 22 215,57 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2000 აშშ დოლარი), სს „ს. ბ-ს“ გ. ხ-სა და სს „ი. უ. ქ-ის“ პირგასამტეხლოს - 80146,62 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრებაზე ეთქვა უარი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სს „ი. უ. ქ-ის“ თანხის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ი. უ. ქ-ამ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 თებერვლის განჩინებით სს „ი. უ. ქ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 374-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე და დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 დეკემბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა და კანონით დადგენილი წესით განემარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 დეკემბრის განჩინების ასლი აპელანტის წარმომადგენელ ალექსანდრე ქამუშაძეს 2014 წლის 29 იანვარს ჩაბარდა სასამართლო შენობაში. სს „ი. უ. ქ-ის“ დირექტრის მიერ ა. ქ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა საქმეშია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის შეტყობინების ჩაბარება სასამართლომ უშუალოდ აპელანტის ინფორმირებად მიიჩნია.
აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პალატამ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს „ი. უ. ქ-ამ“ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კრედიტორული დავალიანების გამო სს „ი. უ. ქ-ა“ მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში იმყოფება, რის გამოც დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყო ხარვეზის გამოსწორება, 2013 წლის განმავლობაში აპელანტი რეგისტრირებული იყო მოვალეთა რეესტრში, უ. ქ-ის გასხვისების აკრძალვის გამო, მოკლებული იყო თავის ძირითადი საქმიანობიდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობას, მას არც სხვა შემოსავლის წყარო გააჩნდა. ამ საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობით და აპელანტისათვის გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 აპრილის განჩინებით სს „ი. უ. ქ-ის“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ი. უ. ქ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს „ი. უ. ქ-ამ“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ითხოვა აპელანტისათვის თანხის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება;
სააპელაციო საჩივარს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ერთვის და ამ საკითხზე არც რაიმე შუამდგომლობაა დაყენებული მხარის მიერ;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და განჩინების ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადის დაცვით აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახელმწიფო ბიუეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა. განჩინებაში ამომწურავადაა განმარტებული ასევე ხარვეზის გამოუსწორებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე;
საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის საფუძველზე (რომლის ნამდვილობა კერძო საჩივრის ავტორს სადავო არ გაუხდია), მხარის ინტერესებს იცავდა ა.ქ-ე;
საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით 2014 წლის 29 იანვარს ჩაბარდა განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე;
აპელანტს ხარვეზის გამოსწორების ან მისი გამოუსწორებლობის საპატიო მიზეზზე მითითებით მიზნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა აპელანტის ქ-რივი მდგომარეობა და საკუთარი ინიციატივით გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ამ კუთხით საკასაციო სასამართლომ შეისწავლა, როგორც სააპელაციო საჩივარი, ისე, საქმის სხვა მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტს ამ კუთხით არც შუამდგომლობა არ დაუყენებია, არც ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები არ წარუდგენია და არც მოგვიანებით მიუმართავს სასამართლოსათვის.
შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული არგუმენტის შეფასებით საკასაციო სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით ის უმართებულოა, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული. გარდა აღნიშნულისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით კანონმდებელმა დაადგინა მოთხოვნის (შუამდგომლობის) ინიციატორი მხარის ვალდებულება, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით ასაბუთოს მისი პოზიცია, ნორმის ამ დანაწესის დარღვევა მხარისათვის ნეგატიური, არახელსაყრელი შედეგის დადგომის განმაპირობებელია.
ამდენად, მხარემ არ დაიცვა რა შუამდგომლობის დასაბუთებისათვის დადგენილი საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, პალატა მის არგუმენტს სააპელაციო სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე ვერ გაიზიარებს.
ამ გარემოების მხედველობაში მიღებით საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ დადგენილ ვადაში მხარის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს „ი. უ. ქ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე