Facebook Twitter

№ას-271-255-2014 15 მაისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ე. დ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ფ. ხ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფ. ხ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში ე. დ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის სესხის თანხის, 9000 აშშ დოლარის, ასევე პირგასამტეხლოს, 1746 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ე. დ-ეს დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის, 9000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს, 500 აშშ დოლარის გადახდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 თებერვლის განჩინებით ე. დ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2013 წლის 28 ნოემბრის სასამართლოს სხდომას ესწრებოდნენ როგორც აპელანტი - ე.ი დ-ე, ასევე მისი წარმომადგენელი - მ. ჩ-ი. აპელანტი ან მისი წარმომადგენელი გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყვნენ არა უგვიანეს 2013 წლის 30 დეკემბრისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტს ან მის წარმომადგენელს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ. საქმეში არსებული ხელწერილით დასტურდება, რომ ე. დ-ემ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაიბარა მხოლოდ 2014 წლის 3 იანვარს, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 30 დეკემბერს, (ვინაიდან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღე, 2013 წლის 28 დეკემბერი, დაემთხვა დასვენების დღეს) და ამოიწურა 2014 წლის 12 იანვარს, რომელიც იყო დასვენების დღე, შესაბამისად სააპელაციო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო მომდევნო პირველ სამუშაო დღეს - 2014 წლის 13 იანვრის ჩათვლით. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და მასზე დართული საფოსტო შეტყობინებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი ე. დ-ემ სასამართლოში შეიტანა 2013 წლის 16 იანვარს.

აღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, კანონით დადგენილ ვადაში არაერთხელ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეს გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, რომელიც ეუბნებოდა, რომ გადაწყვეტილება მზად არ იყო. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გადაწყვეტილების ჩაბარების პერიოდს დაემთხვა ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებული დასვენების დღეები, რის შემდეგაც, მხარემ 3 იანვარს ჩაიბარა გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ე. დ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემომითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად.

საკასაციო პალატა იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად, აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამოც სასამართლო, მიმართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღესვე ვერ შეძლებს მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებას.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ე. დ-ეს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს. ამ გარემოებას არც კერძო საჩივრის ავტორი უარყოფს. მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო, საკასაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს.

საკასაციო სასამართლო ვერც იმ მტკიცებას გაიზიარებს, რომ, გადაწყვეტილების ჩაბარების ვადა დაემთხვა ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებულ დასვენების დღეებს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2013 წლის 28 ნოემბერს გამოცხადდა, შესაბამისად, მხარე არაუადრეს 18 და არაუგვიანეს 30 დეკემბრისა (ვინაიდან გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე, 28 დეკემბერი, შაბათი იყო) უნდა გამოცხადებულიყო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. საქართველოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად კი, უქმე დღეებია ახალი წლის სადღესასწაულო დღეები - 1 და 2 იანვარი, ამდენად, აღნიშნული არასამუშაო დღეები გავლენას ვერ მოახდენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებაზე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს მართებულად დაიწყო. საქმის მასალები ადასტურებს, რომ სააპელაციო საჩივარი 2014 წლის 16 იანვარს, ანუ 14-დღიანი ვადის დარღვევითაა შეტანილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ე. დ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე