საქმე№ას-273-257-2014 13 მაისი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. შ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. შ-ას მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისში, ვ-ი 3-ის პირველი მიკრორაიონის მე-18 კორპუსში მდებარე №121 ბინით სარგებლობაში უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მოპასუხის დავალდებულება შემდეგი ნივთების: რბილი სამეულის, საძინებელი ე.წ. „რეჯანსის“, სკამების, მაგიდისა და სამზარეულოს გარნიტურის გატანა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის მოტივით და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინებით ლ. შ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ასევე განუხილველად დარჩა მისი 2014 წლის 21 თებერვლის N2/1562 განცხადება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განმარტა, რომ კანონით იმპერატიულადაა დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა, რომლის გაგრძელებაც არ დაიშვება, ამასთან, დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 22 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც მოსარჩელე ნ. მ-ე, ასევე მოპასუხე (აპელანტი) ლ. შ-ა, სარჩელზე არსებითი განხილვა დასრულდა და გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, მისი გასაჩივრების დრო და წესი.
საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით ჩაბარების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ლ. შ-ას ჩაბარდა პირადად 2014 წლის 7 თებერვალს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 22 დეკემბრიდან (გადაწყვეტილების გამოცხადების 30-ე დღე) და ამოიწურა 2014 წლის 5 იანვარს, რომელიც იყო კვირა, შესაბამისად, გასაჩივრების ვადა ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს 6 იანვარს. საქმის მასალების თანახმად, 2014 წლის 21 იანვარს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც ჩაბარდა მოსარჩელის წარმომადგენელს. სააპელაციო საჩივარი კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა დაგვიანებით - 2014 წლის 10 თებერვალს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილისა.
პალატამ მიუთითა ასევე ლ. შ-ას მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2014 წლის 21 თებერვალს წარდგენილ N2/1562 განცხადებაზე, რომელიც შინაარსით წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის შემადგენელ ნაწილს და აპელანტის მოსაზრებას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ პროცესუალური თავლსაზრისით სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო, პალატის განმარტებით, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა აღნიშნულ განცხადებაზე არსებითად.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. შ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ განჩინების გამოტანისას შეფასება არ მისცა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს და საკმარისად არ დაასაბუთა გადაწყვეტილება, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ გადაწვეტილების გამოცხადების შემდგომ ლ.შ-ა უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს ტელეფონის მეშვეობით კერძოდ, 2013 წლის 20, 21 და 25 დეკემბერს, თუმცა მას განუმარტეს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება არ იყო მზად, მას შემდეგ, რაც მოპასუხეს ეჭვი შეეპარა მის გულწრფელობაში, 2013 წლის 25 დეკემბერს წერილობით მიმართა სასამართლოს. გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარება და მისი სასამართლოში დაბარება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი. სააპელაციო სასამართლომ კი ამ გარემოებათა მხედველობაში მიუღებლად მიიღო განჩინება, რომელიც საქმის გარემოებებიდან არ გამომდინარეობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 აპრილის განჩინებით ლ. შ-ას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. შ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინამდებარე საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოაცხადა 2013 წლის 22 ნოემბრის სხდომაზე;
უდავოა, რომ სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ მხარეები;
საქმეში წარმოდგენილია ლ.შ-ას განცხადებები, კერძოდ, 2013 წლის 28 ნოემბრით დათარიღებული განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე, რომელიც ქვემდებარობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ასევე წარმოდგენილია 2013 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული განცხადება, სადაც ლ.შ-ა ითხოვს საქმის გაცნობას, ხოლო გადაწყვეტილების ჩაბარება მას არ უთხოვია, ასევე წარმოდგენილია 2014 წლის 2 თებერვლით დათარიღებული განცხადება, სადაც მხარემ მოითხოვა, როგორც გადაწყვეტილების ჩაბარება, ისე, საქმის გაცნობა, ხოლო ამავე განცხადების მე-2 გვერდზე არსებული მინაწერით დასტურდება, რომ 2014 წლის 7 თებერვალს ჩაიბარა ადრესატმა კანონიერ ძალაში შესული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება;
საქმეში წარმოდგენილი თავად სააპელაციო საჩივრითა და მასზე დასმული შტამპით ირკვევა, რომ საქალაქო სასამართლოში იგი წარდგენილ იქნა 2014 წლის 10 თებერვალს.
სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიიჩნია მისი შეტანის ვადის მხარის მიერ დარღვევის ფაქტი, რასაც კერძო საჩივრის ავტორი იმ საფუძვლით არ ეთანხმება, რომ აპელანტი ტელეფონით უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს, ასევე მიმართავდა გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით, თუმცა მას გადაწყვეტილება არ გადაეცემოდა იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს არ ჰქონდა გამზადებული დასაბუთებული გადაწყვეტილება, მისი გადაცემა მხოლოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდეგ მოხდა.
საკასაციო პალატა, დაუსაბუთებლობის გამო, ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ამ არგუმენტს და განმარტავს შემდეგს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლით კი დადგენილია ქცევის შემდეგი წესი: თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენ.) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენ., გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებლობა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენას უკავშირებს გარკვეულ წინაპირობებს, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირისათვის ცნობილია სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დღე, მხარე ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა და ხელზე ჩაიბაროს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროცესო ვადის დენა დაიწყება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
უდავოა ის ფაქტიც, რომ აპელანტი 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს არ წარმოადგენს, რაც სასამართლოს წარმოუშობდა ვალდებულებას, მისთვის გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე ზემოაღნიშნული ვადის დაცვით გამოცხადდა სასამართლოში და ითხოვა გადაწყვეტილების ჩაბარება, ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ იგი ტელეფონით უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს და დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა სასამართლოს ბრალით ვერ მოხერხდა, თავის მხრივ, ამ გარემოების ჯეროვნად დამტკიცება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სწორედ კერძო საჩივრის ავტორის ვალდებულებას წარმოადგენდა.
საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, ლ.შ-ამ გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით სასამართლოს პირველად 2014 წლის 4 თებერვალს მიმართა და ამავე წლის 7 თებერვალს ჩაიბარა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
ამდენად, უდავოა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 22 დეკემბერს (რომელიც ამავდროულად წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის წარდგენის პირველ დღეს), სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს და ვინაიდან ვადის უკანასკნ. დღე - 4 იანვარი იყო დასვენების დღე - შაბათი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამოიწურა 2014 წლის 6 იანვარს, სააპელაციო საჩივარი მხარემ სასამართლოშ წარადგინა 2014 წლის 10 თებერვალს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის, 61-ე მუხლის მესამე ნაწილის, 63-ე მუხლისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. შ-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. შ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე