Facebook Twitter

№ას-280-262-2014 19 მაისი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ლ-ე

მოპასუხე - ც. ლ-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ლ-ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ნოემბრის განჩინებით მ. ლ-ის შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა 2013 წლის 17 ოქტომბერს 12 საათსა და 30 წუთზე, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო ოფიცრის ბატონ ო. ი-ის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ქონების, კერძოდ, 1) 1 ცალი ნაჭრის ოთხეული; 2) 1 ცალი ჟურნალის მაგიდა; 3) 1 ცალი ტიუნერი „სუპერმაქსი“ ( 1 ანტენით); 4) 1 ცალი ტელევიზორი „ვესტელ“; 5) 1 ცალი ნოუთბუკი „ტოშიბა“; 6) 1 ცალი ტელევიზორი „LG“, რეალიზაცია.

აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც შეჩერდა 2013 წლის 17 ოქტომბერს 12 საათსა და 30 წუთზე, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო ოფიცრის ო. ი-ის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ქონების, 1 ცალი ტელევიზორი „LG-ის“, რეალიზაცია, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩა.

2014 წლის 12 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მ. ნ-ემ და ამავე სასამართლოს 2014 წლის 10 იანვრის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 თებერვლის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მ. ნ-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 იანვრის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს მითითებით, ამ შემთხვევაში აღსასრულებელი არაფერია და სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი არ არსებობს.

აღნიშნულ განჩინებაზე სსიპ შემოსავლების სამსახურმა შეიტანა კერძო საჩივარი. მხარის განმარტებით, აპელაციის განჩინება, თავისი არსით, წარმოადგენს ტელევიზორ LG-ის“ რეალიზაციის განახლების ბრძანებას, რაზეც სააღსრულებო ფურცელი უნდა გაიცეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე.

იმავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, აღსრულებას ექვემდებარება კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსასრულებელია, თუ მისი სარეზოლუციო ნაწილიდან გამომდინარეობს გარკვეული ქმდების შესრულების ან ამგვარი ქმედებისგან თავის შეკავების ვალდებულება, უფლების ან/და ფაქტის აღიარება, უფლების რეგისტრაციის ვალდებულება და ა.შ.

მოცემულ შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის განჩინებით გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და შეჩერდა 2013 წლის 17 ოქტომბერს 12 საათსა და 30 წუთზე, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო ოფიცრის ბატონ ო. ი-ის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ქონების რეალიზაცია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 იანვრის განჩინებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც შეჩერდა 2013 წლის 17 ოქტომბერს 12 საათსა და 30 წუთზე, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო ოფიცრის ო. ი-ის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ქონების, 1 ცალი ტელევიზორ „LG-ის“, რეალიზაცია, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩა, შესაბამისად, ამ შემთხვევაში ტელევიზორ „LG-ის“ მიმართ აღდგა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის განჩინებამდე არსებული მდგომარეობა.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასამართლოს განჩინება, რომელიც მიიღება სააღსრულებო წარმოების პროცესში და ექვემდებარება აღსრულებას, აღსრულდება სააღსრულებო ფურცლის გარეშე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ან ისეთი განჩინების საფუძველზე, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს შემოსავლების სამსახურის განმარტებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება, თავისი შინაარსით ადგენს კონკრეტული ქონების რეალიზაციის განახლებას (თუ რეალიზაცია დაწყებული იყო), ამასთან მიუთითებს, რომ აღნიშნული განჩინება არ საჭიროებს სააღსრულებო ფურცლის გაცემას და უნდა აღსრულდეს მის გარეშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე