Facebook Twitter

საქმე№ას-288-270-2014 13 მაისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს „ჰ. ს. ს. დ-ე“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ჯ-კ-პ“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ჯ-კ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჰ. ს. ს. დ-ეს“ მიმართ მიწოდებული საქონლის ღირებულების - 1875,33 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლო სხდომაზე წარდგენილ აუდიტორულ დასკვნაზე დაყრდნობით განმარტა, რომ მისი დავალიანება შეადგენდა 893,35 ლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ჯ-კ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ჰ. ს. ს. დ-ეს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1875,33 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და მოპასუხისათვის დავალიანების სახით 893,35 ლარის დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის 2014 წლის 7 მარტის განჩინებით შპს „ჰ. ს. ს. დ-ეს“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 374-ე მუხლი მე-3 ნაწილზე, 365-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა ნაწილობრივ, მოსარჩელის სასარგებლოდ 981,98 ლარის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება სწორედ 981,98 ლარი იყო, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილ სააპელაციო საჩივრის ღირებულებას - 1000 ლარს არ აღემატებოდა, ამდენად, ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის წინაპირობა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ჰ. ს. ს. დ-ემ“, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ არასწორად ასახა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და არასწორად მიიჩნია, რომ მისი ღირებულება 981,98 ლარს შეადგენდა. აპელანტის მოთხოვნა, რეალურად, აღემატებოდა 1000 ლარს, ხოლო სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და არასწორადვე განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის განჩინებით შპს „ჰ. ს. ს. დ-ეს“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჰ. ს. ს. დ-ეს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ შპს „ჯ-კ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა იყო მოპასუხისათვის 1875,33 ლარის დაკისრება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.

საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თანახმად, მოპასუხემ ითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება აპელანტისათვის დავალიანების სახით 893,35 ლარის დაკისრება.

სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა ქონებრივი დავის განხილვისათვის დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების ამ დასკვნას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და არასწორადვე განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა აღემატებოდა 1000 ლარს.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

დასახელებული ნორმით დადგენილია როგორც ის ზღვრული ოდენობა, რომელსაც ქონებრივ დავაში სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს, ასევე, ამ ღირებულების გამოთვლის წესი.

აპელანტი სადავოდ ხდის რა მისთვის 1875,33 ლარის დაკისრებას და მოითხოვს ამ თანხის 893,35 ლარამდე შემცირებას, მათი სხვაობა 981,98 ლარია, რაც არ აღემატება 1000 ლარს.

ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მხარის არგუმენტს და თვლის, რომ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად იხელმძღვანელა კანონის ნორმით და მართებულად დატოვა განუხილველად შპს „ჰ. ს. ს. დ-ეს“ სააპელაციო საჩივარი, რომლის საგნის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატებოდა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქონებრივ დავებთან მიმართებით კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 1000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება, საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.

ამდენად, საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და მათ სამართლებრივ შეფასებს, მიიჩნევს, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლითა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჰ. ს. ს. დ-ეს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე