Facebook Twitter

საქმე №ას-297-279-2014 13 მაისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ბ-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ 2005“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – ნასყიდობის საფასურის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ 2005-ის“ მიმართ 150000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „გ 2005-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 15571.05 ლარის გადახდა, ხოლო 134 428.95 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ-მა“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინებით შპს „ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღე და დაევალა სახელმწიფო ბაჟის 5377.15 ლარის გადახდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 2014 წლის 27 იანვრის განჩინება სასამართლოს შენობაში ჩაბარდა შპს „ბ-ის“ დირექტორ გ. ფ-ეს 2014 წლის 10 თებერვალს, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 11 თებერვლიდან, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და ამოიწურა 2014 წლის 20 თებერვალს.

საქმის მასალების თანახმად, აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოუსწორებია ხარვეზი, რაც სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიიჩნია, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ბ-მა“ და სააპელაციო საჩივრის განხილვა შემდეგი საფუძვლებით ითხოვა:

ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო პალატის განჩინების შესაბამისად, გ.ფცქიალაძისათვის შეტყობინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში - 17 თებერვალს აპელანტმა ხარვეზი გამოასწორა, რის გამოც არ არსებობდა მის განუხილველად დატოვების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 აპრილის განჩინებით შპს „ბ-ის“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველი საქმის მასალებით დადასტურებულია და ამას არც კერძო საჩივრის ავტორი არ ხდის სადავოდ, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო პალატის 2014 წლის 27 იანვრის განჩინებით აპელანტს დაეკისრა დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ამავე განჩინებით განმარტებულია საპროცესო მოქმედების შესრულების წესი და მისი შეუსრულებლობის ნეგატიური შედეგი, კერძოდ, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 5377,15 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა; ასევე განმარტებულია, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება;

საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, სასამართლოს განჩინება აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს - დირექტორ გ. ფ-ეს ჩაბარდა 2014 წლის 10 თებერვალს;

საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავსებით მართებულად დაუკავშირა საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის დენა უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარების დღის მომდევნო დღეს 2014 წლის 11 თებერვალს, რომელიც ამოიწურა ამავე წლის 20 თებერვალს.

მოცემულ შემთხვევაში პალატამ დაადგინა ის გარემოებაც, რომ დანიშნულ ვადაში მხარეს ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადებით სასამართლოსათვის არ მიუმართავს და სწორედ ეს გარემოება დაუდო საფუძვლად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რადგანაც მან დაკისრებული საპროცესო მოქმედება დროულად შეასრულა. ამ ფაქტის მტკიცების მიზნით კერძო საჩივარს ერთვის N1 საგადასახდო დავალება, შესრულებული 2014 წლის 17 თებერვალს, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ბიუჯეტში შპს „ბ-ის“ მიერ ჩარიცხულია 5377,15 ლარი, თუმცა მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება და არც საქმის მასალებით დასტურდება, რომ მას საპროცესო ვადის დაცვით მიემართა სასამართლოსათვის და წარედგინა სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ არ არსებობს მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რადგანაც აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება დადგენილ ვადაში განახორციელა. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით ხაზგასმითაა მითითებული მხარის ვალდებულება, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულება დედნის სახით, ამასთანავე ინფორმირებული იყო ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სტაბილური ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ისეთი ვითარება, როდესაც მხარემ, მართალია, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება შეასრულა, თუმცა არ შეასრულა სასამართლოს ინფორმირების ვალდებულება, საპროცესო მოქმედების განხორციელებად არ იქნა მიჩნეული (იხ.სუსგ 2010 წლის 12 აპრილი, საქმე №ას-191-182-2010), ამასთანავე, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ კერძო საჩივარზე დართული სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრით, მართალია, დასტურდება აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 5377,15 ლარის ჩარიცხვის ფაქტი, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებულად მიჩნევის წინაპირობა არაა სასამართლოს არაინფორმირების გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ბ-ის“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობას.

შპს „ბ-ის“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სააპელაციო საჩივრის გამო 2014 წლის 17 თებერვლის N1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული სახელმწიფო ბაჟი – 5377,15 ლარი, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად და მხარემ კერძო საჩივარს დაურთო სააპელაციო პალატის მიერ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ამასთან, რადგანაც საკასაციო პალატის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, საკასაციო პალატა თვლის, რომ აპელანტს სრულად უნდა დაუბრუნდეს ქვითარში მითითებული თანხა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „ბ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. შპს „ბ-ს“ (ს/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 17 თებერვლის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 5377,15 ლარი. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე