Facebook Twitter

№ას-298-280-2014 21 მაისი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ტ-ი“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - დ. დ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ა-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ტ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის ნარდობის საზღაურის - 71 229,44 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ტ-ს“ შპს „ა-ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 71 229,44 აშშ დოლარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 იანვრის განჩინებით შპს „ტ-ს“ სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 2849.17 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარდგენა.

განჩინების პასუხად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა დ. დ-ემ, რომელმაც განმარტა, რომ მის მარწმუნებელ საწარმოს დაყადაღებული აქვს საბანკო ანგარიშები, ხოლო დამფუძნებლების მიერ შესაბამისი თანხების მოსაძიებლად სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა არ აღმოჩნდა საკმარისი. აღნიშნულის გათვალისწინებით განმცხადებელმა ითხოვა ხარვეზის შესავსებად დაადგენილი საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 თებერვლის განჩინებით შპს „ტ-ს“ გაუგრძელდა 2014 წლის 10 იანვრის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 10 დღით.

იმავე სასამართლოს 2014 წლის 28 თებერვლის განჩინებით შპს „ტ-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა სასამართლოს მიერ დაგდენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება შპს „ტ-ის“ წარმომადგენელმა დ. დ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, შპს „ტ-ის“ საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია მოსარჩელის მოთხოვნით გამოყენებული უზრუნველყოფის ფარგლებში, არასაბანკო ოპერაციებს კი, არ აწარმოებს, რის გამოც, არ ჰქონდა შესაძლებლობა სახელმწიფო ბაჟი გადაეხადა. სასამართლოს ეს გარემოება უნდა გაეთვალისწინებინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს „ტ-ის“კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 იანვრის განჩინებით შპს „ტ-ს“ სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 2849.17 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების 10 დღის ვადაში წარდგენა. საპროცესო ვადა აპელანტის მოთხოვნით ერთხელ გაგრძელდა 10 დღით, რის შემდეგაც მას სასამართლოსათვის აღარ მიუმართავს და არც ხარვეზი გამოუსწორებია.

საკასაციო სასამართლო არ იზიარევს კერძო საჩვრის ავტორის მტკიცებას, რომ შპს „ტ-ის“ საბანკო ანგარიშებს ადევს ყადაღა, რის გამოც ბაჟს ვერ გადაიხდიდა და სასამართლოს ეს გარემოება უნდა გაეთვალისწინებინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

აღნიშნული ნორმის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სარწმუნო მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაასაბუთების ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, შპს „ტ-ის“ საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია, მაგრამ უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია მხოლოდ დავის საგნის ფარგლებში, ანუ, ჯამურად, 71229,44 აშშ დოლარისა და 8376 ლარის ფარგლებში (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.06.2013 წლის განჩინება). აპელანტს არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რომ შპს „ტ-ის“ განკარგულებაში არ არის სხვა თანხა, საიდანაც სახელმწიფო ბაჟის გადახდა იქნებოდა შესაძლებელი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ტ-ის“ წარმომადგენელ დ. დ-ის კერძო საჩივარი უსსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ტ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე