Facebook Twitter

№ას-301-283-2014 21 მაისი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. ს-ის წარმომადგენელი დ. გ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ო-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ს-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში ა. ო-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა საერთო სარგებლობაში არსებული შესასვლელის სამზარეულოდ გამოყენების აღკვეთისა და მისი გამოთავისუფლების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 თებერვლის განჩინებით რ. ს-ის სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, განუხილველად დარჩა.

აღნიშნული განჩინება რ. ს-ის წარმომადგენელმა დ. გ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, 2014 წლის 13 თებერვალს 15:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე იმ მიზეზით ვერ გამოცხადდა, რომ იმავე დღეს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში იხლებოდა ა. ნ-ას სარჩელი ალიმენტის დაკისრების თაობაზე. ამ საქმეში იგი იცავდა მოსარჩელის ინტერესებს. ვინაიდან ამ კატეგორიის საქმეთა განხილვა 30 წუთს გრძელდება, მას ეგონა, რომ 15:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას მოასწრებდა. საქალაქო სასამართლოში ნევედროვას სარჩელის განხილვა გაგრძელდა 15:15 საათამდე, რის შემდეგაც იგი გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ სააპელაციო საჩივარი უკვე განუხილველად იყო დატოვებული. თავად რ. ს-ი რუსეთში ცხოვრობს და სხდომას ვერ დაესწრებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ რ. ს-ის წარმომადგენელ დ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 13 თებერვლის მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი. ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე არ ითხოვდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 თებერვლის განჩინებით რ. ს-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. კერძო საჩივრის ავტორი თავად ადასტურებს, რომ მისთვის სამის განხილვის თაობაზე ცნობილი იყო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, მართალია, მოცემული მუხლი ეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, მაგრამ, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განპირობებული იყო მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობით, საკასაციო პალატამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მომწესრიგებელი ნორმებით უნდა იხელმძღვანელოს.

მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. რაც შეეხება იმავე კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებულ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კიდევ ერთ საფუძველს - სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ მუხლის მიზნებისათვის, სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი ობიექტურად უნდა იყოს საპატიო და ნათლად მიუთითებდეს, რომ კონკრეტულ დროს დანიშნულ სხდომაზე მხარე ვერ გამოცხადდებოდა, გარდა ამისა, მხარეს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ამგვარი მიზეზის შესახებ წინასწარ აცნობოს სასამართლოს.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ადვოკატი განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა, რადგანაც სააპელაციო სასამართლოს სხდომა დანიშნული იყო 15:00 საათზე, ხოლო იმავე დღეს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნული იყო სხვა საქმის განხილვა, სადაც მოსარჩელის ინტერესებს იცავდა. მას ეგონა, რომ ეს სხდომა ნახევარ საათზე მეტ ხანს არ გაგრძელდებოდა, ამიტომ არ აცნობა სააპელაციო სასამართლოს წინასწარ, მაგრამ საქმის განხილვა უფრო გვიან დასრულდა და სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სხდომას ვეღარ მიუსწრო. თავად რ. ს-ი კი, რუსეთში ცხოვრობს და სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის გამოუცხადებლობა სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე საპატიო მიზეზით არ იყო გამოწვეული. მხარის ადვოკატის განმარტებით, იგი არ გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოში, რადგანაც იმავე დღეს 14:00 საათზე მონაწილეობდა სხვა საქმის განხილვაში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მას სრული შესაძლებლობა ჰქონდა, სასამართლოსათვის წინასწარ ეცნობებინა მთავარ სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ, თუმცა ამგვარი შესაძლებლობით არ უსარგებლია. საყურადღებოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ა. ნ-ას სარჩელის განხილვა 2014 წლის 13 თებერვალს 14:00 საათზე იყო დანიშნული, ხოლო რ. ს-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა - იმავე დღეს 15:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს, სულ მცირე, გონივრული წინდახედულობა რომ გამოეჩინა და კლიენტის ინტერესების დაცვას კეთილსინდისიერად მოჰკიდებოდა, უნდა ევარაუდა, რომ სხვადასხვა სასამართლოში 1 საათის ინტერვალით დანიშნულ ორ სასამართლო სხდომას ვერ დაესწრებოდა. საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული ადვოკატის განმარტება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელების განხილვა 30 წუთზე მეტს არ გრძელდება, მას არ შეეძლო, ევარაუდა, რომ 15:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომას ვერ მიუსწრებდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თითოეული საქმის განხილვა, მისი ინდივიდუალური ფაქტობრივ-სამართლებრივი პრობლემატიკის გათვალისწინებით, განსხვავებულ დროს მოითხოვს და ნახევარი საათი არ არის სტანდარტი, რომელსაც არ შეიძლება აღემატებოდეს ალიმენტის დაკისრების ან სხვა ნებისმიერ დავის საგანთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს, მხოლოდ დავის საგანზე დაყრდნობით, არ გააჩნდა ვარაუდის საფუძველი, რომ საქმის განხილვა 30 წუთზე მეტ ხანს არ გაგრძელდებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ს-ის წარმომადგენელ დ. გ-ს სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ შეეძლო და უნდა ეცნობებინა სასამართლოსათვის წინასწარ, შესაბამისად, მისი სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო არ არის, ამდენად, კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ს-ის წარმომადგენელ დ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე