Facebook Twitter

საქმე №ას-304-286-2014 21 მაისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ. ჯ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. თ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 თებერვლისა და 2014 წლის 7 მარტის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. თ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ჯ-ის მიმართ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის - 110000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, დ. ჯ-ეს ს. თ-ას სასარგებლოდ დაეკისრა დანაშაულით მიყენებული ზიანის - 110000 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით დ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:

პალატამ დადგენილად ცნო, რომ ამავე სასამართლოს 2013 წლის 4 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა დ. ჯ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე. აპელანტს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღის ვადა და დაევალა:

- წარმოედგინა სააპელაციო საჩივარი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად, იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის განსახილველ საქმეში;

- მიეთითებინა, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემომტანი პირი;

- მიეთითებინა გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს.

_ გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 4400 ლარი; აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი წარმოედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

2013 წლის 16 დეკემბერს (11.12.2013წ. მიმართა ციხის ადმინისტრაციას) სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის გამოსწორების მიზნით მიმართა აპელანტმა, წარადგინა სააპელაციო საჩივარი და იმ საფუძვლით, რომ არის მსჯავრდებული, კვლავ იშუამდგომლა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფო ბაჟის გადავადებაზე.

სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა და დ. ჯ-ეს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სრულად შეევსო ხარვეზი, კერძოდ:

- წარედგინა სააპელაციო საჩივარი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად, იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის განსახილველ საქმეში;

- მიეთითებინა რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემომტანი პირი;

- მიეთითებინა, გარემოებებზე, რომლებიც დაასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებენ ამ გარემოებებს.

- გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 4 400 ლარი; აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი წარმოედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

2014 წლის 20 იანვარს (15.12.2013წ. მიმართა ციხის ადმინისტრაციას) აპელანტმა კვლავ განცხადებით მიმართა სასამართლოს, წარადგინა სააპელაციო საჩივარი ორ ეგზემპლარად და მოითხოვა ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის კვლავ 10 დღით გაგრძელება, აღნიშნა, რომ ამ ვადაში შეძლებდა წარმოედგინა მტკიცებულებები მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 იანვრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე. დ. ჯ-ეს შვიდი დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის ვადა და დაევალა, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 4 400 ლარი. მას სასამართლოში უნდა წარედგინა ან აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ან ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა გათვალისწინებითაც სასამართლო შეძლებდა, ემსჯელა აპელანტის ქონებრივ მდგომარეობაზე.

2014 წლის 5 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის გამოსწორების მიზნით გ. ჯ-ის (საქმეში არ არის წარმოდგენილი აღნიშნული პირის სახელზე აპელანტის მიერ გაცემული მინდობილობა) სახელით გადაეცა განცხადება, რომელსაც ერთვოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა უძრავი ქონების შესახებ.

პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობა, რადგანაც არც ამ განცხადებით არ გამოუსწორებია მხარეს ხარვეზი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართვის თანახმად, საქართველოს მასშტაბით მიმდინარე პერიოდზე, დ. ჯ-ის სახელზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული.

პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს არაერთხელ განემარტა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48–ე მუხლისა და 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯების გადახდის შემცირების ან გადავადების საპროცესო-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მხარის ქონებრივი მდგომარეობის შეფასება. მხარემ უნდა დაასაბუთოს და ამასთანავე, უტყუარი მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობა. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლები. სააპელაციო საჩივარში მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ იგი მსჯავრდებული იყო, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილობითი პასუხით, რომ საქართველოს მასშტაბით დ. ჯ-ის სახელზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება არ იყო რეგისტრირებული, სასამართლოს შეფასებით, არ წარმოადგენდა საკმარის საფუძველს, აპელანტის მიერ აღძრული შუამდგომლობის დაკმაყოფილებისათვის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით კი, დადგენილი იყო სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებილება.

აპელანტი პერიოდულად მიმართავს სასამართლოს განცხადებით და მიუთითებდა, რომ იყო პატიმარი და მოკლებული იყო შესაძლებლობას, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი წინასწარ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ რამდენჯერმე განუმარტა აპელანტს, რომ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების საპროცესო-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა მხარის ქონებრივი მდგომარეობის შეფასება. აპელანტს კი, უტყუარი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მას არ გააჩნდა წინასწარ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა, არ წარუდგენია. ასევე არ იყო წარდგენილი კონკრეტული მტკიცებულებები მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, მხოლოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა კი, არ წარმოადგენდა მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის უტყუარ მტკიცებულებას.

სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა სასამართლო პროცესის გაჭიანურებას, რადგან არა ერთხელ ვადის გაგრძელების მიუხედავად, აპელანტი არ ავსებდა სააპელაციო საჩივარზე დადგენილ ხარვეზს, მას არ წარუდგენია ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და არც რაიმე სახის მტკიცებულება, რომლის გათვალისწინებითაც სასამართლო შეძლებდა აპელანტის ქონებრივი მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე მსჯელობას. ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიიჩნია, რომ დ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული.

2014 წლის 7 მარტს სააპელაციო პალატამ გაასწორა წინამდებარე საქმეზე 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, განჩინების შესავალ ნაწილში მითითებული „2013 წლის 7 თებერვალი“ გაასწორა „2014 წლის 7 თებერვლით“.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 260-ე მუხლებით და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება ს. თ-ას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გამოტანილი იყო 2013 წლის 17 სექტემბერს, სააპელაციო საჩივარი სასამართლოს გადაეგზავნა 2013 წლის 25 ოქტომბერს; ამდენად, სააპელაციო პალატის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინების თარიღში დაშვებული იყო შეცდომა და არსებობდა მისი გასწორების საფუძველი.

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ. ჯ-ემ და მოითხოვა ამ განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების განჩინებას საფუძვლად დაუდო აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 4400 ლარის გადაუხდელობა, მხარემ სასამართლოს მიმართა თხოვნით, გადაევადებინა მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა იმის გათვალისწინებით, რომ იმ პერიოდში იყო პატიმარი, აპელანტის ოჯახის წევრმა ასევე წარუდგინა სასამართლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ცნობა, რომ დ.ჯ-ის სახელზე ქონება არ ირიცხებოდა. სასამართლოს, იმ შემთხვევაში, თუ ეს დოკუმენტი არასაკმარისად მიაჩნდა, შეეძლო მიეთითებინა ქონებრივი მდგომარეობის დადასტურებისათვის საიდან წარედგინა მტკიცებულება აპელანტს. სასამართლოს, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების დაჩქარებით გამოტანის გამო, განჩინებაში არასწორად აქვს მითითებული მისი მიღების თარიღი, რომელიც, შეიძლება მან ტექნიკურ შეცდომად ჩათვალოს, თუმცა ეს გარემოება ამ განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია, ამასთან, აპელანტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, წარადგინოს დოკუმენტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან მისი გადახდის გადავადების შესახებ, რათა სააპელაციო სასამართლომ განიხილოს სააპელაციო საჩივარი.

განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ სააპელაციო პალატის 2014 წლის 7 მარტის გაუქმების მოთხოვნით ასევე წარმოდგენილია დ. ჯ-ის კერძო საჩივარი, რომელიც შემდეგ გარემოებებს ემყარება:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ განჩინებაში დაშვებული უსწორობა გაასწორა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან ამ გარემოების თაობაზე მიუთითა კერძო საჩივარში, მაშინ, როდესაც უსწორობის გასწორება სასამართლოს შეეძლო მანამ, ვიდრე მხარე ამას კერძო საჩივრით გახდიდა სადავოდ. დ.ჯ-ემ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო პალატამ გამოიტანა ერთპიროვნულად, მაშინ, როდესაც უსწორობის გასწორების შესახებ განჩინება ხელმოწერილია სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის მიერ.

მოგვიანებით საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების თაობაზე დ.ჯ-ემ დამატებით განმარტა, რომ ეს რეალურად არ იყო უსწორობა, სასამართლომ იგი მიზანმიმართულად გაასწორა მას შემდეგ, რაც მხარემ მიუთითა კერძო საჩივარში და ამ განჩინების გაუქმება მნიშვნელოვანი იყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინებით დ. ჯ-ის კერძო საჩივრები მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრების საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ჯ-ის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და ამას არც კერძო საჩივრის ავტორი არ ხდის სადავოდ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე. სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსწორებისათვის მხარეს განესაზღვრა 10 დღის ვადა და დაევალა:

- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა, იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში;

- მიეთითებინა, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემომტანი პირი;

- მიეთითებინა გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს.

_ გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 4400 ლარი; აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი წარმოედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში;

2013 წლის 16 დეკემბერს (11.12.2013წ. მიმართა ციხის ადმინისტრაციას) ხარვეზის შევსების მიზნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა დ. ჯ-ემ, წარმოადგინა სააპელაციო საჩივარი და იმ საფუძვლით, რომ იყო მსჯავრდებული, კვლავ იშუამდგომლა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე;

სააპელაციო პალატის 2013 წლის 24 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, დ. ჯ-ეს დაევალა, განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სრულად გამოესწორებინა ხარვეზი, კერძოდ:

- წარედგინა სააპელაციო საჩივარი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად, იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის განსახილველ საქმეში;

- მიეთითებინა, რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემომტანი პირი;

- მიეთითებინა გარემოებებზე, რომლებიც დაასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებენ ამ გარემოებებს.

- გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 4 400 ლარი; აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი წარმოედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

2014 წლის 20 იანვარს (15.12.2013წ. მიმართა ციხის ადმინისტრაციას) აპელანტმა კვლავ განცხადებით მიმართა სასამართლოს, ხარვეზის შევსების მიზნით წარადგინა სააპელაციო საჩივარი ორ ეგზემპლარად და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის კვლავ 10 დღით გაგრძელება, აღნიშნა, რომ ამ ვადაში შეძლებდა წარედგინა მტკიცებულებები მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 იანვრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, დ. ჯ-ეს შვიდი დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 4 400 ლარი, თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი წარედგინა სააპელაციო სასამართლოში ან წარმოედგინა მისი ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა გათვალისწინებითაც სასამართლო შეძლებდა, ემსჯელა აპელანტის ქონებრივ მდგომარეობაზე. აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნებოდა განუხილველად;

საქმეში წარმოდგენილია გ. ჯ-ის მიერ წარდგენილი განცხადება, რომელსაც ერთვის საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ცნობა.

სააპელაციო სასამართლომ განცხადება და თანდართული მტკიცებულება ხარვეზის გამოსწორების საკმარის საფუძვლად არ მიიჩნია და ჩათვალა, რომ დოკუმენტი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48–ე მუხლის მოთხოვნებს, ამასთანავე, ის გარემოება, რომ აპელანტი იყო პატიმარი სასამართლოს მიერ არ იქნა მიჩნეული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლად. ამ გარემოების მხედველობაში მიღებით, პალატამ ჩათვალა, რომ საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით.

კერძო საჩივრის ავტორი სასამართლოს ამ მოსაზრებას არ იზიარებს იმ მოტივით, რომ თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ წარდგენილი მტკიცებულება არასაკმარისი იყო, უნდა მიეთითებინა თუ საიდან მოეპოვებინა მხარეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან მისი გადახდის გადავადების დამადასტურებელი დოკუმენტი და განესაზღვრა დამატებით ვადა, ამასთანავე, განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ სასამართლომ არასწორად მიუთითა მისი გამოტანის თარიღი.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის პირველ არგუმენტს და მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეს არაერთხელ გაუგრძელდა ვადა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის, ერთადერთი დოკუმენტი, რაც წარმოდგენილია ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, არის საჯარო რეესტრის ცნობა, სადაც, მართალია, მითითებულია, რომ დ.ჯ-ეს არ ერიცხება საკუთრებად უძრავი ქონება, თუმცა განმარტებულია ისიც, რომ რეესტრში დაცული ინფორმაცია არ იძლევა იმის შესაძლებლობას, მხოლოდ პირის დასახელებით გაცემულ იქნას უტყუარი ცნობა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებაზე, რომლის თანახმადაც მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამ ნორმისა და საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს მხარის არგუმენტს, რომ მას უნდა მიეთითოს დოკუმენტსა თუ მის გამცემზე, რაც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გაათავისუფლებს ან გამოიწვევს მისი გადახდის გადავადებას.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას ქონებრივი მდგომარეობის შეფასების, ასევე პატიმრობაში ყოფნის ფაქტის თაობაზე და განმარტავს შემდეგს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. კანონის მითითებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსსკ 47-ე მუხლი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსსკ 48-ე მუხლი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მას არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლით დათარიღებული განჩინების თაობაზე წარდგენილი კერძო საჩივრის იმ არგუმენტს, რომ დაშვებული უსწორობა წარმოადგენს განჩინების გაუქმების საფუძველს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი კერძო საჩივრის ფარგლებში ამ არგუმენტის შემოწმების საჭიროება აღარ არსებობს, ვინაიდან დაშვებული უსწორობა გასწორებულია.

მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2014 წლის 7 მარტს სააპელაციო სასამართლომ გაასწორა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების შესავალ ნაწილში არსებული უსწორობა, კერძოდ, მისი გამოტანის თარიღი: „7 თებერვალი, 2013 წელი“ გასწორდა „7 თებერვალი, 2014 წლით“. სასამართლოს მსჯელობა ამ კუთხით ემყარება შემდეგს:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ს. თ-ას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გამოტანილია 2013 წლის 17 სექტემბერს, სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასმართლოს გადაეგზავნა 2013 წლის 25 ოქტომბერს, რაც უდავოდ მოწმობდა 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში უსწორობის დაშვებაზე.

კერძო საჩივრის ავტორი განჩინების გაუქმების საჭიროებას ადასტურებს იმით, რომ სასამართლო უსწორობა მხოლოდ მხარის მითითების შემდეგ გაასწორა, რაც ამ უსწორობის განზრახ დაშვებაზე მიუთითებს, ამასთან, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება ერთპიროვნულად, ხოლო ამ განჩინებაში უსწორობის გასწორების შესახებ განჩინება კოლეგიური წესითაა განხილული. დ.ჯ-ის მოსაზრებით, უსწორობის ფაქტი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველია.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მხარის ამ არგუმენტს და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილითაც დადგენილია ქცევის შემდეგი წესი:

სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ნორმის რეგულირების ფარგლებში ექცევა სწორედ იმგვარი უსწორობები, რომლებიც მექანიკური ხასიათისაა და საქმის განხილვაზე რაიმე გავლენას არ ახდენს, მათ შორისაა განჩინებისა თუ გადაწყვეტილების თარიღის უსწოროდ მითითება. ამგვარი მცირე ხასიათის შეცდომები არა გადაწყვეტილების გაუქმების, არამედ მასში შესწორების შეტანის შესაძლებლობას იძლევა როგორც მხარის, ისე სასამართლოს ინიციატივით. ამდენად, მხარის მოსაზრება მისი გაუქმების აუცილებლობაზე დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებულია.

რაც შეეხება იმ გარემოებაზე მითითებას, რომ სასამართლომ სააპელაციო საჩივარი ერთპიროვნულად დატოვა განუხილველად, ხოლო უსწორობის საკითხი კოლეგიური წესით განიხილა, ვერც აღნიშნული გახდება განჩინების გაუქმების საფუძველი, რადგანაც საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლი არეგულირებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განსახილველად მომზადების წესს და ნორმა საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწვეტას ავალდებულებს კოლეგიური შემადგენლობის ერთ წევრს, მოსამართლე ამ საკითხებს წყვეტს ერთპიროვნულად. სწორედ ამ ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლომ სავსებით მართებულად განიხილა საჩივრის დასაშვებობის საკითხი ერთპიროვნულად. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ უსწორობის გასწორების შესახებ განჩინება სამი მოსამართლის მიერაა ხელმოწერილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ გარემოების შეფასების საფუძველი, ვინაიდან უდავოა, რომ არსებობდა ტექნიკური უზუსტობის გასწორების აუცილებლობა; უდავოა, რომ საქმე მთავარ სხდომაზე განხილული არ ყოფილა, ისეთ ვითარებაში, თუ დადგინდება კიდევაც საკითხის ერთპიროვნულად გადაწყვეტის საჭიროება, კოლეგიური წესით საკითხის გადაწყვეტა მისი გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. ჯ-ის კერძო საჩივრები უსაფუძვლოა და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. ჯ-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 (2013) წლის 7 თებერვლისა და 2014 წლის 7 მარტის განჩინებები დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე