№ას-313-295-2014 21 მაისი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ზ. და ნ. ყ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი. ბ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. და ნ. ყ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში ი. ბ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს და მოითხოვეს ნოტარიუს ს. მ-ის მიერ, 2013 წლის 30 სექტემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №131029187) ცვლილებების შეტანა, კერძოდ, ზ. ყ-ე დაკისრებული სესხის ძირითადი თანხის 10 000 დოლარის შემცირება 1306 აშშ დოლარით, პირგასამტეხლოს 0,15 %-დან 0,12%-მდე შემცირება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. და ნ. ყ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა 2013 წლის 30 სექტემბერს ნოტარიუს ს. მ-ის მიერ გაცემულ N131029187 სააღსრულებო ფურცელში, სააღსრულებო ფურცლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში შემცირდა პირგასამტეხლო 0.15 %-დან 0.1 %-მდე.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინებით ზ. და ნ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზ. ყ-ს, ნ. ყ-ს ან მათ წარმომადგენელ ი. ბ-ას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსთვის არ მიუმართავს, ხოლო საქმეში არსებული ხელწერილით დასტურდება, რომ ზ. ყ-მა გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2014 წლის 28 იანვარს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 2014 წლის 24 იანვარს და ამოიწურა 2014 წლის 6 თებერვალს. ზ. ყ-სა და ნ. ყ-ის წარმომადგენელმა ი. ბ-ამ სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა 2014 წლის 7 თებერვალს.
აღნიშნული განჩინება აპელანტებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს. მათი მითითებით, კანონი არ ითვალისწინებს სასამართლოსადმი წერილობით მიმართვის ვალდებულებას. ისინი დადგენილ ვადაში არაერთხელ გამოცხადდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, მაგრამ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო. ამ ფაქტის დადასტურება მოსამართლის თანაშემწეს შეუძლია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ზ. და ნ. ყ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემომითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად.
საკასაციო პალატა იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად, აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამოც სასამართლო, მიმართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღესვე ვერ შეძლებს მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებას.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ზ. და ნ. ყ-მა ან მათმა წარმომადგენელმა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, რომ ისინი მიდიოდნენ სასამართლოში, მაგრამ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო, საკასაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ზ. და ნ. ყ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. და ნ. ყ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე