საქმე№ას-314-296-2014 21 მაისი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - გ. და მ. მ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ს-ი, ე. ზ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. და მ. მ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ვ. ს-სა და ე. ზ-ას მიმართ გ. მ-ეს, მ. მ-ეს და ე. ზ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. და მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინებით გ. მ-სა და მ. მ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ამავე განჩინებით კი, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის განჩინებით აპელანტებს დაევალათ 10 დღის ვადაში წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 280 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
აპელანტთა წარმომადგენელ ა. ხ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 იანვრის განჩინება ჩაბარდა 2014 წლის 3 თებერვალს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ხარვეზის გამოსწორების ვადა ამოიწურა 2014 წლის 13 თებერვალს.
2014 წლის 19 თებერვალს გ. მ-ემ და მ. მ-ემ ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე, ასევე წარადგინეს ცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს სამსახურიდან, რომლითაც დასტურდებოდა, რომ აპელანტების ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
სააპელაციო პალატა შუამდგომლობის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გათავისუფლების საფუძვლები, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს სამსახურის მიერ გაცემული ცნობით არ დასტურდებოდა, რომ აპელანტების ოჯახი იღებდა საარსებო შემწეობას, საარსებო შემწეობის მიღება კი, სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა.
ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ იყო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი გამოსწორებული - სახელმწიფო ბაჟი არ იყო გადახდილი, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა, ამასთანავე, პალატამ ასევე მიუთითა ამავე ნორმის მე-7 ნაწილზე და, ვინაიდან, აპელანტები საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ შუამდგომლობდნენ, მიიჩნია, რომ არ არსებობდა არც საპროცესო ვადის გაგრძელების წინაპირობები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს გ. და მ. მ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ არასწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, რადგანაც 2014 წლის 28 იანვრის განჩინება, რომლითაც სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და მისი გამოსწორების ვადა 10 დღით განისაზღვრა, მხარეს ჩაბარდა 2014 წლის 3 თებერვალს, ხოლო მხარემ ხარვეზის გამოსწორების მიზნით განცხადება ფოსტაში წარადგინა 2014 წლის 12 თებერვალს, სასამართლოს კი გადაეცა 19 თებერვალს, ამდენად, საპროცესო ვადა მხარის მიერ არ დარღვეულა.
უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ხარვეზის გამოუსწორებლობისა და არასათანადო დოკუმენტის წარდგენის თაობაზე, რადგანაც სასამართლოში წარდგენილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ამონაწერის თანახმად, აპელანტებს ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა მონაცემების ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ კანონით დადგენილი შესაბამისი ქულა, რაც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველია, სწორედ ამ ქულის ოდენობიდან გამომდინარე, 2014 წლის თებერვლიდან ეძლევათ აპელანტებს შემწეობა, ამდენად, სააპელაციო პალატის მსჯელობა ზემოაღნიშნული დოკუმენტის თაობაზე უსაფუძვლოა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 აპრილის განჩინებით გ. და მ. მ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. და მ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, კერძო საჩივარი შეიცავს სამართლებრივ დასაბუთებას სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, რის გამოც არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
გასაჩივრებული განჩინების საპროცესო კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისათვის კანონით უზრუნველყოფილი მხარის უფლება დაარღვია, ამასთანავე, არასწორადაა აღნიშნული განჩინებაში საპროცესო ვადის გამოთვლის თაობაზე.
გასაჩივრებული განჩინებით პალატამ დადგენილად ცნო, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, რომლითაც მისი გამოსწორების საპროცესო ვადა განისაზღვრა 10 დღით, ხოლო საპროცესო მოქმედებას წარმოადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მხარეს კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა 2014 წლის 3 თებერვალს, ხარვეზის გამოსწორების ვადა ამოიწურა 13 თებერვალს, ხოლო აპელანტებმა სასამართლოს მიმართეს 2014 წლის 19 თებერვალს.
გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ შეაფასა მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტი და დადგენილად მიიჩნია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული აპელანტები, რომელთა სარეიტინგო ქულა 55270-ით არის განსაზღვრული, არ არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების სუბიექტები, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარემ არ იშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, სასამართლომ მას არც საპროცესო ვადა გაუგრძელა და ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.
კერძო საჩივრის ავტორები არ ეთანხმებიან სასამართლოს მსჯელობას საპროცესო ვადის თაობაზე და მიიჩნევენ, რომ მათ სწორედ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით, ფოსტის მეშვეობით მიმართეს სასამართლოს, ამასთანავე, სათანადო მტკიცებულების წარდგენით დაადასტურეს ფაქტობრივი გარემოება, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული იყვნენ და, შესაბამისად, ხარვეზიც სრულად გამოასწორეს.
საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტებს და მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ საფოსტო შეტყობინებაზე, რომლის თანახმადაც აპელანტთა უფლებამოსილ წარმომადგენელს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, რომლითაც საპროცესო ვადა 10 დღით იყო განსაზღვრული, ჩაბარდა 2014 წლის 6 თებერვალს და არა 3 თებერვალს, როგორც ამას სასამართლო მიუთითებს განჩინებაში (იხ. ტ. II, ს.ფ.7);
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილი წარმომადგენლის ინფორმირება მხარის ინფორმირებადაც განიხილება და საპროცესო მოქმედების განხორციელების საკმარისი საფუძველია.
ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის ძალით, 10-დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 7 თებერვალს და ამოიწურა 17 თებერვალს (16 თებერვალი იყო არასამუშაო დღე);
საქმეში წარმოდგენილი განცხადების თანახმად, რომელსაც ერთვის თ. შ-ის სახელით გაგზავნილი საფოსტო კონვერტი (ეს კონვერტი მითითებულია როგორც სარეგისტრაციო შტამპზე, ისე საქალაქო სასამართლოს მიმართვაზე) აღნიშნულია, რომ ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადება ფოსტას ჩაბარდა 2014 წლის 13 თებერვალს (იხ. ტ. II, ს.ფ.8-11), შესაბამისად, მხარის მიერ საპროცესო მოქმედება განხორციელებულად ითვლება ფოსტისათვის მიმართვიდან და არა განცხადების სასამართლოში შესვლიდან - 2014 წლის 19 თებერვლიდან;
თავად განცხადებაზე დართული ცნობის თანახმად, რომელიც სააპელაციო სასამართლოს შეფასებითვე სწორედ აპელანტთა ოჯახურ მდგომარეობას ასახავს, დასტურდება, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელია 55270;
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განჩინების იმ მსჯელობას, რომელიც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტსა და ზემოაღნიშნულ მტკიცებულებას და განმარტავს შემდეგს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით, ხოლო „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით, კანონმდებელმა დაადგინა, რომ სასამართლო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდისაგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე (მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ1“ ქვეპუნქტი).
დასახელებული საკანონმდებლო რეგულაცია პრაქტიკულად იმავე სამართლებრივ დატვირთვას ატარებს, რასაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის დებულება, რადგანაც საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 57001 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი).
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია რა, რომ მხარის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ნაკლებია ზღვრულ ოდენობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა მხარის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და არასწორად უთხრა უარი აპელანტებს საჩივრის განსახილველად დაშვებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობს სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები, შესაბამისად, საქმე უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს გ. და მ. მ-ის სააპელაციო საჩივრის ხელახალი განხილვისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. და მ. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. კერძო საჩივრის ავტორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე