Facebook Twitter

№ას-317-299-2014 27 მაისი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - თ. ა-ის კანონიერი წარმომადგენელი გ. ა-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ა-ე (კანონიერი წარმომადგენელი ი. ა-ე) (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

არასრულწლოვანი თ. ა-ის კანონიერმა წარმომადგენელმა გ. ა-ემ სასამართლოს არასრულწლოვანი გ. ა-სა და მისი მშობლების - თ. და ი. ა-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა. მოსარჩელემ მოითხოვა დანაშაულით მიყენებული ზიანის - 10 000 ლარის ანაზღაურება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 23 მაისს მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაცარასრულწლოვან თ. ა-ის კანონიერ წარმომადგენელ გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება მოპასუხემ კანონით დაგდენილ ვადაში გაასაჩივრა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 სექტემბრის განჩინებით გ. ა-ის კანონიერ წარმომადგენელ ი. ა-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის განჩინება და საქმე გ. ა-ის კანონიერი წარმომადგენლის საჩივრის დასაშვებობის შემოწნმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3 დეკემბრის განჩინებით გ. ა-ის კანონიერი წარმომადგენლების - თ. და ი. ა-ის საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

იმავე სასამართლოს 17 დეკემბრის განჩინებით მოპასუხე გ. ა-ის კანონიერი წარმომადგენლების საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ა-ის კანონიერი წარმომადგენლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. ა-სა და მის კანონიერ წარმომადგენლებს - თ. და ი. ა-ს მოსარჩელის სასარგებლოდ 7000 ლარის გადახდა დაეკისრათ. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 თებერვლის განჩინებით აპელანტ თ. ა-ეს დაევალა ხარვეზის შევსების მიზნით წარმოედგინა სააპელაციო საჩივარი, სადაც მითითებული იქნებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობებზე.

იმავე სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის განჩინებით თ. ა-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თ. ა-ე ასაჩივრებს არა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებას, არამედ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იმ განჩინებას, რომლითაც გაუქმდა 2013 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გაადწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. ა-ის კანონიერმა წარმომადგენელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, იგი ასაჩივრებდა როგორც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, ისე განჩინებას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუტებას კი წარმოადგენდა მითითიება იმის შესახებ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკნონიდ გაუქმდა და საქალაქო სასამართლომ არ შეასრულა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 სექტემბრის განჩინების მითითება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ თ. ა-ის კანონიერ წარმომადგენელ გ. ა-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: არასრულწლოვან თ. ა-ის კანონიერმა წარმომადგენელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის (გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში არასწორადაა მითითებული 19 ნოემბერი, დაშვებულია უსწორობა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 25 დეკემბერს გამოცხადდა) გადაწყვეტილება, ასევე იმავე სასამართლოს 2013 წლის 17 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. აპელანტის მოსაზრებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, ასევე საქალაქო სასამართლომ ისე იმსჯელა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 სექტემბრის განჩინების მითითება არ შეასრულა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტი ასაჩივრებდა მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განჩინებას, რომელიც არ საჩივრდება და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა, შესაბამისად, მართალია, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე განჩინება ცალკე არ საჩივრდება, მაგრამ მხარეს, რომელიც მიიჩნევს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებით სასამართლომ საპროცესო კანონმდებლობა დაარღვია, განჩინების გასაჩივრება შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად შეუძლია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ამდენად, როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო საჩივრის საფუძველი, გარდა გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დაუსაბუთებლობისა, შეიძლება იყოს მითითება საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევაზე, რომელიც დაშვებულია შესაბამის ინსტანციაში საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ამომწურავად ჩამოთვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და მისი გაუქმების საფუძვლებს. ისეთ პირობებში, როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება ამგვარი საფუძვლის გარეშე ხდება, ირღვევა საპროცესო კანონმდებლობა, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების უკანონოდ გაუქმების შემდეგ საქმის არსებითად განხილვის შედეგად გამოტანილი გადაწყვეტილება საპროცესო კანონმდებლობის დარღვევის შედეგადაა მიღებული და შესაძლებელია, გაუქმდეს, მიუხედავად იმისა, სწორია თუ არა მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება (იხ. მაგ. სუსგ Nას-380-353-2010).

განსახილველ შემთხვევაში, თ. ა-ის კანონიერი წარმომადგენელი ასაჩივრებდა განჩინებას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მისი მოსაზრებით, სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკანონოდ გააუქმა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი არ იყო და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველად მითითებული იყო საპროცესო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ა-ის კანონიერ წარმომადგენელ გ. ა-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ა-ის კანონიერ წარმომადგენელ გ. ა-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 თებერვლის განჩინება და საქმე თ. ა-ის სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე