საქმე №ას-318-300-2014 13 მაისი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ა. ო-ა, მ. ხ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. თ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვება
დავის საგანი – სესხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. თ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ო-სა და მ. ხ-ას მიმართ მოპასუხეებისათვის 1200 აშშ დოლარის ეკვივალენტი 1980 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ა. ო-სა და მ. ხ-ას დ. თ-ას სასარგებლოდ დაეკისრათ 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, დ. თ-ას უარი ეთქვა ა. ო-სა და მ. ხ-ის 200 აშშ დოლარის დაკისრებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 თებერვლის განჩინებით ა. ო-სა და მ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზუგდიდის რაიონულმა სასამარლომ დ. თ-ას სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 2013 წლის 13 დეკემბერს გამოიტანა. საქმეზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე ა. ო-ა, ხოლო მ. ხ-ის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი.
დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის ოჯახის წევრმა (შვილმა) მ. ო-ამ ჩაიბარა 2014 წლის 22 იანვარს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მოპასუხეებს სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის განცხადების საფუძველზე გადაეგზავნათ დამატებით, რომელიც ა. ო-სა და მ. ხ-ას ჩაბარდათ 2014 წლის 24 იანვარს.
ა. ო-სა და მ. ხ-ას მიერ სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გაგზავნილ იქნა 2014 წლის 6 თებერვალს. რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების, სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა იწყებოდა 2013 წლის 13 დეკემბრიდან (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან) ოცდამეათე დღეს, ანუ - 2014 წლის 13 იანვრიდან, შესაბამისად, გასაჩივრების უფლების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2014 წლის 27 იანვარი, მოპასუხე მხარემ კი სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2014 წლის 6 თებერვალს, გასაჩივრების ვადის დარღვევით.
დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე, 374-ე მუხლებით და იმის გათვალისწინებით რომ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე ა. ო-ა, ამასთან გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო მეორე მოპასუხისათვის, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა იწყებოდა 2013 წლის 13 დეკემბრიდან (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან) ოცდამეათე დღეს - 2014 წლის 13 იანვრიდან, შესაბამისად, გასაჩივრების უფლების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2014 წლის 27 იანვარი, მოპასუხე მხარემ კი, სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2014 წლის 6 თებერვალს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ა. ო-ამ და მ. ხ-ამ, მოითხოვეს მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა აპელანტების მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დარღვევის თაობაზე არასწორია, რადგანაც მხარემ სააპელაციო საჩივარი დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14-დღიანი ვადის დაცვით გაასაჩივრა. მხარემ სასამართლოს ფაქსის მეშვეობით წერილობით მიმართა და მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების გაგზავნა, თუმცა სასამართლომ მოტივირებული გადაწყვეტილება მხარეს არ გაუგზავნა, რის გამოც მოპასუხის შვილი, რომელიც არაუფლებამოსილი იყო, ჩაებარებინა გადაწყვეტილება, გამოცხადდა სასამართლოში და ჩაიბარა გადაწყვეტილება, სასამართლომ კი, მხარეს გადაწყვეტილება გაუგზავნა და ჩააბარა 2014 წლის 22 იანვარს. სწორედ მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარების დღიდან უნდა აითვალოს სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადა, რაც შეეხება მარინე ო-ას მიერ გადაწყვეტილების ჩაბარებას, ვინაიდან იგი არ ყოფილა წარმომადგენელი, ამასთან, ცხოვრობს ცალკე, მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარება კანონის ნორმიდან არ გამომდინარეობს. მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მისი გასაჩივრების ვადის დაცვა დადასტურებულია „საქართველოს ფოსტის“ მიერ გაცემული დოკუმენტაციით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 აპრილის განჩინებით ა. ო-სა და მ. ხ-ას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ო-სა და მ. ხ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით შედგენილი მინდობილობით დადასტურებულია, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას ა. ო-ა წარმოადგენდა ასევე მ. ხ-ას ინტერესებს;
უდავოა, რომ რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 დეკემბრის სხდომას, როდესაც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუცილი ნაწილი, ესწრებოდა ა.ო-ა, ხოლო მოსამართლის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტის თანახმად, მ.ხ-ას ასევე ეცნობა სხდომის თარიღი;
საქმეში წარმოდგენილი გზავნილების (ხელწერილის) თანახმად, მარინე ო-ამ 2014 წლის 22 იანვარს ჩაიბარა გადაწყვეტილება როგორც ა. ო-ის, ისე დედინაცვალ მ. ხ-ის გადასაცემად;
ფაქსის მეშვეობით გაგზავნილი განცხადების თანახმად, 2014 წლის 8 იანვარს ა.ო-ამ ითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების გაგზავნა ქ.თბილისში, ვ-ის მე-4 მიკრო რაიონის მე-3 კვარტალში მდებარე მე-13 კორპუსის N50 ბინაში;
საქმეში წარმოდგენილია საფოსტო შეტყობინებები, რომელთა თანახმადაც 2014 წლის 24 იანვარს ზემოაღნიშნულ მისამართზე მ. ხ-ამ, როგორც საკუთარი, ისე მეუღლის სახელით ჩაიბარა რაიონული სასამართლოს მიერ გაგზავნილი კორესპოდენცია;
სააპელაციო საჩივარზე დართული საფოსტო კონვერტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი მოპასუხეებმა წარადგინეს 2014 წლის 6 თებერვალს.
სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაუდო ის ფაქტი, რომ აპელანტებმა დაარღვიეს საპროცესო ვადა, რომელიც დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს და ამოიწურა 2014 წლის 27 იანვარს.
კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საპროცესო ნორმა. მათი მოსაზრებით: ა) მ. ო-ა არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს ჩაებარებინა სასამართლო გადაწყვეტილება; ბ) მხარემ ფაქსის მეშვეობით მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების გაგზავნის თხოვნით, სწორედ საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გადაწყვეტილების ჩაბარებიდან უნდა იქნას გამოანგარიშებული საპროცესო ვადა, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცულია.
საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს მხარის არგუმენტს მ. ო-ას, როგორც არაუფლებამოსილი ადრესატის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე, თუმცა ამ საკითხს მხედველობაში ვერ მიიღებს, რადგანაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მ.ო-ის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტზე არ დაუმყარებია, რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ საპროცესო ვადის ათვლა, გადაწყვეტილების მხარისათვის ფოსტით გადაცემის დღიდან იწყება, საკასაციო პალატის შეფასებით, კერძო საჩივრის ეს არგუმენტი უსაფუძვლოა. ამ მოსაზრების საპირისპიროდ, პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლით კი დადგენილია ქცევის შემდეგი წესი: თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებლობა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენას უკავშირებს გარკვეულ წინაპირობებს, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირისათვის ცნობილია სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დღე, მხარე ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა და ხელზე ჩაიბაროს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროცესო ვადის დენა დაიწყება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
უდავოა ის ფაქტიც, რომ აპელანტები 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს არ წარმოადგენენ, რაც სასამართლოს წარმოუშობდა ვალდებულებას, გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, უფრო მეტიც, მხარე არც კი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეები ზემოაღნიშნული ვადის დაცვით გამოცხადდნენ სასამართლოში და ითხოვეს გადაწყვეტილების ჩაბარება, ხოლო ის ფაქტი, რომ მხარემ ფაქსის მეშვეობით მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით, ვერ შეცვლის მის ვალდებულებას, გამოცხადებულიყო სასამართლოში და მოეთხოვა გადაწყვეტილების ჩაბარება.
ამდენად, უდავოა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 12 იანვარს, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს (რომელიც ამავდროულად სააპელაციო საჩივრის წარდგენის პირველ დღეს წარმოადგენს) და ამოიწურა 2014 წლის 27 იანვარს, თანახმად საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა. სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 2014 წლის 6 თებერვალს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის, 61-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 63-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ო-სა და მ. ხ-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ო-სა და მ. ხ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე