საქმე№ას-323-304-2014 29 მაისი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ. ტ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. და ა. მ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. და ა. მ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში სოსო ჩავლეიშვილის, გ. ტ-სა და დ. გ-ის მიმართ და წილის დათმობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოითხოვეს გ. ტ-სა და ს. ჩ-ის გ. მ-ის სასარგებლოდ 20000 ლარის, დ. გ-ის გ. ჩ-ის სასარგებლოდ 4980 აშშ დოლარის, ხოლო ა. მ-ის სასარგებლოდ მისთვისვე 5000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. ტ-სა და ს. ჩ-ს გ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 20000 ლარის გადახდა, დ. გ-ეს გ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4980 აშშ დოლარის, ხოლო დ. გ-ეს ა. მ-ის სასარგებლოდ - 5000 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. გ-ემ და გ. ტ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 მარტის განჩინებით დ. გ-სა და გ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 24 იანვრის განჩინებით აპელანტებს დაენიშნათ საპროცესო ვადა, სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარმოსადგენად და სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.
სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის განჩინება გაეგზავნა და ჩაბარდა აპელანტების წარმომადგენელ კ. ჩ-ს 2014 წლის 29 იანვარს.
მითითებული განჩინების საპასუხოდ, აპელანტებს არანაირი საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებიათ.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 374-ე მუხლის პირველი ნაწილით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-60 და 61-ე მუხლებით და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის განჩინებით დადგენილი 10-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 30 იანვარს (ანუ განჩინების ჩაბარებიდან მეორე დღეს) და დასრულდა 2014 წლის 10 თებერვლის 24:00 საათზე (ვადის უკანასკნელი დღე 8 თებერვალი დაემთხვა დასვენების დღეს - შაბათს), ისე, რომ აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ტ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარში მხარემ მიუთითა მის რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე. აპელანტი იმყოფება რთულ ეკონომიკურ მდგომაროებაში, მისი უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღებულია, მათ შორის წინამდებარე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მხარის შუამდგომლობა და დააკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც მხარემ ვერ უზრუნველყო. სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის განჩინებით გ. ტ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ტ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველი საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სააპელაციო საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე წარადგინეს დ. გ-ემ და გ. ტ-ემ;
სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ აპელანტები იმყოფებიან „შეჭირვებულ მდგომაროებაში“ და შუამდგომლობენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე;
სააპელაციო საჩივარს არ ახლავს რაიმე მტკიცებულება, რაც მხარეთა ქონებრივ მდგომარეობას ასახავდა;
პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მისი მსჯელობის საგანი, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ გ. ტ-ის პრეტენზიის მართებულობის შემოწმებაა (იხ. საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისი განჩინება).
სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 24 იანვრის განჩინებით დაუსაბუთებლობის მოტივით არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, ხოლო სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და მხარეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის, ასევე დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა განჩინების ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადის დაცვით;
დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ აპელანტის წარმომადგენელ კ. ჩ-ს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა პირადად 2014 წლის 29 იანვარს.
საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 30 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 10 თებერვალს, დღის 24:00 საათზე;
უდავოა, რომ აპელანტს არც დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის და არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, აღნიშნულით დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მოთხოვნები. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მხარის ამ მოსაზრებას და განმარტავს შემდეგს:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვა წარმოადგენს სასამართლო ხელმისაწვდომობის გარანტიას, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური უფლება და კანონით დადგენილია მისი შეზღუდვის წინაპირობები, მათ შორისაა საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა თუ საპროცესო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მყოფი საპროცესო დოკუმენტის (სარჩელის, სააპელაციო თუ საკასაციო საჩივრის) წარდგენის აუცილებლობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლებით რეგულირებულია სასამართლოს ხელმისაწვდომობისა და მართლმსაჯულების სამართლიანი განხორციელების პრინციპი. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსსკ 47-ე მუხლი), აგრეთვე, შუამდგომლობისა და ამ შუამდგომლობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსსკ 48-ე მუხლი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება, როგორც უკვე აღინიშნა, არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში, მხარე მძიმე ქონებრივ მდგომარეობას ამყარებს მხოლოდ საკუთარ განმარტებაზე, რაც სათანადო მტკიცებულებით გამყარებული არ ყოფილა, თავის მხრივ, კერძო საჩივარში მითითებული ქონების დაყადაღების თაობაზე, მათ შორის წინამდებარე საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, თუმცა, ზოგადად ქონების დაყადაღების ფაქტი, დაუდასტურებლობის გამო, დასაბუთებულად ვერ იქნება მიჩნეული, რაც შეეხება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, საქმეში წარმოდგენილი რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განჩინებით ირკვევა, რომ დაყადაღებულია შპს „ჯ. ს. კ-ის“ ქონება და არა ფიზიკური პირის, საწინააღმდეგო ვითარებაშიც კი, ეს გარემოება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების უპირობო საფუძვლად ვერ იქნებოდა მიჩნეული, ვინაიდან არ დგინდება, რომ გარდა უზრუნველყოფის ობიექტისა, მხარეს სხვა შემოსავალი თუ მატერიალური სახსრები არ გააჩნია.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი, განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
ის გარემოება, რომ კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს მითითებული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, არ არის აბსოლუტური და წარმოადგენს უკიდურეს შემთხვევას, როდესაც სასამართლო მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი შესწავლის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ სავალდებულოა გამოიყენოს საგამონაკლისო ნორმა მხარის მიმართ.
გარდა აღნიშნულისა, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მხარეს არც დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის ნაწილში გამოუსწორებია ხარვეზი, რაც უდავოდ მიუთითებს სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის სწორად გამოყენებასა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართებულობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ტ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე