Facebook Twitter

საქმე№ას-326-310-2013 22 მაისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. კ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.-პ-ი“, შპს „ბ-ი“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოსარჩელე - ა. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება

დავის საგანი – პარტნიორთა კრების ოქმების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. კ-მა და ა. მ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ე.-პ-ისა“ და შპს „ბ-ის“ მიმართ შპს „ე.-პ-ისა“ და შპს „ბათ-ის“ 2012 წლის 7 ივნისისა და 2012 წლის 9 ივლისის კრების ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ამირან ზენაიშვილმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით ნ. კ-ისა და ა. მ-ის წარმომადგენელ ა. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:

პალატამ დადგენილად ცნო, რომ წინამდებარე დავა წარმოადგენდა არაქონებრივს, რის გამოც სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენდა 150 ლარს. გასაჩივრებული ოქმები შეეხებოდა ორივე აპელანტს, რომლებმაც მიიჩნიეს, რომ ამ ოქმებით შეილახა მათი უფლებები და თითოეულმა მათგანმა დამოუკიდებლად მიმართა სასამართლოს სარჩელით; სახელმწიფო ბაჟიც სარჩელებზე - 100-100 ლარის ოდენობით, თითოეულმა მოსარჩელემ გადაიხადა ცალ-ცალკე. შემდგომში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით მათ სარჩელებთან დაკავშირებული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად. ამდენად, ორივე აპელანტი წარმოადგენდა დამოუკიდებელ მხარეს და ორივეს ცალ-ცალკე გააჩნდათ ინტერესი გასაჩივრებული ოქმების ბათილად ცნობისა, შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სწორად დაევალა თითოეულ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე 150-150 ლარის გადახდა. ა. ზ-ს, როდესაც 2013 წლის 15 თებერვალს წარმოადგინა განცხადება ხარვეზის გამოსწორების შესახებ, თითოეული აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 150-150 ლარის გადახდის დავალებასთან დაკავშირებით პრეტენზია არ ჰქონია, იგი შეეცადა, რომ დოკუმენტის დედანთან ერთად წარმოდგენილი ასლით შეეყვანა სააპელაციო სასამართლო შეცდომაში და მიეღწია ორივე აპელანტის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებისათვის. არ იქნა რა ეს მიზანი მიღწეული, 2013 წლის 26 თებერვლის განცხადებაში დაიწყო აპელირება „უსამართლობასა“ და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტაზე.

პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლზე მითითებით, აღნიშნა, რომ საქმის მასალებით წარმომადგენლის მიერ წარმომადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის დაცვა არ დასტურდებოდა, 2013 წლის 26 თებერვლის განცხადებაში იგი ზოგადად მიუთითებდა, რომ ა. მ-ის წარმომადგენელი აღარ იყო, თუმცა, არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მან უარი თქვა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე და გონივრული ვადით ადრე აცნობა ეს მარწმუნებელს. 2013 წლის 15 თებერვალს წარმოდგენილი განცხადებით იგი კვლავ მოქმედებდა, როგორც ა მ-ის წარმომადგენელი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ა. ზ-ი კვლავ ა. მ-ის წარმომადგენლად მიიჩნია.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და აღნიშნა, რომ ა. ზ-ს არც 2013 წლის 15 თებერვალსა და არც 2013 წლის 25 თებერვალს წარმოდგენილ განცხადებაში, საპროცესო ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია. პირველ შემთხვევაში, ვინაიდან ხარვეზი ნაწილობრივ იქნა შევსებული (ორივე აპელანტის სახელით ა. ზ-მა გადაიხადა 150 ლარი, ამდენად - თითოეულ აპელანტს გადახდილად ჩაეთვალა 75 ლარი), სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, აპელანტებისათვის კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა, სრულად შეევსოთ სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზი და გაუგრძელა საპროცესო ვადა. 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება ა. ზ-ს ჩაბარდა სატელეფონო შეტყობინებით იმავე დღეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2012 წლის 19 თებერვლის განჩინებით დადგენილი 5-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 20 თებერვლიდან და დასრულდა 2013 წლის 25 თებერვალს, ისე, რომ აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვიათ, სასამართლომ კი, მიზანშეწონილად აღარ მიიჩნია საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. კ-ის სახელით კერძო საჩივარი შეიტანა ა. ზ-მა, მოითხოვა ნ.კ-ის მოთხოვნის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატის განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს, რადგანაც სააპელაციო სასამართლომ ნ.კ-სა და ა.მ-ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი თითოეული აპელანტის მიერ 150-150 ლარის გადახდის თაობაზე. ა.ზ-მა სასამართლოში წარადგინა სახელმწიფო ბაჟის ქვითარი იმ სახით, რა სახითაც მას გადასცა ბანკმა, პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ მხარეს სასამართლოს შეცდომაში შეყვანა სურდა. მხარემ სასამართლოს განუმარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის ნ. კ-ის მიერ იყო გადახდილი, ხოლო ა. მ-ს აღარ წარმოადგენდა ა.ზ-ი, ამ პირის ინტერესებს სხვა ადვოკატი - ზ. ქ-ი იცავდა. სასამართლომ კი, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ჩათვალა, რომ ა.ზ-მა მიატოვა მარწმუნებელი. თავდაპირველი ხარვეზის შევსებისას ტექნიკური ხარვეზის გამო, ა. მ-ი დაფიქსირდა განცხადებასა და სახელმწიფო ბაჟის ქვითარში ნ. კ-თან ერთად, რაც განემარტა კიდევაც სასამართლოს, რადგანაც თავად ქვითარს ყველა რეკვიზიტი იდენტური ჰქონდა. სააპელაციო სასამართლომ ტენდენციურად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ნაცვლად ნ.კ-ის მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა, გამოიტანა დაუსაბუთებელი განჩინება.

გასაჩივრებული განჩინებითვეა დადასტურებული, რომ 2013 წლის 25 თებერვალს, ანუ საპროცესო ვადის დაცვით განხორციელდა ა. მ-ის თაობაზე პროცესუალური ინფორმირება, ხოლო თანაშემწეს განჩინების შეტყობიდან მე-2 დღესვე ეცნობა ელ.ფოსტის მეშვეობით, თუმცა აღნიშნულის დასტური ადრესატს არ გადასცემია. სასამართლომ ხარვეზის გამოსწორების მიუხედავად, არაეთიკურად მოიხსენია აპელანტის წარმომადგენელი. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის განაწილება სასამართლოს კეთილ ნებას არ წარმოადგენდა მით უმეტეს, როდესაც განემარტა, რომ იგი ნ.კ-ის მიერ იყო გადახდილი, ამასთანავე, თუ სასამართლო ა.ზ-ს მაინც მიიჩნევდა მხარეთა წარმომადგენლად, უნდა გაეთვალისწინებინა მისი მითითება საქმის ერთ-ერთი მარწმუნებლის მოთხოვნის ნაწილში განხილვის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აპრილის განჩინებით ნ. კ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

პირველ ყოვლისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს ნ. კ-ის პრეტენზიის ნაწილში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძლიანობა. ამ საკითხის შემოწმების მიზნით პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

ნ. კ-ის მიერ საქმეში წარმოდგენილ სარჩელში, მოსარჩელის წარმომადგენლად მითითებულია ა. ზ-ი;

წარმოდგენილია ასევე ა.ზ-ის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა;

ნ .კ-ის მიერ აღძრული სარჩელის მოთხოვნაა შპს „ე. პ-ისა“ და შპს „ბათ-ის“ პარტნიორთა კრების 2012 წლის 7 ივნისისა და 2012 წლის 9 ივლისის ოქმების ბათილად ცნობა;

თავად სასარჩელო განცხადების საფუძვლებით, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ნ. კ-ი არის შპს „ე. პ-ისა“ და შპს „ბათ-ის“ 5%- 5%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი;

მოთხოვნის იურიდიულ ინტერესად მითითებულია კრებაზე განხილული თანხის დაკისრების თავიდან არიდება, ასევე მისი, როგორც პარტნიორის უფლებების დარღვევა;

საქმეში წარმოდგენილია ასევე ა.ზ-ის მიერ ა. მ-ის სახელით აღძრული სარჩელი, რომელიც ფაქტობრივი გარემოებებითა და მოთხოვნის საფუძვლებით ნ.კ-ის სარჩელის იდენტურია, სწორედ ამ საფუძვლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლი სმე-4 ნაწილის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით გაერთიანდა წინამდებარე სარჩელები ერთ წარმოებად;

სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ, საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის თანახმად, ა.ზ-ი წარმოადგენდა ა.მ-ის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

სასარჩელო განცხადებებით სადავოდ გამხდარ პარტნიორთა კრების განსახილველ საკითხებს ასევე წარმოადგენდა:

შპს „ბათ-ში“ ნ. კ-ისა და ა. მ-ისათვის დამატებით 170 000 - 170 000 აშშ დოლარის საწესდებო კაპიტალში შეტანისათვის ვადის განსაზღვრა;

შპს „ე. პ-ში“ მოსარჩელეების მიერ დამატებით 330 000 - 330 000 აშშ დოლარის საწესდებო კაპიტალში შეტანისათვის ვადის დაწესება;

მოსარჩელეების წარმომადგენლის მოთხოვნა დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოთხოვნაზე, ხოლო სააპელაციო საჩივრით, რომელიც ა.ზ-მა წარადგინა როგორც ნ.კ-ის, ისე ა.მ-ის სახელით, მოთხოვნილია ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;

სააპელაციო სასამართლომ 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინებით დავა არაქონებრივად მიიჩნია და იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნას დამოუკიდებელი 2 სუბიექტი აყენებდა, თითოეულს დააკისრა 150-150 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა;

ხარვეზის დადგენის შესახებ შეტყობინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა აპელანტთა უფლებამოსილ წარმომადგენელ ა.ზ-ს;

ხარვეზის გამოსწორების მიზნით ა.ზ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს. განცხადების თანახმად, იგი წარდგენილია ა.მ-ისა და ნ.კ-ის სახელით. განცხადებას ერთვის 150 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის სალაროს შემოსავლის ორდერი, საგადახდო დავალება და მათი ასლები, ხოლო თავად განცხადებით მოთხოვნილია წარდგენილი ქვითრების საფუძველზე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

ამ გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ მხარეს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს, ხოლო კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ სახელმწიფო ბაჟის ქვითარსა და განცხადებაში შემთხვევით მიეთითა ა. მ-ის თაობაზე, უსაფუძვლობის გამო ვერ იქნება გაზიარებული.

სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით ხარვეზი არასრულყოფილად გამოსწორებულად მიიჩნია და შესაბამისად, აპელანტებს გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორების ვადა 5 დღით დაკისრებული საპროცესო მოქმედების სრულყოფილად განხორციელების მიზნით.

საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტის თანახმად, საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ეცნობა ა.ზ-ს 2013 წლის 19 თებერვალს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ჯეროვანი ინფორმირებაა და დაკისრებული მოქმედების განხორციელების საკმარის საფუძველს წარმოადგენს.

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ა.ზ-მა, როგორც ნ.კ-ის წარმომადგენელმა, განცხადებით მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ იგი აღარ წარმოადგენდა ა.მ-ს სასამართლოში და უკვე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის საფუძველზე ითხოვა ნ.კ-ის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება, ამასთანავე, განმარტა, რომ ერთი და იმავე აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნისათვის მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის ცალ-ცალკე დაკისრება უსაფუძვლო იყო.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს სახელმწიფო ბაჟის არასწორად განსაზღვრის თაობაზე და აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ა.მ-მა და ნ.კ-მა დამოუკიდებლად გაასაჩივრეს სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტის პარტნიორთა კრების ოქმები, რომლებითაც თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად განესაზღვრა საწესდებო კაპიტალში დამატებით შესატანი თანხები, შესაბამისად, თითოეულ მოსარჩელეს (აპელანტს) სადავო კრების ოქმების ბათილად ცნობის დამუკიდებელი იურიდიული ინტერესი გააჩნდა. აქედან გამომდინარე, თითოეულ მათგანს დამოუკიდებლად უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი როგორც სარჩელზე, ასევე სააპელაციო საჩივარზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად მოთხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდა თითოეულ აპელანტს ცალ-ცალკე.

დაუსაბუთებელია ასევე კერძო საჩივრის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან ა.ზ-ი აღარ წარმოდგენდა ა.მ-ს, სააპელაციო პალატას წარმოებაში უნდა მიეღო ნ.კ-ის სააპელაციო საჩივარი გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გათვალისწინებით. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია არა ის გარემოება - ხარვეზის შევსების შესახებ განცხადების წარდგენის მომენტში ა.ზ-ი წარმოადგენდა თუ არა ა.მ-ს, არამედ მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის მიხედვით, 150 ლარი ორივე აპელანტმა ერთად გადაიხადა, შესაბამისად, მათ ხარვეზი შეავსეს სანახევროდ. ის გარემოება, რომ ა.ზ-მა შესაძლოა უარი თქვა თავის უფლებამოსილებაზე წარმოადგინოს ა.მ-ის ინტერესები, იმას არ ნიშნავს, რომ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი გადახდილად უნდა ჩაეთვალოს ნ.კ-ს. აქედან, გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების მიუხედავად, აპელანტებმა არ შეავსეს ხარვეზი, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველდ მათი სააპელაციო საჩივარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად; საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე