Facebook Twitter

№ას-334-315-2014 22 მაისი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - რ. გ-ის წარმომადგენელი თ. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ყ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ყ-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში რ. გ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა არასრულწლოვანი შვილების - ... წლის ... სექტემბერს დაბადებული დ. გ-ის და ... წლის ... იანვარს დაბადებული ე. გ-ის სასარგებლოდ ალიმენტის, ყოველთვიურად 1000-1000 ლარის, გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

რ. გ-მა სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა ბავშვების ნახვის დღეების განსაზღვრის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ყ-ას სარჩელი რ. გ-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ. გ-ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების - ... წლის ... სექტემბერს დაბადებული დ. გ-ის და ... წლის ... იანვარს დაბადებული ე. გ-ის სასარგებლოდ ალიმენტის ყოველთვიურად 180-180 ლარის, სულ 360 (სამას სამოცი) ლარის გადახდა 2013 წლის 13 სექტემბრიდან მათ სრულწლოვანებამდე; რ. გ-ის შეგებებული სარჩელი მ. ყ-ას მიმართ ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის თაობაზე დაკმაყოფილდა, რ. გ-ს განესაზღვროს შვილებთან ურთიერთობის შემდეგი წესი: რ. გ-ს მიეცა უფლება წაიყვანოს შვილები ყოველი კვირის სამშაბათს დილის 10:00 საათზე და დააბრუნოს ბავშვები დედასთან - მ. ყ-ან ოთხშაბათს 22:00 საათზე, ასევე რ. გ-ს მიეცა უფლება წაიყვანოს შვილები ყოველი კვირის პარასკევს დილის 10:00 საათზე და დააბრუნოს ბავშვები დედასთან შაბათს 22:00 საათზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება რ. გ-მა მ. ყ-ას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით დაინიშნა სასამართლო სხდომა 2014 წლის 12 მარტს 16:00 საათზე.

2014 წლის 11 მარტს რ. გ-ის წარმომადგენელმა თ. გ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება მოითხოვა. მისი მითითებით, 2014 წლის 12 მარტს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნული იყო სასამართლო სხდომა შპს „ნ. ე-ის“ გადახდისუუნარობის საქმეზე. აღნიშნულ საქმეზე იგი ერთ-ერთი კრედიტორის ინტერესებს იცავდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 მარტის განჩინებით რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული საქმის განხილვა დანიშნული იყო 12 მარტს არა 11:00 არამედ 16:00 საათზე, შესაბამისად, ის გარემოება, რომ აპელანტის წარმომადგენელს იმავე დღეს მონაწილეობა უნდა მიეღო 11:00 საათზე გამართულ სასამართლო სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლო სასამართლოში, არ წარმოადგენს საპატიო მიზეზს 16:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამოუცხადებლობისათვის.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება რ. გ-ის წარმომადგენელმა თ. გ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით 2014 წლის 12 მარტს მთელი დღის განმავლობაში ესწრებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში კრედიტორთა კრებას შპს „ნ. ე-ის“ გადახდისუუნარობის საქმეზე, სადაც იგი წარმოადგენდა ერთ-ერთი კრედიტორის ინტერესებს. კრება დაიწყო 11:16 საათზე და დასრულდა 17:34 საათზე. კერძო საჩივარს ერთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობა, რომლის მიხედვითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ სისვაძის წარმოებაშია შპს „ნ. ე-ის“ გადახდისუუნარობის საქმე. 2014 წლის 12 მარტს აღნიშნულ საქმეზე დანიშნული იყო კრედიტორთა კრება, რომელიც დაიწყო 11:16 საათზე და დასრულდა 17:34 საათზე. კრებაში მონაწილეობას იღებდა თ. გ-ი, როგორც ერთ-ერთი კრედიტორის ინტერესების დამცველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ რ. გ-ის წარმომადგენელ თ. გ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა. ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე არ ითხოვდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 მარტის განჩინებით რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის, რომ მისთვის საქმის განხილვის თაობაზე ცნობილი იყო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, მართალია, მოცემული მუხლი ეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, მაგრამ, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განპირობებული იყო მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობით, საკასაციო პალატამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მომწესრიგებელი ნორმებით უნდა იხელმძღვანელოს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. გ-ის წარმომადგენელი თ. გ-ი სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა. კერძო საჩივარზე დართული თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ სისვაძის წარმოებაშია შპს „ნ. ე-ის“ გადახდისუუნარობის საქმე. 2014 წლის 12 მარტს აღნიშნულ საქმეზე დანიშნული იყო კრედიტორთა კრება, რომელიც დაიწყო 11:16 საათზე და დასრულდა 17:34 საათზე. კრებაში მონაწილეობას იღებდა თ. გ-ი, როგორც ერთ-ერთი კრედიტორის ინტერესების დამცველი. ამ გარემოების გათვალისწინებით, თ. გ-ი 16:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა. მას, ასევე, არ ჰქონდა საშუალება, სასამართლოსათვის წინასწარ ეცნობებინა, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა კრედიტორთა კრება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2014 წლის 11 მარტს რ. გ-ის წარმომადგენელმა თ. გ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება მოითხოვა. სააპელაციო სასამართლომ ეს განცხადება შეაფასა და სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიოდ არ მიიჩნია, რადგანაც თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დანიშნული იყო 11:00 საათზე, ხოლო სააპელაციო სასამართლოში - 16:00 საათზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩვეულებრივ პირობებში, როდესაც ორი სხდომა დანიშნულია ასეთი დიდი დროის ინტერვალით, სასამართლოს არ აქვს ვარაუდის საფუძველი, რომ მხარის წარმომადგენელი ვერ გამოცხადდება 16:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმარტება დასაბუთებული და კანონიერია, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, სარწმუნო მტკიცებულებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნული კრედიტორთა კრება, ფაქტობრივად, მთელ დღეს გაგრძელდა, ამდენად, თ. გ-ი თბილისის სააპელაციო სასამართლოში საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. გ-ის წარმომადგენელ თ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 მარტის განჩინება და საქმე რ. გ-ის სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე