№ას-346-327-2014 2 მაისი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ჟ. გ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი. ქ-ე, ტ. ე-ა, მ. ლ-ე,
ხ. ფ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჟ. გ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ი. ქ-ის, ტ. ე-ას, მ. ლ-სა და ხ. ფ-ის მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჟ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის განჩინებით ჟ. გ-ის სააპელაციო საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჟ. გ-ის წარმომადგენლმა მ. ლ-ემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. გ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 აპრილის განჩინებით ჟ. გ-ეს, ხარვეზის შევსების მიზნით, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში სასამართლოში წარმოედგინა ა) მის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივარი ან მილერი ლ-ის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი მტკიცებულება და ბ) სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით პირადად ჩაბარდა ჟ. გ-ეს 2014 წლის 25 აპრილს (იხ.ტ.I, ს.ფ.193).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 26 აპრილს და ამოიწურა 2014 წლის 28 აპრილს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
რაც შეეხება მ. ლ-ის მიერ 2014 წლის 29 აპრილს წარმოდგენილ №ა-1398-14 განცხადებას (აღნიშნული განცხადება ფოსტას ჩაბარდა 2014 წლის 28 აპრილს; იხ. საფოსტო კონვერტი ტ.I, ს.ფ.195) , პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული არ შეიძლება იყოს საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლით დადგენილი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვიდან გამომდინარე, კერძოდ, დასახელებული მუხლის თანახმად, პირებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება და არ არიან გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.
მართალია, განსახილველ საქმეში წარმოდგენილია მ. ლ-ის სახელზე ჟ. გ-ის მიერ გაცემული მინდობილობა (იხ.ტ.I, ს.ფ.30), თუმცა საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ სუბიექტად მ. ლ-ე ვერ განიხილება, ვინაიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში მ. ლ-ის გაწევრიანების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ასევე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gba.ge) არსებულ ადვოკატთა რეესტრის მონაცემებში, წევრთა ერთიან სიაში არ მოიძიება ადვოკატი მილერი ლ-ე.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნული განცხადება უფლებამოსილი პირის მიერ იქნებოდა წარმოდგენილი, პალატა მიიჩნევს, რომ მაინც არ იარსებებდა ჟ. გ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები, რადგან, განცხადების შინაარსობრივი შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ მხარის მიერ შესრულებული არ არის ხარვეზის აღმოსაფხვრელად სასამართლოს მიერ დადგენილი არცერთი საპროცესო მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჟ. გ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჟ. გ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი