Facebook Twitter

№ას-351-332-2014 28 მაისი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ვ-ი-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ლ. დ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ლ. დ-მა“ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შპს „ვ-ი-ის“ მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ლ. დ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს „ვ-ი-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 67 655.33 ლარის გადახდა. მოსარჩელე შპს „ლ. დ-ს“ უარი ეთქვა პირგასამტეხლოს დაკისრებაზე.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 თებერვლის განჩინება - დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარის შპს „ლ. დ-ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა შპს „ვ-ი-ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ დაკმაყოფილდა. დარჩა განუხილველად შპს „ვ-ი-ის“ სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამარტლოს 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე. აპელანტ შპს „ლ. დ-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის შპს „ვ-ი-ის“ გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება; შპს „ლ. დ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება შპს „ლ. დ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ლ. დ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „ვ-ი-ს“ შპს „ლ. დ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 6669 ლარი.

აღნიშნული განჩინება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ვ-ი-მა“, ხოლო შპს „ლ. დ-ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში საჩივარი წარადგინა სააპელაციო სასამართლოში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „ვ-ი-ის“ წარმომადგენლის საჩივარი. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა შპს „ლ. დ-ის“ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით საქმის განხილვა.

შპს „ვ-ი-ის“ წარმომადგენელ ე. ჭ-ის კერძო საჩივრის თანახმად, საქმეში არსებული მინდობილობის საფუძველზე იგი არის ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი, თანამშრომელი-იურისტი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მისი გამოუცხადებლობის მიზეზებზე უნდა ემსჯელა. 2014 წლის 20 თებერვალს იგი იმყოფებოდა ბათუმში შპს „ფ 2009-ის“ ფილილაში, რიგგარეშე და უეცარი რევიზიის ჩასატარებლად, რაც შედის მის სამსახურებრივ მოვალეობებში. მივლინებაზე უარის თქმა გამოიწვევდა ორგანიზაციისათვის ზიანის მიყენებას და მის სამსახურიდან დათხოვნას. მივლინება დაიგეგმა 2014 წლის 18 თებერვლას. 2014 წლის 19 თებერვალს მან სასამართლოს აცნობა სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ და საქმის განხილვის გადადება მოითხოვა. სასამართლომ კი, ეს გარემოებები არ გაითვალისწინა. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ დირექტორი კ. ჩ-ე იყო მხარე ამ საქმეზე, მასაც გააჩნდა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი: ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დანიშნული ჰქონდა წოლითი რეჟიმი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს „ვ ი-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 20 თებერვლის მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი. ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე არ ითხოვდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 თებერვლის განჩინებით შპს „ვ-ი-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, მართალია, მოცემული მუხლი ეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, მაგრამ, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განპირობებული იყო მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობით, საკასაციო პალატამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მომწესრიგებელი ნორმებით უნდა იხელმძღვანელოს.

მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. რაც შეეხება იმავე კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებულ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კიდევ ერთ საფუძველს - სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ მუხლის მიზნებისათვის, სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი ობიექტურად უნდა იყოს საპატიო და ნათლად მიუთითებდეს, რომ კონკრეტულ დროს დანიშნულ სხდომაზე მხარე ვერ გამოცხადდებოდა, გარდა ამისა, მხარეს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ამგვარი მიზეზის შესახებ წინასწარ აცნობოს სასამართლოს.

მოცემულ შემთხვევაში შპს „ვ-ი-ის“ წარმომადგენელი ე. ჭ-ი არ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე, მან ერთი დღით ადრე აცნობა სასამართლოს, რომ მივლინებით უწევდა გამგზავრება და საქმის განხილვის გადადება მოითხოვა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ 2014 წლის 20 თებერვლის სხდომის შესახებ შპს „ვ-ი-ის“ წარომადგენელს 29 იანვარს ეცნობა, შესაბამისად, მას სრული შესაძლებლობა ჰქონდა, სხვაგვარად გადაენაწილებინა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება. საკასაციო სასამართლო არასარწმუნოდ მიიჩნევს შპს „ფ 2009-ის“ ცნობას, რომლის მიხედვითაც ე. ჭ-ის სამსახურებრივ მოვალეობაში შედის მოულოდნელი და უეცარი რევიზიების ჩატარება, მის მიერ შეუძლებელია რევიზიის გადადება, ხოლო ბრძანების შეუსრულებლობა გამოიწვევდა შესაბამის სანქციებს და შრომითი ხელშეკრულების ვადამდე მოშლას. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ცნობა დაინტერესებული პირის მიერაა გაცემული, კერძოდ, მას ხელს აწერს კ. ჩ-ე, რომელსაც იმავდროულად შპს „ვ-ი-ის“ დირექტორის პოზიციაც ჰქონდა დაკავებული და დაინტერესებული იყო, ე. ჭ-ის სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიოდ წარმოეჩინა. გარდა ამისა, თუნდაც სასამართლომ გაიზიაროს მტკიცება, რომ ე. ჭ-ი სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა, აღსანიშნავია, რომ მხარე არის იურიდული პირი, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით დირექტორები სარგებლობენ, ასევე მის განკარგულებაშია, როგორც წესი, არაერთი იურისტი და სხვა თანამშრომელი, ამდენად, თუნდაც აუცილებელი ყოფილიყო ე. ჭ-ის მივლინებით ქ. ბათუმში გაგზავნა, მხარეს შეეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება სხვა წარმომადგენლის მეშვეობით უზრუნველეყო.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ე. ჭ-მა წინასწარ აცნობა სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე და საქმის განხილვის გადადება მოითხოვა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე-216-ე მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, შეაფასოს შუამდგომლობა მიზნად ისახავს თუ არა საქმის განხილვის გაჭიანურებას და საქმის განხილვის გადადების მოთხოვნა საპატიო მიზეზითაა გამოწვეული თუ არა. ვინაიდან, როგორც ზემოთ აღნიშნა, მოცემულ შემთხვევაში შპს „ვ-ი-ის“ გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით არ იყო გამოწვეული, სასამართლომ შუამდგომლობა მართებულად არ დააკმაყოფილა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ვ-ი-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე