Facebook Twitter

საქმე №ას-368-347-2014 29 მაისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების 1/2-ის თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ-ის მიმართ და მოითხოვა 2010 წლის 7 ივნისს უ. გ-სა და ნ. გ-ს შორის ქ.თბილისში, თ-ის დასახლებაში, მე-11 მ/რაიონის მე-3 კვარტალში, №54 „ა“ კორპუსში მდებარე №18 ბინაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 1/2 ნაწილზე ბათილად ცნობა და ამავე ბინის 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი მოპასუხე ნ. გ-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნ. გ-სა და უ. გ-ს შორის 2010 წლის 7 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ქ.თბილისში, თ-ის დასახლების მე-11 მ/რაიონის მე-3 კვარტალში, №54„ა“ კორპუსში მდებარე №18 ბინის 1/3 ნაწილის განკარგვის ნაწილში და ლ. გ-ი ცნობილ იქნა ამავე უძრავი ქონების 1/3-ის მესაკუთრედ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 თებერვლის განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 374-ე მუხლის შესაბამისად შეამოწმა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი და დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ნ. გ-ის წარმომადგენელ მ. ჩ-ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსთვის არ მიუმართავს, ხოლო საქმეში არსებული ხელწერილით დასტურდებოდა, რომ მან გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2014 წლის 16 იანვარს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტის წარმომადგენ. მ. ჩ-ი.

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ კანონმდებლობა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე–20 დღიდან 30-ე დღის ჩათვლით სასამართლოში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების ვალდებულებას ადგენს, საიდანაც აითვლება გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30–ე დღეს გასაჩივრების ვადის დენა ავტომატურად იწყება.

სააპელაციო პალატამ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–60 მუხლის მე–2 ნაწილით, 61–ე მუხლის მე–2 ნაწილით და განმარტა, რომ აპელანტისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 2014 წლის 10 იანვარს და ამოიწურა 2014 წლის 23 იანვარს. ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში აპელანტის წარმომადგენელმა, მ. ჩ-მა წარადგინა 2014 წლის 24 იანვარს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ნ. გ-ის წარმომადგენელმა მ. ჩ-მა და მისი გაუქმება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიიჩნია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით გათვალისწინებული საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის დარღვევა, რაც არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. აპელანტის წარმომადგენ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით სასამართლოში გამოცხადდა 2014 წლის 11 იანვარს, თუმცა მოსამართლის თანაშემწემ აცნობა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება არ იყო მზად, ამასთანავე, განემარტა, რომ მისი გასაჩივრების ვადის დენა მხოლოდ მხარისთვის ჩაბარების შემდეგ დაიწყებოდა. სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება მხოლოდ 2014 წლის 16 იანვარს შეძლო, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარიც წარდგენილ იქნა 24 იანვარს, ამდენად, მხარის მიერ დაცულია სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის განჩინებით ნ. გ-ი კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ჩ-ი წარმოადგენს ნ. გ-ის ინტერესებს სასამართლოში მინდობილობის საფუძველზე;

ირკვევა, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თაობაზე, კერძოდ, მ.ჩ-ი ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას;

გადაწყვეტილება გამოცხადდა 2013 წლის 11 დეკემბერს;

ნ. გ-ი არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილის სუბიექტს;

საქმეში წარმოდგენილი განცხადების თანახმად მ. ჩ-მა საქალაქო სასამართლოს მიმართა 2014 წლის 16 იანვარს და ამავე დღეს ჩაბარდა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი;

სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2014 წლის 24 იანვარს.

სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიიჩნია აპელანტის მიერ საჩივრის წარდგენის 14-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევა.

კერძო საჩივრის ავტორი განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ მან სასამართლოს 2014 წლის 11 იანვარს მიმართა, თუმცა არ იყო მზად დასაბუთებული გადაწყვეტილება, მისი გადაცემა სასამართლომ მხოლოდ 2014 წლის 16 იანვარს უზრუნველყო, ხოლო სააპელაციო საჩივრის წარდგენისას მხარეს არ დაურღვევია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნები.

საკასაციო პალატა, დაუსაბუთებლობის გამო, ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ამ არგუმენტებს და განმარტავს შემდეგს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლით კი დადგენილია ქცევის შემდეგი წესი: თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენ.) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენ., გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებლობა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენას უკავშირებს გარკვეულ წინაპირობებს, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირისათვის (მხარის ან უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის) ცნობილია სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დღე, იგი ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა და ხელზე ჩაიბაროს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროცესო ვადის დენა დაიწყება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, რომელიც იმავდროულად გასაჩივრების ვადის პირველ დღეს წარმოადგენს.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხის წარმომადგენ. ზემოაღნიშნული ვადის დაცვით გამოცხადდა სასამართლოში და ითხოვა გადაწყვეტილების ჩაბარება, ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ იგი ტელეფონით დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს და დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა სასამართლოს ბრალით ვერ მოხერხდა, თავის მხრივ, ამ გარემოების ჯეროვნად დამტკიცება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სწორედ კერძო საჩივრის ავტორის ვალდებულებას წარმოადგენდა.

საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, როგორც აღინიშნა, მხარის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით სასამართლოს მიმართა 2014 წლის 16 თებერვალს და იმავე დღეს ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ამდენად, უდავოა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს 2014 წლის 10 იანვარს და ამოიწურა 2014 წლის 23 იანვარს, სააპელაციო საჩივარი კი, წარდგენილია ამავე წლის 24 იანვარს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის, 61-ე მუხლის მესამე ნაწილის, 63-ე მუხლისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მისი განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე