№ას-372-350-2014 21 მაისი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ. ა-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. გ-ი, ლ. ჩ-ა (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ა-ამ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მ. გ-სა და ლ. ჩ-ას წინააღმდეგ სარჩელით მიმართა და მოითხოვა მოპასუხეებს შორის უძრავ ნივთზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა ზედდების ნაწილში.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მარტის განჩინებით ნ. ა-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ნ. კ-ა (ან - მისი წარმომადგენელი), გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო არაუგვიანეს 2014 წლის 25 იანვრისა; რადგან იგი არ გამოცხადდა, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 25 იანვრიდან. აპელანტს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების ჩაბარება კანონით დადგენილ ვადაში არ მოხდა სასამართლოს ბრალეულობით, ანუ იმის გამო, რომ გადაწყვეტილება არ იყო მზად. გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2014 წლის 7 თებერვლის 24:00 საათზე.
სააპელაციო საჩივარი კი, 2014 წლის 24 თებერვალსაა შეტანილი.
აღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადდა სასამართლოში და განცხადება წარადგინა, მაგრამ დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაბარდა. ამის შემდეგაცა არაერთხელ გამოცხადდა სასამართლოში, მაგრამ ეუბნებოდნენ, რომ გადაწყვეტილება მზად არ იყო. გადაწყვეტილება ჩაბარდა 10 თებერვალს, რის შემდეგაც, 14 დღის ვადაში შეიტანა სააპელაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ნ. ა-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემომითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად.
საკასაციო პალატა იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად, აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამოც სასამართლო, მიმართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღესვე ვერ შეძლებს მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებას.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2013 წლის 26 დეკემბერს გამოცხადდა, შესაბამისად, გასაჩივრების მსურველი მხარე არაუადრეს 15 იანვრისა და არაუგვიანეს 27 იანვრისა (ვინაიდან გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე, 25 იანვარი, შაბათი იყო) უნდა გამოცხადებული სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად.
საქმეში არსებული განცხადებით დასტურდება, რომ 2014 წლის 16 იანვარს (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 21-ე დღეს) ნ. ა-ამ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით მიმართა, მაგრამ გადაწყვეტილება არ ჩაბარებია. გადაწყვეტილება ნ. ა-ას შვილმა 2014 წლის 10 თებერვალს ჩაიბარა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების ჩაბარება კანონით დადგენილ ვადაში არ მოხდა სასამართლოს ბრალეულობით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი მსჯელობა არასწორია.
საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ვალდებულებას, რომ გადაწყვეტილების ჩაუბარებლობა დადასტურდეს სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით ან რაიმე სხვა მტკიცებულებით. სასამართლოს ევალება, მხარის მიმართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ჩააბაროს მას გადაწყვეტილება და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ იქნება. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, საპროცესო კანონმდებლობით, დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა მომზადდეს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში და არა მე-20 ან 30-ე დღეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარემ მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, ხოლო გადაწყვეტილება არ ჩაბარებია, ივარაუდება, რომ სასამართლომ ვერ უზრუნველყო დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა. საპირისპირო უნდა დადასტურდეს სათანადო მტკიცებულებით (მაგ. მხარემ უარი განაცხადა გადაწყვეტილების ჩაბარებაზე და ა.შ.). ყოველგვარი ეჭვი წყდება მხარის სასარგებლოდ.
საკასაციო სასამართლოს აზრით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ნ. ა-ამ შეასრულა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 21-ე დღეს გამოცხადდა სასამართლოში, მაგრამ დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაბარდა, რის გამოც, გასაჩივრების ვადის ათვლა მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან უნდა დაიწყოს და არა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
ნ. ა-ას ოჯახის წევრს - შვილს გადაწყვეტილება 2014 წლის 10 თებერვალს ჩაბარდა, შესაბამისად 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 11 თებერვლიდან და 24 თებერვალს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი 24 თებერვალსაა შეტანილი და სააპელაციო სასამართლოს განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ა-ას კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ა-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მარტის განჩინება და საქმე ნ. ა-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე