№ ა-1525-ა-11-2014 27 მაისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – დ. ფ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ა. პ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 29 ივნისის განჩინება, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 20 ივლისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – მამობის დადგენა, შვილის გვარის შეცვლა, ალიმენტის დაკისრება, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 10 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. ფ-ას სარჩელი მოპასუხე ა. პ-ას მიმართ მამობის დადგენის, შვილის გვარის შეცვლის, ალიმენტის დაკისრების, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე რ დაკმაყოფილდა მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა დ. ფ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 29 ივნისის განჩინებით დ. ფ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ფ-ამ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ.ფ-ას სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 10 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2004 წლის 29 ივნისის განჩინება. მხარეთა შუამდგომლობის გათვალისწინებით დაინიშნა საქმის არსებითად განხილვის დღე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ფ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 20 ივლისის განჩინებით დ. ფ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2014 წლის 8 მაისს დ. ფ-ამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 29 ივნისის განჩინების, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 20 ივლისის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო განცხადების შინაარსს და მიაჩნია, რომ დ. ფ-ას განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. ამავე კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
დასახელებული ნორმით დადგენილია, რომ მხარემ, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს საქმის წარმოების განახლების წინაპირობები, განცხადებით უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, ანუ სასამართლოს იმ ინსტანციას, რომლის მიერაც სადავო საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, ზემდგომი სასამართლო ამ განცხადების განხილვაზე უფლებამოსილია მხოლოდ მაშინ, თუ მან თავისი გადაწყვეტილებით შეცვალა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შედეგი, რაც შეეხება ამავე ნორმის მე-2 ნაწილით დადგენილ წესს – თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში, აღნიშნული გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ზემდგომმა სასამართლომ, თავისივე გადაწყვეტილებით (განჩინებით) შეცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება) და სწორედ ზემდგომი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
განსახილველ შემთხვევაში, დ. ფ-ა ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც ძალაში დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება. ამდენად, დ. ფ-ას, საქმის წარმოების განახლების შესახებ მითითებული განცხადება, განსჯადობის წესის დაცვით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უნდა წარედგინა განსჯადი სასამართლოსათვის, კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის.
რაც შეეხება ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 29 ივნისის განჩინებისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას, აღნიშნული ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს განხილვის ობიექტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ. ფ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 424-ე, 429-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ფ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 20 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, როგორ არაგანსჯად სასამართლოში წარმოდგენილი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია