Facebook Twitter

№ა-1279-ბ-7-2014 2 მაისი, 2014 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – სს „ქ. ფ-ის“ დირექტორი ნ. ჯ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – 1. შპს „რ. ფ-ი“, 2. ი. მ-ი 3. მ. ა-ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება

განმცხადებლის მოთხოვნა – გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ქ. ფ-ის“ დირექტორმა ნ. ჯ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „რ. ფ-ის“, ი. მ-ის და მ. ა-ის წინააღმდეგ ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელით მიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,ქ. ფ-ის“ დირექტორ ნ. ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 27 დეკემბერს სს ,,ქ. ფ-სა“ და შპს ,,რ. ფ-ს“ შორის დადებული აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულება, აღდგა პირვანდელი მდგომარეობა და აღნიშნული ხელშეკრულებით შპს ,,რ. ფ-ის“ გადაცემული ქონება დაუბრუნდეს სს ,,ქ. ფ-ს“. შპს ,,ქ. ფ-ის“ დირექტორის ნ. ჯ-ის სარჩელი ი. მ-ის და მ. ა-ის მიმართ 7 780 000 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „რ. ფ-მა“, მ. ა-მა და ი. მ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით შპს „რ. ფ-ის“, მ. ა-სა და ი. მ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. მ-მა, შპს „რ. ფ-მა“ და მ. ა-მა. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით შპს „რ. ფ-ის“, ი. მ-სა და მ. ა-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: შპს „ქ. ფ-ის“ დირექტორ ნ. ჯ-ის სარჩელი სს ,,ქ. ფ-სა“ და შპს ,,რ. ფ-ს“ შორის 2011 წლის 27 დეკემბერს დადებული აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2014 წლის 15 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა სს „ქ. ფ-ის“ დირექტორმა ნ. ჯ-მა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. განცხადება შემდეგ საფუძვლებს ემყარება:

1. საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლე ბესარიონ ალავიძე, რომელის მიმართაც არსებობდა აცილების საფუძველი, კერძოდ, იგი დაინტერესებული იყო საქმის განხილვის შედეგით და ი. გ-ის კომპანიის, შპს „რ. ფ-ის“, სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებით. 2014 წლის 17 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გაასაჯაროვა 2011 წლის 6 ივლისის მორიგების შეთანხმება ერთი მხრივ სახელმწიფოსა და მეორე მხრივ ა. პ-ის მემკვიდრეებს შორის. მორიგების შეთანხმების პირველი პარაგრაფის 1-ლი პუნქტის 1 ქვეპუნქტით მორიგების შეთანხმების ძალაში შესვლის სავალდებულო პირობად განისაზღვრა, რომ საქართველოს სასამართლოები მიიღებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ დავებზე ა. პ-ის ოჯახის სასარგებლოდ, მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში არსებულ Nას-967-1246-09 სამოქალაქო საქმეზე ჯ.კ-ა და ი. გ-ეს შორის. საქართველოს უზენაეს სასამართლოს უნდა გამოეტანა გადაწყვეტილება ი. გ-ის სასარგებლოდ ანდერძის წერილისა და ქონების განმკარგველის დანიშვნის დოკუმენტის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე. სასამართლო დავა უნდა დასრულებულიყო 2011 წლის 15 აგვისტომდე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის განცხადება სარჩელზე უარს თქმის თაობაზე და 2011 წლის 3 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება ი. გ-ის სასარგებლოდ. გადაწყვეტილება მიღებულია მოსამართლე ბესარიონ ალავიძის თავმჯდომარეობით. ეს გარემოება საეჭვოს ხდის მოსამართლე ბ. ალავიძის მიუკერძოებლობას. ის პირდაპირ იყო დაინტერესებული სს „ქ. ფ-სა“ და შპს „რ. ფ-ს“ შორის დავის ი. გ-ის კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვეტით;

2. მოსამართლე ბესარიონ ალავიძის მიკერძოებულობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ მოცემული საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, კერძოდ, საქმეზე არ განხილულა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, რაც ეწინააღმდეგება კანონსა და სასამართლო პრაქტიკას;

3. მოსამართლე ალავიძეს არ ჰქონდა უფლებამოსილება, მონაწილეობა მიეღო მოცემული საქმის განხილვაში, რადგანაც მას არ გააჩნია სათანადო კვალიფიკაცია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წერილი ადასტურებს, რომ ამავე უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის დიპლომი, რომელიც მოსამართლე ალავიძეს აქვს მიღებული, არ წარმოადგენს უმაღლესი განათლების დიპლომს და არ შეესაბამება იურისტის კვალიფიკაციას. მოსამართლე ალავიძეს ასევე არ აქვს ჩაბარებული სახელმწიფო გამოცდა, რომლის საფუძველზეც ხდება იურისტის კვალიფიკაციის მინიჭება, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლიდან გამომდინარე, ბ. ალავიძეს არ აქვს სამოსამართლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება;

4. გარდა მოსამართლე ბ. ალავიძისა, საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ მოსამართლეები ვ. როინიშვილი და ლ. მურუსიძე. მათ ასევე არ გააჩნდათ მოცემული საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლებამოსილება, რადგანაც ორივე მათგანს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვს მხოლოდ სისხლის სამართლის მიმართულებით, ასევე ლ. მურუსიძე ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა. მართალია, პალატის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი და პლენუმს, ასევე, შეუძლია კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიმე მოსამართლეს დააკისროს სხვა პალატაში უფლებამოსილების განხორციელება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შესაბამისი სპეციალიზაციის არმქონე მოსამართლეს შეიძლება დაეკისროს ამგვარი უფლებამოსილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის სპეციალიზაცია საერთოდ აზრს კარგავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა განცხადება, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ სს „ქ. ფ-ის“ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 431-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

იმავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ ნორმების მიზნებისათვის იგულისმხება შემთხვევა, როდესაც საქმის განხილვაში მონაწილეობს მოსამართლე, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე-31-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლით არ ჰქონდა საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება, ასევე, მოსამართლე, რომელსაც ამოწურული ჰქონდა უფლებამოსილების ვადა ან კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა თანამდებობაზე დანიშნული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმავე მუხლით განსაზღვრული საფუძვლით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს განმცხადებლის პრეტენზიას მოსამართლე ვასილ როინიშვილის საქმის განხილვაში მონაწილეობის დაუშვებლობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ Nას-1070-1021-2013 სამოქალაქო საქმეზე საკასაციო ინსტანციაში მოსამართლე ვ. როინიშვილი მომხსენებელი მოსამართლე იყო, შესაბამისად, მხარეებისათვის, სულ მცირე, საკასაციო საჩივრების წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ჩაბარების მომენტიდან იყო ცნობილი, საქმის განხილვაში მისი მონაწილეობის თაობაზე, ამდენად, სს „ქ. ფ-ს“ შეეძლო, მოსამართლის აცილების საკითხი დაეყენებინა. ამ უფლებით მხარეს არ უსარგებლია, რაც იმას ნიშნავს, რომ, ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, ამ საფუძვლით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მტკიცებას, რომ მოსამართლე ლ. მურუსიძეს არ ჰქონდა მოცემული საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება, ვინაიდან იგი ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა, ამასთან, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით აქვს ჩაბარებული. სხვა პალატაში უფლებამოსილების განხორციელება კი, მხოლოდ შესაბამისი სპეციალიზაციის მოსამართლეს შეიძლება დაევალოს.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით აირჩიოს უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობები და მათი თავმჯდომარეები. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის შესაბამის პალატაში განაწილების საკითხს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი წყვეტს, მას, ასევე, შეუძლია, კონკრეტული პალატის მოსამართლეს, დროებით, სხვა პალატის მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება დაავალოს. დათქმა იმის შესახებ, რომ უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაევალოს მხოლოდ შესაბამისი სპეციალიზაციის მოსამართლეს, კანონით დადგენილი არ არის. უფრო მეტიც, ქვემდგომი ინსტანციის მოსამართლის შემთხვევაში, სპეციალიზაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს, უზენაესი სასამართლოს შემთხვევაში კი, ამგვარი უფლებამოსილებით პლენუმი სარგებლობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის N2/პლ დადგენილებით ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლ. მურუსიძეს, საჭიროების შემთხვევაში, დროებით, დაეკისრა სამოქალაქო საქმეთა პალატის წევრის მოვალეობა ამ პალატის ქვემდებარე საქმეთა განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამჟამად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის შემადგენლობაში მხოლოდ 4 მოსამართლეა, რის გამოც, სხვა პალატის მოსამართლის მონაწილეობა კონკრეტული საქმეების განხილვაში, ხშირ შემთხვევაში, აუცილებლობას წარმოადგენს.

კასატორი მიუთითებს, რომ ვინაიდან მოსამართლე ლ. მურუსიძეს საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით აქვს ჩაბარებული, სამოქალაქო საქმეების განხილვაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, რადგან არ არის კომპეტენტური.

საკასაციო სასამართლო ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ ამგვარი განმარტების შემთხვევაში, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდება მოსამართლისათვის სხვა პალატის წევრის უფლებამოსილების განხორციელების დავალება, რამაც, გარკვეულ შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხება შეიძლება გამოიწვიოს და მხარეების კანონიერი ინტერესი, საქმის დროულად განხილვასთან დაკავშირებით, დაუცველი დარჩება. საკასაციო სასამართლო იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნისათვის, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ყველა შემთხვევაში სავალდებულო წინაპირობა არაა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის არგუმენტები საფუძველსაა მოკლებული.

რაც შეეხება მოსამართლე ბესარიონ ალავიძის საქმის განხილვაში მონაწილეობის საკითხს, განმცხადებელი ორ გარემოებაზე მიუთითებს, რის გამოც, მისი მოსაზრებით, მას საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღების უფლება არ გააჩნდა.

განმცხადებლის მტკიცებით, ბ. ალავიძე დაინტერესებული იყო საქმის განხილვის შედეგით.

როგორც ზემოთ აღინიშნა, გადაწყვეტილება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომლის მიმართაც არსებობდა აცილების საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსამართლის დაინტერესება საქმის განხილვის შედეგით მხარემ უნდა დაასაბუთოს შესაბამის მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით.

განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი ვარაუდობს, რომ მოსამართლე ბ, ალავიძემ მიკერძოებულად განიხილა საქმე, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2011 წლის 3 აგვისტოს მისი თავჯდომარეობით მიიღო გადაწყვეტილება ჯ. კ-სა და ა. პ-ის მემკვიდრეებს შორის დავაზე და საქმე ი. გ-ის სასარგებლოდ გადაწყვიტა, რაც გამომდინარეობდა ერთი მხრივ სახელმწიფოსა და მეორე მხრივ ა. პ-ის მემკვიდრეებს შორის 2011 წლის 6 ივლისის მორიგების შეთანხმებიდან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსამართლე ბ. ალავიძის მიკერძოებულობა დადასტურდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მხარე მიუთითებდა მის კავშირზე შპს „რ. ფ-ან“ და იმ ფაქტზე, რომ დავის შპს „რ. ფ-ის“ სასარგებლოდ გადაწყვეტა, რაიმე ფორმით, შედიოდა მოსამართლის ინტერესებში. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსამართლე მონაწილეობდა სხვა სამოქალაქო საქმის განხილვაში, სადაც სხვა მხარეები მონაწილეობდნენ, ვერ ადასტურებს მის დაინტერესებას მოცემული საქმის განხილვის შედეგით, თუნდაც, მხარის მოსაზრებით, გადაწყვეტილება, რომელიც სხვა სამოქალაქო საქმეზე იქნა გამოტანილი, უკანონო იყოს.

სს „ქ. ფ-ის“ დირექტორის მოსაზრებით, მოსამართლე ბ. ალავიძეს არ გააჩნია იურისტის კვალიფიკაცია, შესაბამისად, იგი არ არის უფლებამოსილი მოსამართლის საქმიანობა განახორციელოს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე უკვე იმსჯელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ (სუსგ №ბს-353-343(კს-13)).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2009 წლის 6 იანვარს ბესარიონ ალავიძემ, ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/207-2007 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მოთხოვნით, განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკვალიფიკაციო გამოცდის საორგანიზაციო კომისიას. აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა: დიპლომის ასლი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის მიერ 1999 წლის 3 დეკემბერს გაცემული ცნობა სწავლის პერიოდში გავლილ დისციპლინათა და შესაბამისი შეფასებების თაობაზე, ავტობიოგრაფია, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ბესარიონ ალავიძეზე გაცემული ე№001507 დიპლომის თანახმად, 1995 წელს იგი ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1998 წელს, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის მიერ 1999 წლის 3 დეკემბერს გაცემული №66/858 ცნობით, ამავე უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე /მეორადი სწავლება/ სწავლის პერიოდში გავლილი საგნების ჩამონათვალის შესახებ ირკვევა, რომ ბესარიონ ალავიძემ სწავლების პერიოდში გაიარა შემდეგი დისციპლინები და მიიღო შეფასებები: 1.რომის სამართალი; 2. საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია; 3. საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო და სამართლის ისტორია; 4. სამართალდამცავი ორგანოები; 5. სამართლის თეორია; 6. საერთაშორისო სამართალი; 7. სისხლის სამართალი; 8. სისხლის სამართლის პროცესი; 9. სამოქალაქო სამართალი; 10. სამოქალაქო სამართლის პროცესი; 11. სახელმწიფო სამართალი; 12. ადმინისტრაციული სამართალი; 13. კრიმინალისტიკა; 14. გამოძიების სრულყოფის საკითხები. ბესარიონ ალავიძემ 2009 წლის 24 იანვარს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლსა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლები განსაზღვრავენ მოთხოვნებს, რომლებიც წაეყენება მოსამართლეობის კანდიდატს. სხვა მოთხოვნებთან ერთად, პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა (გარდა იმავე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა). ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ეს წესი დამტკიცებულია ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/207-2007 გადაწყვეტილებით. ამავე წესით არის განსაზღვრული, თუ რა ითვლება უმაღლეს იურიდიულ განათლებად გამოცდაზე დაშვების მიზნებისათვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე და განმარტავს, რომ უმაღლესი განათლება არის სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო საფეხურის შესაბამისი კომპეტენციის გამომუშავებას და დასტურდება კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით; კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერთიფიკატით; დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე (2004 წლის 21 დეკემბერი) უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდებოდა ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის 51-ე მუხლის თანახმად, პროფესიული, მათ შორის, უმაღლესი განათლების შესახებ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი რეგულირდებოდა ამ კანონით, მოქმედი კანონმდებლობით და შესაბამისი ნორმატიული აქტებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბესარიონ ალავიძის დიპლომი შესაბამისობაში იყო და აკმაყოფილებდა 1998 წლის ,,განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, საგანმანათლებლო ცენზს, საგანმანათლებლო სერთიფიკატსა და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბესარიონ ალავიძეს ძირითად ფაკულტეტთან ერთად დამთავრებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მან იურიდიული სწავლების კურსი გაიარა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. აღნიშნულ ფაკულტეტზე სწავლისას ბესარიონ ალავიძეს გავლილი აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი აქვს უმაღლესი იურიდიული განათლების მისაღებად აუცილებელი ყველა სავალდებულო იურიდიული დისციპლინა. მის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა შეესაბამება ძირითად იურიდიულ ფაკულტეტზე არსებულ საგანმანათლებლო პროგრამას. ამასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი სრულად შეესაბამება ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/207-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის’’ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. კერძოდ, ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/207-2007 გადაწყვეტილების მე-2 მუხლის თანახმად, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს ოცდახუთი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას. ამ წესის მიზნებისთვის უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლება: ა) პირი, თუ მას დამთავრებული აქვს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით ,,სამართალმცოდნეობა’’ ან ,,საერთაშორისო სამართალი’’ და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს ,,იურისტის’’ კვალიფიკაცია; ბ) პირი, რომელსაც აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს ბაკალავრის, დიპლომირებული სპეციალისტის ან მაგისტრის უმაღლესი აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობაში; გ) პირი, თუ მას დამთავრებული აქვს სახელწიფო უმაღლესი სასწავლებელი სპეციალობით ,,სამართალმცოდნეობა’’, ასევე ლიცენზირებული კერძო უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული, რომელსაც სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს ,,იურისტის’’ კვალიფიკაცია, ამასთან, დიპლომის დანართიდან ირკვევა, რომ მას ჩაბარებული აქვს შემდეგი საგნები:

გ.ა) საქართველოს სახელმწიფო (საკონსტიტუციო) სამართალი;

გ.ბ) სისხლის სამართალი;

გ.გ) სისხლის სამართლის პროცესი;

გ.დ) სამოქალაქო სამართალი;

გ.ე) სამოქალაქო სამართლის პროცესი

გ.ვ) ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი;

გ.ზ) სამართლის თეორია.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბესარიონ ალავიძის სახელზე გაცემული ე№001507 დიპლომის დანართის თანახმად, ბესარიონ ალავიძეს ჩაბარებული აქვს შემდეგი საგნები: 1.რომის სამართალი; 2. საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია; 3. საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო და სამართლის ისტორია; 4. სამართალდამცავი ორგანოები; 5. სამართლის თეორია; 6. საერთაშორისო სამართალი; 7. სისხლის სამართალი; 8. სისხლის სამართლის პროცესი; 9. სამოქალაქო სამართალი; 10. სამოქალაქო სამართლის პროცესი; 11. სახელმწიფო სამართალი; 12. ადმინისტრაციული სამართალი; 13. კრიმინალისტიკა; 14. გამოძიების სრულყოფის საკითხები.

ამდენად, ბესარიონ ალავიძის სახელზე გაცემული დიპლომი სრულად აკმაყოფილებს ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/207-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის’’ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბესარიონ ალავიძემ ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/207-2007 გადაწყვეტილების შესაბამისად, კანონით დადგენილი წესის სრული დაცვით, მოითხოვა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვება, ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, გაიარა მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი და ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს 1997 წლის 13 იანვრის ორგანული კანონის (ბესარიონ ალავიძის მოსამართლედ დანიშვნის დროისათვის მოქმედი რედაქცია) 48-ე მუხლის შესაბამისად, დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, ხოლო შემდგომში - არჩეულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.

საკასაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს მხარის არგუმენტს, რომ სადავო გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან საქმე მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებითაა განხილული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი ამომწურავად ჩამოთვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლებს. ამგვარ საფუძველს არ მიეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რომელიმე ნორმის არასწორი გამოყენება/გამოუყენებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ქ. ფ-ის“ დირექტორ ნ. ჯ-ის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 425-ე, 430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ქ. ფ-ის“ დირექტორ ნ. ჯ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე