Facebook Twitter

საქმე №ა-1246-შ-33-2014 13 მაისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის შემოსავლებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ-ა“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ბ-ას“ ღია სააქციო საზოგადოება „ბელსოლოდის“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის 740071,30 აშშ დოლარისა და ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს, სულ 2701987,03 აშშ დოლარის გადახდა, მასვე ბელარუსის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 256148370 ბელორუსული რუბლის გადახდა რაც სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის დღეს მოქმედი ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად წარმოადგენდა 27019,87 აშშ დოლარს.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის შემოსავლებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ინსპექციამ და მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში, მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, თუმცა განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია და ითხოვა დავის მისი დასწრების გარეშე გადაწყვეტა, ასევე დასტურდება, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებული არ არის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 აპრილის განჩინებით ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის შემოსავლებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობა შპს „ბ-ის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის შემოსავლებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შპს „ბ-ის“ სახელმწიფო ბაჟის - 256148370 ბელორუსული რუბლის (27019,87 აშშ დოლარის) დაკისრების თაობაზე ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ბ-ას“ ღია სააქციო საზოგადოება „ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის 740071,30 აშშ დოლარისა და ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს, სულ 2701987,03 აშშ დოლარის გადახდა, მასვე ბელარუსის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 256148370 ბელორუსული რუბლის გადახდა რაც სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის დღეს მოქმედი ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად წარმოადგენდა 27019,87 აშშ დოლარს.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის შემოსავლებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ინსპექციამ და მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში, მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, თუმცა განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია და ითხოვა დავის მისი დასწრების გარეშე გადაწყვეტა, ასევე დასტურდება, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებული არ არის, თავის მხრივ, შპს „ბ-ა“ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.

საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს „ბ-ის“ ბელარუსის რესპუბლიკის ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 256148370 ბელორუსული რუბლის (27019,87 აშშ დოლარის) დაკისრების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის შემოსავლებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობა შპს „ბ-ის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ბ-ას“ ბელარუსის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 256148370 ბელორუსული რუბლის გადახდა, რაც სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის დღეს მოქმედი ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად წარმოადგენდა 27019,87 აშშ დოლარს.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე