საქმე №ა-1582-შ-34-2013 20 მაისი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - კ. გ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. გ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს - შვეიცარიის კანტონის ბაზელ-შტადტის სამოქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება
შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა - განქორწინების ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, ქონების გაყოფის ნაწილში - ცნობა და აღსრულება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შვეიცარიის კანტონის ბაზელ-შტადტის სამოქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით 1987 წლის 24 ნოემბერს თბილისში დაქორწინებული მხარეები ურთიერთშეთანხმებით განქორწინდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მხარეებს შორის 2011 წლის 19 დეკემბერს დადებული შეთანხმება, რომელიც შეეხება ალიმენტის დაკისრებას, გადასახადების გადახდასა და უძრავი ქონების გაყოფას.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა კ. გ-ამ და მოითხოვა განქორწინების ნაწილში შვეიცარიის კანტონის ბაზელ-შტადტის სამოქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, ხოლო ქონების გაყოფის ნაწილში - ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მხარეები დაქორწინდნენ 1987 წლის 24 ნოემბერს საქართველოში, ქ.თბილისში. განქორწინების ნაწილში გადაწყვეტილება აღსრულებულია შვეიცარიის ტერიტორიაზე, რაც დასტურდება შვეიცარიის მოქალაქის პირადობის მოწმობის ჩანაწერით, თავის მხრივ, გადაწყვეტილების აღსრულების ფაქტი მიუთითებს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, ხოლო კანტონის ბაზელ-შტადტის სამოქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარე ესწრებოდა საქმის განხილვას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის განჩინებით კ. გ-ას შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში შვეიცარიის კანტონის ბაზელ-შტადტის სამოქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის, ხოლო ქონების გაყოფის ნაწილში ამავე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ კ. გ-ას შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში შვეიცარიის კანტონის ბაზელ-შტადტის სამოქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქონების განკარგვის მოთხოვნის ნაწილში შუამდგომლობის ავტორს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
შვეიცარიის კანტონის ბაზელ-შტადტის სამოქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით 1987 წლის 24 ნოემბერს თბილისში დაქორწინებული მხარეები ურთიერთშეთანხმებით განქორწინდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მხარეებს შორის 2011 წლის 19 დეკემბერს დადებული შეთანხმება, რომელიც შეეხება ალიმენტის დაკისრებას, გადასახადების გადახდასა და უძრავი ქონების გაყოფას.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა კ. გ-ამ და მოითხოვა განქორწინების ნაწილში შვეიცარიის კანტონის ბაზელ-შტადტის სამოქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, ხოლო ქონების გაყოფის ნაწილში - ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ: ა) მხარეები დაქორწინდნენ 1987 წლის 24 ნოემბერს საქართველოში, ქ.თბილისში; ბ) განქორწინების ნაწილში გადაწყვეტილება აღსრულებულია შვეიცარიის ტერიტორიაზე; გ) გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში; დ) მოწინააღმდეგე მხარე საქმის განხილვის თაობაზე სათანადოდ იყო ინფორმირებული.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები განქორწინების ნაწილში გადაწყვეტილების ცნობისათვის არ არსებობს.
რაც შეეხება კ.გ-ას შუამდგომლობას მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაყოფის ნაწილში შვეიცარიის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:
შუამდგომლობის ავტორი ითხოვს საქართველოში, ქ.თბილისში, მ-ის ქ№4-ში მდებარე უძრავი ქონების მეუღლეთა შორის გაყოფის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს სასამართლოებს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ მხოლოდ იმ სარჩელებზე, რომლებიც ეხება უძრავ ქონებას, თუ ეს ქონება საქართველოშია. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნივთზე უფლების წარმოშობა, შეცვლა, გადაცემა და შეწყვეტა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც ეს ნივთი იმყოფება. ამ ქვეყნის სანივთო-სამართლებრივი ნორმები გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა ამ კანონის მითითებითი (კოლიზიური) ნორმის მიხედვით სხვა ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული, ხოლო 68-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება,
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ისეთი კატეგორიის დავებზე, რომლებიც განეკუთვნება საქართველოს სასამართლოების განსაკუთრებულ საერთაშორისო კომპეტენციას, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა ვერ მოხდება, რადგან ისინი განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს მხოლოდ საქართველოს სასამართლოების მიერ.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონება საქართველოს ტერიტორიაზეა, არ არსებობს ქონების გაყოფის ნაწილში შვეიცარიის კანტონის ბაზელ-შტადტის სამოქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების ცნობის წინაპირობები. ასევე არ არსებობს მითითებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე მიქცევის საფუძველიც, ვინაიდან „საერთასორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აღსასრულებლად უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების მიქცევის ერთ-ერთი წინაპირობაა იმის დადგენა, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება შეესაბამება თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებულ დათქმებს, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. გ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. კ. გ-ას და ნ. გ-ას განქორწინების ნაწილში შვეიცარიის კანტონის ბაზელ-შტადტის სამოქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
3. კ. გ-ას შუამდგომლობა ქ.თბილისში, მ-ის ქN4-ში მდებარე უძრავი ქონების გაყოფის ნაწილში შვეიცარიის კანტონის ბაზელ-შტადტის სამოქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე