Facebook Twitter

საქმე №ა-207-შ-8-2014 19 მაისი, 2014 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ზ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ი. მ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - ნიდერლანდების ზუტპენის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სექტორის, ოჯახური დავების განყოფილების 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნიდერლანდების ზუტპენის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სექტორის, ოჯახური დავების განყოფილების 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით 1983 წლის 8 იანვარს ქ. თბილისში (ყოფილი სსრკ) დაქორწინებული ი. ვ. ასული მ-ი (ქალიშვილობის გვარი: ჯ-ე) და ზ. ა. ძე მ-ი განქორწინდნენ.

ზ. მ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ნიდერლანდების ზუტპენის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სექტორის, ოჯახური დავების განყოფილების 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა სასამართლოში წარმოედგინა დამოწმებული ცნობა, რომელიც დადასტურდებოდა ნიდერლანდების ზუტპენის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სექტორის, ოჯახური დავების განყოფილების 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. მ-ის შუამდგომლობა ნიდერლანდების ზუტპენის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სექტორის, ოჯახური დავების განყოფილების 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა სასამართლოში წარმოედგინა დამოწმებული ცნობა, რომელიც დადასტურდებოდა ნიდერლანდების ზუტპენის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სექტორის, ოჯახური დავების განყოფილების 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა. ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის განჩინება ზ. მ-ს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2014 წლის 27 იანვარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 28 იანვარს და ამოიწურა 2014 წლის 6 თებერვალს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ზ. მ-ს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზ. მ-ის შუამდგომლობა ნიდერლანდების ზუტპენის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სექტორის, ოჯახური დავების განყოფილების 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. მ-ის შუამდგომლობა ნიდერლანდების ზუტპენის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სექტორის, ოჯახური დავების განყოფილების 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი