საქმე №ა-3100-შ-82-2013 19 მაისი, 2014 წელი.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ნ. ქ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ა. ა-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - გერმანიის ბრაისგაუს ფრაიბურგის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის ბრაისგაუს ფრაიბურგის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით 1996 წლის 16 ნოემბერს თბილისში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის №1481) ა. ა-სა და ნ. ქ-ს შორის შეწყდა. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა ... წლის ... აგვისტოს დაბადებული მ. ა-ის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. ქ-მა და მოითხოვა განქორწინების ნაწილში დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ნ. ქ-ის შუამდგომლობა გერმანიის ბრაისგაუს ფრაიბურგის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. ქ-ის შუამდგომლობა გერმანიის ბრაისგაუს ფრაიბურგის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გერმანიის ბრაისგაუს ფრაიბურგის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით 1996 წლის 16 ნოემბერს თბილისში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის №1481) ა. ა-სა და ნ. ქ-ს შორის შეწყდა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, კანონიერ ძალაშია შესული 2011 წლის 16 სექტემბრიდან. მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში. შუამდგომლობის ავტორის განცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულებულია გერმანიაში. მოსარჩელეც და მოპასუხეც არიან საქართველოს მოქალაქეები.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
გერმანიის ბრაისგაუს ფრაიბურგის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ქ-ის შუამდგომლობა გერმანიის ბრაისგაუს ფრაიბურგის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ბრაისგაუს ფრაიბურგის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც 1996 წლის 16 ნოემბერს თბილისში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის №1481) ა. ა-სა და ნ. ქ-ს შორის შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე