Facebook Twitter

საქმე№ა-3338-შ-89-2013 5 მაისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ე-III“-ის შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ინდ. მეწარმე ფ. შ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ე-III“-ის შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

„უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების კონვენციის“ მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს ცნობს როგორც სავალდებულოს და აღასრულებს მათ იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმებით, სადაც მოითხოვება ამ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ქვემოჩამოთვლილ მუხლებში ჩამოყალიბებული პირობებით.

დასახელებული ნორმით გათვალისწინებულია კონვენციაზე ხელმომწერი სახელმწიფოს ვალდებულება, საქმის განხილვისას იხელმძღვანელოს კონვენციით დადგენილი ნორმების შესაბამისად, თუმცა ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების განხორციელებისას გამოიყენება საქმის განმხილველი სასამართლოს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ნორმები.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ნოემბრის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოსადგენად განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადა მიეცა. ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ნოემბრის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა შპს „ე-III“-ს მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და შპს „საქართველოს ფოსტის“ მომართვის თანახმად, გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2013 წლის 28 ნოემბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 29 ნოემბერს და ამოიწურა 2013 წლის 9 დეკემბერს (8 დეკემბერი იყო დასვენების დღე). სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში შპს „ე-III“-ს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველია.

რაც შეეხება, შპს „ე-III“-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 485.61 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, როგორც ზემოთ აღინიშნა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა ამოიწურა 2013 წლის 9 დეკემბერს, ხოლო ბაჟის გადახდის ქვითარი კი შუამდგომლობის ავტორმა სასამართლოში წარმოადგინა 2013 წლის 12 დეკემბერს (იხ. საქართველოს უზენაეს სასამართლოში შპს „ე-III“-ის მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე დასმული სარეგისტრაციო შტამპი), როცა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადა უკვე გასული იყო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს „ე-III“-ის შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების კონვენციის“ მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ე-III“-ის შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ე-III“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 2013 წლის 12 დეკემბერს ო. ბ-ის მიერ №328979537 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 485.61 ლარი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ვ. როინიშვილი