ბს-689-276 (კ-05) 6 ოქტომბერი,2005 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
დავის საგანი: საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 28 იანვარს ნ. მ-ემ, ა. ბ-ემ, გ. ს-მა, გ. ხ-ემ, კ. ც-ემ, ვ. თ-მა, ე. მ-მ და მათმა წარმომადგენელმა ნ. ს-მა შეგებებული სარჩელით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხეების: სს “ა-ის” და ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის წინააღმდეგ და აღნიშნეს, რომ სასამართლო კოლეგიაში განიხილება სს “ა-ის” სარჩელი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ 2002წ. 4 ოქტომბრის ¹1-3/707 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ. სს “ა-მა” შეისყიდა მიწის ფართობი, რომელიც მოიცავს ... მდებარე საერთო საცხოვრებელსა და მის მიმდებარე ტერიტორიას. შეგებებული სარჩელის ავტორებმა მოითხოვეს მიწის მართვის დეპარტამენტის ჩანაწერსა და საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანა იმ მიმართებით, რომ სს “ა-ის” საკუთრებაში აღირიცხოს მიწის ფართობი ... მდებარე საერთო საცხოვრებლისა და მისი მიმდებარე მიწის ნაკვეთის ფართის გამოკლებით.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 31 იანვრის განჩინებით შეგებებული სარჩელი გადაეგზავნა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს იმ მოტივით, რომ იგი წარმოადგენდა დამოუკიდებელ და არა შეგებებულ სარჩელს.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 მაისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაება ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრო, ხოლო მოპასუხედ _ ქ. თბილისის ტექაღრიცხვის სამსახური.
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტისათვის დავალება საჯარო რეესტრში ცვლილებების შესატანად ... განთავსებული საერთო საცხოვრებლის შესახებ არსებულ მონაცემებში, კერძოდ, ... მდებარე საერთო საცხოვრებელი და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის ასახვა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საკუთრებად.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; დაევალა მოპასუხე თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურს სათანადო ცვლილებების შეტანა ამავე სამსახურის მიერ 1997წ. 17 თებერვალს შედგენილ გენ. გეგმაში დადგენილი წითელ ხაზებში თბილისში, ... მდებარე საერთო საცხოვრებლის, მისი მიმდებარე ტერიტორიისა და მისასვლელი გზის გათვალისწინებით, რის შემდეგ უნდა მომხდარიყო შესაბამისი ცვლილებების შეტანა თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის საჯარო რეესტრის ჩანაწერებში.
სს ,ა-მა” სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას და მოითხოვა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება, ექსპერტიზის დანიშვნა იმ საკითხის საბოლოოდ გასარკვევად, თუ რატომ არის არსებითი განსხვავება საკადასტრო რუკებსა და გენ. გეგმაზე მითითებულ ფართობებს შორის. აპელანტმა მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 მარტის განჩინებით სს “ა-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად ცნო, რომ საერთო საცხოვრებელი, რომელიც ¹1 ა-ი ქარხნის ბალანსზე იმყოფებოდა, სს “ა-ს” არ გადასცემია და იგი დატოვებულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში. ამ შემთხვევაში, საერთო საცხოვრებელი არ წარმოადგენდა სს “ა-ის” საკუთრებას. აქედან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის შესაბამისი ნაწილიც ვერ გადაეცემოდა სს “ა-ს”, ამიტომ, სააპელაციო პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო ბარათში აღნიშნული მიწისა და სხვა უძრავი ქონების არც ერთი ნაწილი არ შეიძლება გადავიდეს სხვის საკუთრებაში, თუ არ არსებობს საკუთრების უფლების გადასვლის დამადასტურებელი საბუთი. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სს “ა-ის” იურიდიული მისამართია, ასევე, ... ქ. ¹1, საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტებში მიწის ნაკვეთის მისამართია .... ¹1, საერთო საცხოვრებელი კი მდებარეობს ..., ანუ იგი განცალკავებულია სს “ა-ის” ქონებისაგან.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნა არაა ხანდაზმული, ვინაიდან სსკ-ის 128-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს, 129-ე მუხლის თანახმად კი უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, ხოლო 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ სადავო საკითხის შესახებ მესაკუთრისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2002 წელს. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ხოლო 313-ე მუხლის შესაბამისად, თუ პირის სახელზე რეესტრში შეტანილია ისეთი უფლება, რომელიც ამ პირს აღარ განეკუთვნება, მაშინ პირს, რომლის უფლებები და სამართლებრივი მდგომარეობა შეილახა რეგისტრაციის შედეგად, შეუძლია მოსთხოვოს თანხმობა ჩანაწერის შესწორებაზე იმ პირს, რომლის უფლებასაც შეეხება შესწორება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველი არ ყოფილა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002წ. 4 ოქტომბრის ¹1-3/707 ბრძანება და აღნიშნა, რომ ეს გარემოება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორადაა მითითებული, მაგრამ მიიჩნევს, რომ იგი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს “ა-ის” მიერ, რომელმაც მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის საოლქო სასამართლოსათვის დაბრუნება ხელახალი, არსებითი განხილვისათვის შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორმა აღნიშნა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება არის დაუსაბუთებელი და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატის მიერ განჩინების გამოტანისას დაირღვა სსკ-ის 105-ე და 249-ე მუხლების მოთხოვნები. კასატორის აზრით, სს “ა-ს” ჰქონდა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის პრივატიზების უფლება “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის შესაბამისად.
კასატორმა აღნიშნა, რომ მათ სასამართლოს წარუდგინეს 1944წ. 7 ივნისის გეგმა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის არქივიდან, თუმცა სასამართლოს იგი არ შეუფასებია. ასევე არ დააკმაყოფილა აპელანტთა მოთხოვნა ექსპერტიზის დანიშვნასა და ჩატარებაზე, რაც, კასატორის აზრით, უკანონო გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი საფუძველია.
მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნეს, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
საკასაციო პალატა სსკ-ის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეეცადა დავა მხარეთა მორიგებით დაესრულებინა, მაგრამ მოსარჩელე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უარი განაცხადა მორიგებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ა-ის” საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994წ. 25 ივლისის ¹04.17.65 დადგენილებით ქ. თბილისის ა-ი ¹1 ქარხნის ბაზაზე დაფუძნდა სს “ა-ი”, ხოლო ა-ი ¹1 ქარხნის ბალანსზე მყოფი სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტები, არსებული წესის შესაბამისად, ხელშეკრულებით, მუდმივ სარგებლობაში უნდა გადასცემოდა სს “ა-ს”. სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებით, საწარმოს ღირებულების შეფასების აქტის მიხედვით, სახელმწიფო მუნიციპალურ საკუთრებაში დარჩა საბავშვო ბაღი, საერთო საცხოვრებელი და დასასვენებელი სახლი, მდებარე კიკეთში. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002წ. 4 ოქტომბრის ¹1-3/707 ბრძანებით სს “ა-ის” საწესდებო კაპიტალში არშესული თბილისში, ... მდებარე საერთო საცხოვრებელი ჩაირიცხა თბილისის მუნიციპალურ დაქვემდებარებაში და თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურის 2002წ. ცნობის თანახმად, ... მდებარე 240 კვ.მ-ის საერთო საცხოვრებელი აღრიცხულია ნაძალადევის რაიონის საბინაო ტრესტზე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996წ. 11 იანვრის ¹04141 დადგენილებით თბილისში, .... ¹1-ში მდებარე სს “ა-ს” დაუმაგრდა მის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობიც უნდა განსაზღრულიყო გენგეგმის შედგენის შემდეგ. “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის შესაბამისად, სს “ა-მა” საკუთრების უფლებით აღრიცხა თბილისში, ... ¹1-ში მდებარე ¹1/3; ¹2/2 და ¹2/3 მიწის ნაკვეთები, მათ შორის, ... მდებარე საერთო საცხოვრებელიც. ვინაიდან საპრივატიზებო მასალების საფუძველზე ირკვევა, რომ ... მდებარე საერთო საცხოვრებლის პრივატიზაცია სს “ა-ს” არ მოუხდენია და იგი მუნიციპალურ საკუთრებას წარმოადგენს, საერთო საცხოვრებლის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის სს “ა-ის” საკუთრებად რეგისტრაცია ეწინააღმდეგება სკ-ის 150-ე და “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მე-16 მუხლების მოთხოვნებს, ამიტომ საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორთა პრეტენზიას და სრულად ეთანხმება სააპელაციო და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლითაც დაკმაყოფილდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სარჩელი და თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურს (ამჟამად თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური) დაევალა სათანადო კორექტირების შეტანა 1997წ. 17 თებერვალს შედგენილ წითელ ხაზებში, კერძოდ, ... მდებარე საერთო საცხოვრებლის, მისი მიმდებარე ტერიტორიისა და მისასვლელი გზის გათვალისწინებით, რის შემდეგაც უნდა მოხდეს შესაბამისი ცვლილების უნდა შევიდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერებში.
საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილების აღსრულებისას 1997წ. გენგეგმაში დადგენილი წითელი ხაზების კორექტირება უნდა მოხდეს მოქმედი კანონმდებლობის, ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002წ. 3 ოქტომბრის ¹49 ბრძანებითა და ქ. თბილისის საკრებულოს 2003წ. 20 მაისის ¹8-2 გადაწყვეტილებით დადგენილი ნორმატივების გათვალისწინებით, რათა დაცულ იქნეს როგორც სს “ა-ის”, ისე _ საერთო საცხოვრებლის მობინადრეთა კანონიერი უფლებები. საკასაციო პალატა ამასთან აღნიშნავს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილების შესაბამისად, თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა კორექტირებული გეგმა-ნახაზი, რომლის მონაცემსაც ეთანხმებოდა კასატორი სს “ა-ი”, მაგრამ მხარეთა მორიგება მაინც ვერ მოხერხდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამო.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ “ა-ი” ეთანხმებოდა საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ კორექტირებულ გეგმა-ნახაზს, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 მარტის განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს “ა-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.