საქმე№ა-3575-შ-94-2013 13 მაისი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - გ. ჩ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - დ. ფ. ს-ი ჩ-ი
ბრძანებულება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს - ამერიკის შეერთებული შტატების კოლორადოს შტატის არაპაჰოეს ოლქის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 16 აგვისტოს ბრძანებულება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ამერიკის შეერთებული შტატების კოლორადოს შტატის არაპაჰოეს ოლქის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 16 აგვისტოს ბრძანებულებით გ. ჩ-სა და დ. ფ. ს-ი ჩ-ს შორის ქორწინება შეწყდა შეუქცევადად.
გ. ჩ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა და მოითხოვა ზემოაღნიშნული ბრძანებულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ჩ-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების კოლორადოს შტატის არაპაჰოეს ოლქის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 16 აგვისტოს ბრძანებულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 დეკემბრის განჩინებით გ. ჩ-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან ათი დღის ვადაში ა) წარმოედგინა მის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა ან ი. ლ-ის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი მტკიცებულება; ბ) დაეზუსტებინა მოთხოვნა, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების კოლორადოს შტატის არაპაჰოეს ოლქის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 16 აგვისტოს ბრძანებულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას ითხოვდა თუ აღსრულებასაც; გ) წარმოედგინა ამერიკის შეერთებული შტატების კოლორადოს შტატის არაპაჰოეს ოლქის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 16 აგვისტოს ბრძანებულება დედნის სახით; და დ) შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენით დაედასტურებინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კოლორადოს შტატის არაპაჰოეს ოლქის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 16 აგვისტოს ბრძანებულება შესულია კანონიერ ძალაში. დადგენილ ვადაში გ. ჩ-მა განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა მის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა და შესაბამისი ბრძანებულება დედნის სახით, მოთხოვნის დაზუსტების მიზნით მიუთითა, რომ ითხოვდა აღნიშნული ბრძანებულების ცნობა-აღსრულებას საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა ამით ხარვეზი ნაწილობრივ იქნა გამოსწორებული, რადგან შუამდგომლობის ავტორს არ წარმოუდგენია ამერიკის შეერთებული შტატების კოლორადოს შტატის არაპაჰოეს ოლქის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 16 აგვისტოს ბრძანებულების კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელი მტკიცებულება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 თებერვლის განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა გაგრძელდა და გ. ჩ-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენით დაედასტურებინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კოლორადოს შტატის არაპაჰოეს ოლქის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 16 აგვისტოს ბრძანებულება შესულია კანონიერ ძალაში. საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 11 თებერვლის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა გ. ჩ-ს 2014 წლის 21 თებერვალს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინება ეგზავნება უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და ერთ-ერთი მათგანისათვის, ან ამავე კოდექსის 74-ე მუხლით დადგენილი სუბიექტისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 22 თებერვალს და ამოიწურა 2014 წლის 28 თებერვალს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში გ. ჩ-ს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ჩ-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების კოლორადოს შტატის არაპაჰოეს ოლქის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 16 აგვისტოს ბრძანებულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ჩ-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების კოლორადოს შტატის არაპაჰოეს ოლქის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 16 აგვისტოს ბრძანებულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი