Facebook Twitter

№ას-460-434-2014 13 მაისი , 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – ც. ჭ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ს-ე

განმცხადებლის მოთხოვნა – უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ც. ჭ-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ჯ. ფ-ის, ბ. ა-ას, ზ. ა-ის, მ. ს-სა და ც. გ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა : 1) ქ. ქუთაისში, ა-ს გამზირის №14-ში მდებარე ც. ჭ-ის უძრავი ქონებიდან იპოთეკის მოხსნა, დადებული ბ. ა-სა და ზ. ა-ეს შორის 2010 წლის 30 ივლისის სესხისა და იპოთეკის საფუძველზე; 2) ქ. ქუთაისში, ა-ს გამზირის №14-ში მდებარე ც. ჭ-ის უძრავი ქონებიდან იპოთეკის მოხსნა, დადებული ბ. ა-სა და ჯ. ფ-ეს შორის 2010 წლის 31 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის საფუძველზე; 3) ქ. ქუთაისში, ა-ს გამზირის №14-ში მდებარე ც. ჭ-ის უძრავი ქონებიდან იპოთეკის მოხსნა, დადებული ბ. ა-სა და მ. ს-ეს შორის 2011 წლის 11 მარტის სესხისა და იპოთეკის საფუძველზე; 4) ქ. ქუთაისში, ა-ს გამზირის №14-ში მდებარე ც. ჭ-ის უძრავი ქონებიდან იპოთეკის მოხსნა, დადებული ბ. ა-სა და ც. გ-ეს შორის 2011 წლის 17 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის საფუძველზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ც. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა სააღსრულებო საქმე №13043652 ბ. ა-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ც. ჭ-ის სარჩელის განხილვამდე და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. ჭ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მირებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მარტის განჩინებით ც. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. ჭ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

2014 წლის 6 მაისს ც. ჭ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 192-ე, 198-ე მუხლების შესაბამისად, შეჩერდეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული №14023616 სააღსრულებო საქმე, მოვალე ბ. ა-სა და კრედიტორ მ. ს-ეს შორის, ც. ჭ-ის სარჩელის განხილვამდე და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შემდეგი დასაბუთებით:

განმცხადებლის განმარტებით, 2011 წლის 11 მარტს ბ. ა-სა და მ. ს-ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც ბ. ა-ამ უზრუნველყო, თაღლითური გზით (ყალბი მინდობილობით) თავის საკუთრებაში გადაფორმებული, ქ. ქუთაისში ა-ს გამზირის №14-ში მდებარე, თავისი ბებიის – ც. ჭ-ის უძრავი ქონებით. ბ. ა-ამ არ გადაიხადა თანხა, რის გამოც კრედიტრომა მიმართა სასამართლოს თანხის დაკისრებისა და უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა გადაწყვეტილებით და გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

სააღსრულებო წარმოების პროცესში, ც. ჭ-ის ცნობილი გახდა ბ. ა-ას თაღლითობის თაობაზე, რის გამოც მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დოკუმენტის გაყალბებისა და თაღლითობის ფაქტზე. ქუთაისის პროკურატურამ შეაჩერა სააღსრულებო საქმის წარმოება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 2012 წლის 23 ოქტომბერს ბ. ა-ას მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

ც. ჭ-მა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბ. ა-ას მიმართ და მოითხოვა დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. 2013 წლის 4 მარტს ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მხარეთა მორიგების გამო შეწყვიტა საქმის წარმოება, რომლის თანახმადაც, ც. ჭ-ს აუნაზღაურდა დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანი ნატურით, ბ. ა-ას კი, დაევალა აღნიშნული ქონებები 2013 წლის 25 აპრილამდე გაეთავისუფლებინა მის მიერ დატვირთული იპოთეკარებისგან, რაც მან არ შეასრულა.

2014 წლის 30 აპრილის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული ცნობიდან ირკვევა, რომ კრედიტორმა მ. ს-ემ №2/857-12 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, დაიწყო სააღსრულებო წარმოება. იპოთეკით უზრუნველყოფილ ქონებაზე აუქციონი ამჟამად არ დანიშნულა. სააღსრულებო საქმის წარმოებით ირღვევა ც. ჭ-ის კანონიერი უფლებები, კერძოდ, შესაძლოა გასხვისდეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რაც გააძნელებს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ც. ჭ-მა მოითხოვა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აღსრულების საქმის წარმოების შეჩერება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა ც. ჭ-ის განმცხადება და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, სასამართლოს განმცხადებლის მითითების საფუძველზე უნდა შეექმნას მყარი შინაგანი რწმენა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას. თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს სახელით გამოტანილ მართლმსაჯულების აქტს, რომელიც მოდავე მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად აწესრიგებს და მიმართულია სამომავლოდ (კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის) დაცული და აღიარებული უფლების რეალიზებისაკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის აღმოჩნდება, რომ შეუძლებელია სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგის განხორციელება, მართლმსაჯულება რეალურ მიზანს დაკარგავს. კანონმდებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის მტკიცების ტვირთს განმცხადებელს აკისრებს, თუმცა ადგენს, რომ სასამართლოს სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უზრუნველყოფილ იქნას სარჩელი.

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონების იპოთეკისგან გათავისუფლება. აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში, სარჩელის საფუძვლიანობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს აზრით, არ იქმნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ც. ჭ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე