Facebook Twitter

ბს-692-279(კ-05) 25 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: მიწის იჯარის ხელშეკრულების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

12.11.02წ. მცხეთის რაიონის გამგეობამ მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების ჯ. ტ.-ისა და შპს “ა.-ს” მიმართ სარჩელი აღძრა და მოითხოვა 23.05.02წ. იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ჯ. ტ.-ისათვის გადაცემული 10,92 ჰა მიწის ფართობის 6,7 ჰა-ით შემცირება, მცხეთის რაიონის გამგეობასა და მოიჯარე შპს “ა.-ს” შორის 10.03.2000წ. დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებით შპს “ა.-სათვის” გამოყოფილი 168 ჰა მიწის ნაკვეთის 6,9 ჰა-ით შემცირება,ხოლო ჩამორთმეული 6,7 ჰა და 6,9 ჰა მიწის ნაკვეთების მცხეთის რაიონის გამგეობის სახელმწიფო მიწის ფონდში დაბრუნება მისი შემდგომი განკარგვის მიზნით.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 13.06.03 წ. განჩინებით ასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ყოფილი დიღმის ... მეურნეობის ტერიტორიაზე მცხოვრები 27 პირი, რომელთაც თავის მხრივ, სასამართლოში წარადგინეს სარჩელი მცხეთის რაიონის გამგეობის, ჯ. ტ.-ისა და შპს “ა.-ს” მიმართ და მოითხოვეს ჯ. ტ.-ისათვის იჯარით გადაცემული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობიდან 6,7 ჰა და შპს “ა.-სათვის” გადაცემული 6,9 ჰა მიწის ნაკვეთის მცხეთის რაიონის გამგეობისათვის დაბრუნება, მისი კანონიერი განაწილება პროცესში ჩაბმულ მესამე პირებზე. საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას მესამე პირებმა უარი განაცხადეს სარჩელზე.

15.01.04წ. განცხადებით მცხეთის რაიონის გამგეობამ შეცვალა სარჩელის საფუძველი და საგანი. მოსარჩელემ მოითხოვა 23.05.02წ. ჯ. ტ.-თან და 10.03.2000წ. შპს “ა.-სთან” დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებების გაუქმება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მხარეებს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების ტიპური ფორმის მე-4 თავის მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, საიჯარო ქირის გადაუხდელობიდან 3 თვის გასვლის შემდეგ საიჯარო ხელშეკრულება ჩაითვლება გაუქმებულად, რაც განსაზღვრული იყო ასევე ჯ. ტ.-სთან და შპს “ა.-სთან” დადებული იჯარის ხელშეკრულებებით. მცხეთის რაიონის საფინანსო განყოფილების 29.09.03წ. ¹57 ცნობის მიხედვით, მოიჯარეებს: ჯ. ტ.-ს და შპს “ა.-ს” 2000-2002წწ. და 2003 წელს 8 თვის განმავლობაში საიჯარო ქირა არ გადაუხდიათ.

მოპასუხეებმა ჯ. ტ.-მა და შპს “ა.-მ” სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ მათ შეასრულეს მცხეთის რაიონის გამგეობასთან დადებული საიჯარო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, დაფარეს ხელშეკრულებაში მითითებული საიჯარო ქირა და დავალიანება არ ერიცხებათ. ამასთან, მათ ზედმეტად აქვთ გადახდილი 2884 ლარი, ვინაიდან შპს “ა.-ს” გამოეყო 168 ჰა, ხოლო 28.11.03წ. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა 128,98 ჰა, შესაბამისად 4 წლის მანძილზე ზედმეტად გადახდილია 2884 ლარი.

მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოპასუხეებმა საიჯარო ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ საგადასახადო ინსპექციაში გადაიხადეს მიწის გადასახადი და არა საიჯარო ქირა. შეთანხმების მიხედვით, საიჯარო ქირა უნდა ჩარიცხულიყო მეიჯარის ადგილობრივი ბიუჯეტის ანგარიშზე, მაშინ, როდესაც მიწის გადასახადი ირიცხება ცენტრალურ ბიუჯეტში, რომლის გადახდის წესი და ოდენობა წესრიგდება საგადასახადო კოდექსით, ხოლო საიჯარო ქირის ოდენობის განსაზღვრა ხდება მხარეთა შეთანხმებით, ისევე როგორც ქირის ოდენობის შეცვლა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 13.05.04წ. გადაწყვეტილებით მცხეთის რაიონის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 23.05.02წ. და 10.03.2000წ. ჯ. ტ.-თან და შპს “ა.-სთან” დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებები და 01.12.03წ. იჯარის ხელშეკრულება 10.03.2000წ. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ჯ. ტ.-მ, შპს “ა.-მ” სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

აპელანტებმა აღნიშნეს, რომ ჯ. ტ.-სა და მცხეთის რაიონის გამგეობას შორის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება დაიდო 06.03.97წ., რომლითაც იჯარით აღებული მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის ქირის ყოველწლიური თანხა შეადგენს 429,29 ლარს. 2000 წლიდან მას წლიურად უნდა გადაეხადა მიწის ქირა _ 382 ლარი. აღნიშნულ თანხას მოიჯარე მცხეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში იხდიდა. ასევე, პირნათლად ასრულებდა იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს შპს “ა.-”. 168 ჰა მიწის ნაკვეთზე 10.03.2000წ. ხელშეკრულებით მოიჯარემ ვალდებულება აიღო გადაეხადა მიწის ქირა 4340 ლარი, ხოლო 01.12.03წ. ხელშეკრულებით 128 ჰა მიწის ნაკვეთზე მიწის ქირა ყოველწლიურად 3620 ლარს შეადგენდა, რაც მის მიერ ჯეროვნად სრულდებოდა. ამასთან, საქმეშია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 09.10.03წ. წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ საგადასახადო კოდექსის 152-ე მუხლს დაემატა მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის მოიჯარეები იხდიან საიჯარო ქირას, რომელიც მოიცავს მიწის გადასახადს. საიჯარო ქირა არ შეიძლება იყოს იმავე მიწით სარგებლობისათვის დაწესებულ გადასახადზე ნაკლები. აპელანტებმა მიუთითეს, რომ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის მე-12 მუხლი, აგრეთვე, ფინანსთა მინისტრის ¹178 ბრძანებით დამტკიცებული “მიწის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ” ინსტრუქცია არ ითვალისწინებს მიწაზე ორი სახის გადასახადის არსებობას.

თბილისის საოლქო სასასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 17.03.05წ. განჩინებით ჯ. ტ.-ისა და შპს “ა.-ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცველად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 13.05.04წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მიწის გადასახადი და მიწის ქირა არ წარმოადგენს სამართლებრივად იდენტურ ცნებებს. მიწის გადასახადი სადავო სამართლებრივი ურთიერთობის დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ინსტიტუტია. 31.12.03წ. მდგომარეობით იგი წარმოადგენდა საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადს, ხოლო შემდეგ განხორციელებული ცვლილებებით ადგილობრივ გადასახადს. რაც შეეხება საიჯარო ურთიერთობას, იგი კერძო-სამართლებრივი ხასიათისაა. იჯარის ქირა, მისი ოდენობა და გადახდის წესი დამოკიდებულია მხარეთა შეთანხმებაზე და ძირითადად სამოქალაქო კოდექსით წესრიგდება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსის 150-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის მოიჯარეები იხდიან საიჯარო ქირას, რომელიც მოიცავს მიწის გადასახადს, მხოლოდ რამოდენიმე თვე მოქმედებდა. ამდენად, მას არ შეეძლო გავლენის მოხდენა დავის საგანზე, რადგან ჯ. ტ.-სა და შპს “ა.-ს” არ გადაუხდია მიწის საიჯარო ქირა 2000-2002წწ. და 2003 წელს 8 თვის განმავლობაში.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება, რომ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და განკარგვის წესის შესახებ” კანონის თანახმად, მიწაზე მხოლოდ ერთი გადასახადი _ ქირა შეიძლება იყოს დადგენილი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული კანონი აწესრიგებს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის საკითხებს, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში სადავოა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულების გაუქმების საკითხი. ასეც რომ არ იყოს, მიწის გადასახადი და მიწის ქირა განსხვავებული სამართლებრივი ინსტიტუტებია და მათ საერთო არაფერი აქვთ, კერძოდ, “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და განკარგვის წესის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულია, რომ “იჯარის ქირის გადახდა არ ათავისუფლებს მოიჯარეს მიწით სარგებლობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გადასახადებისაგან”. სადავო იჯარის ხელშეკრულებების მოქმედების დროს არსებული (1997 წ.) საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლის შესაბამისად, მიწის გადასახადის გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც საკუთრებაში ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში აქვთ მიწის ნაკვეთი. ამდენად, მოიჯარე ვალდებული იყო საგადასახადო კოდექსის თანახმად, გადაეხადა მიწის გადასახადი. ამავე დროს, გარდა მიწის გადასახადისა, მოიჯარე ვალდებული იყო იჯარის ხელშეკრულების ძალით და სკ-ის 581-ე და 592-ე მუხლების შესაბამისად, გადაეხადა მიწის ქირა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ჯ. ტ.-მა და შპს “ა.-მ” საკასაციო წესით გაასაჩივრეს. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მცხეთის რაიონის გამგეობის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები აღნიშნავენ, რომ მცხეთის რაიონის გამგეობას მათთვის მიწის იჯარის ქირა არ მოუთხოვია, გამგეობამ არც ერთ მოიჯარეს არ განუმარტა, რომ არსებობს მიწის ორი სახის გადასახადი, ამასთან, ხელშეკრულების მეორე თავში აღნიშნულია, რომ იჯარით აღებული მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის საიჯარო ქირა წელიწადში შეადგენს 3620 ლარს, მასში არ არის მითითებული, რომ არსებობს მიწის მეორე სახის გადასახადი. კასატორები მიუთითებენ, რომ მათ სასამართლო სხდომაზე დააყენეს საკითხი, თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გარდა სხვა თანხა იყო გადასახდელი, ამოეწერათ მათთვის მიწის ქირის გადახდის ქვითარი თანხის მითითებით, რის შედეგადაც მოპასუხეები გადაიხდიდნენ თანხას. კასატორებს მიაჩნიათ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებაში მითითებული თანხა მოიცავს საიჯარო ქირას და მიწის ნაკვეთით სარგებლობის გადასახადს, რადგან ეს თანხები გაერთიანებულია და რჩება ადგილობრივ ბიუჯეტს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით მოიჯარე იხდის ქირას, რომელიც მოიცავს მიწის გადასახადს. სკ-ის 581-ე და 592-ე მუხლების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა არ ითვალისწინებს არანაირ სხვა გადასახადს, გარდა საიჯარო ქირისა.

კასატორები მიუთითებენ, რომ ფინანსთა მინისტრის 13.07.98წ. ¹178 ბრძანებით და სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 29.12.98წ. ¹60 ბრძანებით დამტკიცებული მიწის გადასახადის ინსტრუქციით განსაზღვრულია მიწის გადასახადით დაბეგვრის ობიექტები, გადასახადით დაბეგვრის პრინციპები, მიწის გადასახადის გადახდის განაკვეთები, მიწის გადასახადის გაანგარიშება, მისი გადახდის წესი, ხოლო ორმაგ დაბეგვრაზე მითითება არ არის. აღნიშნულის შესახებ არ არის მითითებული აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 02.08.98წ. ¹446 ბრძანებით დამტკიცებულ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულებაში. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ 01.10.03წ. ცირკულიარული წერილი დაუგზავნა სოფლის მეურნეობის და სურსათის სამმართველოებს, რომელშიც განმარტა, რომ “იჯარით აღებული მიწის სარგებლობისათვის მოიჯარე იხდის მხოლოდ ერთ გადასახადს _ საიჯარო ქირას, რომელიც მოიცავს მიწის გადასახადსაც. საიჯარო ქირა არ შეიძლება იყოს მიწის სარგებლობისათვის დაწესებულ გადასახადზე ნაკლები. კასატორები თვლიან, რომ მცდარია სასამართლოს მითითება სკ-ის 592.2 და 558-ე მუხლებზე, რადგან აღნიშნული მუხლის მოთხოვნა არ დარღვეულა. მიწის იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს მოპასუხეები თავდაპირველად იხდიდნენ, რაც დასტურდება მცხეთის საგადასახადო დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობით და წარმოდგენილი ქვითრებით. მეიჯარე არ იყო ვალდებული მიეცა ვადა მოპასუხეებისათვის, მაგრამ ვალდებული იყო გაეფრთხილებია მოიჯარეები მიწაზე ორი გადასახადის არსებობის თაობაზე,

საკაასციო პალატის სხდომაზე კასატორებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარის _ მცხეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და ითხოვეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება. მესამე პირებმა საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მცხეთის რაიონის გამგეობის 24.02.97წ. ¹18 დადგენილების საფუძველზე, ჯ. ტ.-სა და მცხეთის რაიონის გამგეობას შორის, 16.52 ჰექტარ მიწის ფართზე, 10 წლის ვადით დაიდო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება. იმავე პირებს შორის 23.05.02წ. დაიდო იჯარის ხელშეკრულება 10 წლის ვადით, მოიჯარეს გამოეყო სახნავი მიწა _ 7,92 ჰექტარი, ტბორი _ 3 ჰექტარი.

მცხეთის რაიონის გამგეობის 15.07.99წ. ¹137 დადგენილებით შპს “ა.- 99-ს”, 49წ. ვადით, იჯარით გადაეცა 168 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. მხარეებს შორის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება არ დადებულა. მცხეთის რაიონის გამგეობის 28.02.2000წ. ¹14 დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილება გამგეობის 15.07..99წ. ¹137 დადგენილებაში, დადგენილების სათაურსა და ტექსტში “ა.-99” ნაცვლად მიეთითა “ა.”, მიწის იჯარით გაცემის მუდმივმოქმედ კომისიას დაევალა მიწის მართვის სამმართველოსთან შეთანხმებით შეეტანა ცვლილება შპს “ა.-99” საიჯარო ხელშეკრულებაში. სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება მცხეთის რაიონის გამგეობასა და შპს “ა.-ს” შორის 10.03.2000წ. დაიდო ხელშეკრულებაში ცვლილებები 01.12.03წ. ხელშეკრულებით იქნა შეტანილი.

მცხეთის რაიონის გამგეობასა და შპს “ა.-ს” შორის 10.03.2000წ. დადებული ხელშეკრულებით მოიჯარემ _ შპს “ა.-მ” იკისრა ვალდებულება, ყოველწლიურად გადაეხადა მიწის ქირა (168 ჰა მიწის ფართობზე) 4341 ლარის ოდენობით, ხოლო 01.12.03წ. ხელშეკრულებით (128 ჰა. მიწის ფართობზე) 3620 ლარის ოდენობით. გამგეობასა და ჯ. ტ.-ს შორის 23.05.02წ. დადებული ხელშეკრულებით ჯ. ტ.-მ იკისრა ვალდებულება წლიურად გადაეხადა მიწის ქირა 382 ლარის ოდენობით. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ შპს “ა.-ო” და ჯ. ტ.-ი მიწის გადასახადს რიცხავდნენ მცხეთის საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა მოიცავს საიჯარო ქირას და მიწით სარგებლობისთვის გადასახადს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიწის გადასახადი და იჯარის ქირა არ წარმოადგენს იდენტურ ცნებებს. გადასახადი არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით ბიუჯეტებსა და სპეციალურ სახელმწიფო ფონდებში სავალდებულო შენატანი, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადასახადის აუცილებელი, არაექვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, ხოლო იჯარის ქირა წარმოადგენს სასყიდლიან, ექვივალენტურ, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ თანხას, რომელსაც უხდის მოიჯარე მეიჯარეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროსა და ადგილას. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს კანონმდებლობით მიწის გადასახადი საიჯარო ქირასთან გაიგავებული არ არის. “სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ” 28.06.96წ. კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თავდაპირველი რედაქცია ადგენდა, რომ იჯარის ქირის ოდნობა განისაზღვრებოდა იჯარის ხელშეკრულებით, ამასთან სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშულების მიწის იჯარის ყოველწლიურ ქირად ითვლებოდა ამავე მიწით სარგებლობისათვის მოქმედი წესით დადგენილი გადასახადი. ნორმის აღნიშნული რედაქცია ხსენებულ კანონში 13.12.96წ. კანონით შეტანილი ცვლილებების შედეგად შეიცვალა, ნორმის განახლებული რედაქცია ითვალისწინებდა, რომ მიწის იჯარით გაცემისას იჯარის ქირა მიწის გადასახადზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. ამდენად, “სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ” კანონი სადავო პერიოდში მიწის გადასახადს იჯარის ქირასთან არ აიგივებდა. 2003 წლამდე მოქმედი კანონმდებლობა ასევე არ იძლეოდა მიწის გადასახადისა და საიჯარო ქირის გაიგივების საფუძველს. საქართველოს საგადასახადო კოდექსში 18.07.03წ. კანონით შეტანილი ცვლილება-დამატების შედეგად საგადასახადო კოდექსის 152-ე მუხლს დაემატა მე-4 ნაწილი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის მოიჯარეები იხდიან საიჯარო ქირას, რომელიც მოიცავას მიწის გადასახადს. საგადასახადო კოდექსის ეს ნორმა მოქმედებდა რამდენიმე თვის განმავლობაში და გაუქმდა საგადასახადო კოდექსში 31.12.03წ. კანონით შეტანილი ცვლილებით. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმის მოქმედების ვადა არ მოიცავს სადავო პერიოდს (სწორედ ხსენებული ნორმის მოქმედების პერიოდში არის მიღებული სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 01.10.03წ. ცირკულიარული წერილი, რომელიც დაეგზავნა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოებს იმის განმარტებით, რომ საიჯარო ქირა მოიცავს მიწის გადასახადს). მიწის გადასახადისა და მიწის საიჯარო ურთიერთობების მომწესრიგებელი რომელიმე სხვა სამართლებრივი აქტი ასევე არ იძლევა მიწის გადასახადიოსა და საიჯარო ქირის გაიგივების შესაძლებლობას. საქართველოს პრეზიდენტის 02.08.98წ. ¹466 ბრძანებულებით დამტკიცებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულება ასეთი შინაარსის ნორმას არ შეიცავს. აღნიშნული დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საიჯარო ქირის საწყისი ოდენობა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადზე ნაკლები არ უნდა იყოს, ამდენად, აღნიშნული ნორმატიული აქტიც არ აიგივებს მიწის გადასახადს და იჯარის ქირას.

მიწის გადასახადის და იჯარის ქირის გადასახადებს შორის სხვაობას ანალოგიის წესით ადასტურებს აგრეთვე, არასასოფლო დანიშულების მიწების სამართლებრივი რეჟიმის განმსაზღვრელი ნორმატიული აქტები. “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” 28.10.98წ. კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია, რომ “იჯარის ქირის გადახდა არ ათავისუფლებს მოიჯარეს მიწით სარგებლობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გადასახადებისაგან”. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 21.12.99წ. ¹353 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის ტიპიური ხელშეკრულების” მეოთხე თავის 4.10 პუნქტით ასევე განსაზღვრულია, რომ იჯარის ქირის გადახდა მოიჯარეს არ ათავისუფლებს მიწით სარგებლობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადისა და საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სხვა გადასახადებისაგან. ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მიწის გადასახადი იმავდროულად იჯარის ქირას წარმოედგანს.

ვინაიდან მიწის გადასახადი და საიჯარო ქირა არ არიან იდენტური შინაარსის ცნებები, მიწის გადასახადის გადახდა არ ათავისუფლებდა მიწის მოსარგებლეს მიწის იჯარის ქირის გადახდისგან, ამდენად, გადასახადის და საიჯარო ქირის გადახდა არ ნიშნავს ორმაგ დაბეგვრას. შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფინანსთა მინისტრის 13.07.98წ. ¹178 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია “მიწის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ” არ ითვალისწინებდა ორმაგ დაბეგვრას არ ქმნის კასაციის დაკმაყოფილების საფუძველს, მით უფრო, რომ სადავო პერიოდში მოქმედებდა საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის 04.11.99წ. ¹263 ბრძანებით დამტკიცებული “მიწის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ” ინსტრუქცია. გადასახადის გადახდა კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებაა, რომლის ცოდნა და შესრულება ყველა გადასახადის გადამხდელს ევალება, რაც შეეხება იჯარის ქირის გადახდას, მის ოდენობას, აღნიშნულის შესახებ მითითბულია სადავო ხელშერულებაში, ამდენად უსაფუძვლოა საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ გამგეობა ვალდებული იყო განმარტება მიეცა კასატორებისათვის მიწის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახადი თანხების შესახებ.

ამდენად, სადავო იჯარის ხელშეკრულებების მოქმედების დროინდელი საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლის თანახმად, მიწის გადასახადის გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც საკუთრებაში ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში აქვთ მიწის ნაკვეთი. ამრიგად, მოიჯარე ვალდებული იყო საგადასახადო კოდექსის თანახმად გადაეხადა გადასახადი. ამასთანავე, სკ-ის 592-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასოფლო-სემეურნეო მიწის იჯარაზე ვრცელდება იჯარის წესები, თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარისათვის სხვა რამ არ არის დადგენილი. სკ-ის 581-ე მუხლის მიხედვით, მოიჯარე ვალდებულია გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარი ქირა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მიწის გადასახადთან ერთად მოიჯარე ვალდებული იყო გადაეხადა იჯარის ქირა. საფუძველს მოკლებულია კასატორების წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქმეში დაცული ქვითრები ადასტურებენ იჯარის ქირის და არა მიწის გადასახადის გადახდას. საქმეში დაცული ქვითრები დამოწმებულია საგადასახადო ინსპექციის ბეჭდით, ქვითარი საგადასახადო დეპარტამენტის მიერ არის დანომრილი, ქვითარს საგადასახადო ინსპექციის ბეჭდის გარეშე არ აქვს ძალა, ქვითრები ხელმოწერილია საგადასახადო ინსპექტორის მიერ. ამდენად, გადასახადების აკრეფის ქვითრებით დასტურდება მიწის გადასახადის და არა საიჯარი ქირის გადახდა, აღნიშნული დასტურდება აგრეთვე, სპეციალისტ გ. ს.-ს ახსნა-განმარტებით. მცხეთის რაიონის საფინანსო განყოფილების წერილით, საქმის მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით ასევე დასტურდება, რომ კასატორები იხდიდნენ მიწის გადასახადს, მაგრამ არ იხდიდნენ მიწის იჯარის ქირას. სკ-ის 581-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესი. სკ-ის 558-ე მუხლის თანახმად, გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში. მცხეთის რაიონის გამგეობასა და ჯ. ტ.-ს შორის 06.03.97წ., 23.05.02წ., აგრეთვე, მცხეთის რაიონის გამგეობასა და შპს “ა.-ს” შორის 10.03.2000წ. დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებების თანახმად, მოიჯარის მოვალეობას შეადგენდა იჯარის ქირის გადახდა, მეიჯარე უფლებამოსილი იყო ხელშეკრულებებით დადგენილი ვადის გასვლამდე შეეწყვიტა იჯარის უფლება იმ შემთხვევაში, თუ მოიჯარე არ იხდიდა იჯარის ქირას ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან 3 თვის განმავლობაში.

საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის კასატორების მოსაზრება იმის შესახებ, რომ საიჯარო ქირის გადახდის საშუალება არ არსებობდა საიჯარო ხელშეკრულებებში მეიჯარის საბანკო რეკვიზიტების მიუთითებლობის გამო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იჯარის ქირის თანხის შეტანისათვის მეიჯარის მიერ გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომრის დადგენა არ წარმოადგენდა რაიმე სირთულეს და ვერ იქნება მიჩნეული საიჯარო ქირის წლობით გადაუხდელობის გამამართლებელ გარემოებად, მით უფრო, რომ მცხეთის რაიონის გამგეობასა და ჯ. ტ.-ს შორის 23.05.02წ. დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების ტექსტში მითითებულია მეიჯარის ანგარიშის ნომერი, რომელიც რაიონის საფინანსო განყოფილების 29.09.03წ. ¹37 ცნობის თანახმად, მცხეთის რაიონის საფინანსო განყოფილების საიჯარო ქირის ანგარიშის ნომერია, ხსენებულ ანგარიშზე ჯ. ტ.-ს და შპს “ა.-ს” მიერ სადავო პერიოდში (2000-2001-2002 წლებში, 2003წ. 8 თვის განმავლობაში) დღემდის საიჯარო ქირის დავალიანება არ გადარიცხულა. საიჯარო ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების, აგრეთვე მხარეთა შორის დადებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ ხელშეკრულებების თანახმად, საიჯარო ქირის სამი თვის განმავლობაში გადაუხდელობა იწვევს საიჯარო ხელშეკრულების გაუქმებას. მოიჯარის მიერ ქირის გადახდა მეიჯარისათვის არის იჯარის ხელშეკრულების დადების ძირითადი, გადამწყვეტი მოტივი, ამდენად მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამ ვალდებულების შეუსრულებლობა საიჯარო ხელშეკრულების მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენს, რომელიც იწვევს ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლას, კასატორებს დღემდე საიჯარო ქირის დავალიანება არ გადაუხდიათ, საიჯარო ხელშეკრულების თანახმად მოიჯარე არ იყო ვალდებული მიეცა ვადა მოიჯარისათვის დავალიანების დასაფარავად, თუმცა დავალიანება კასატორების მიერ დღემდე არ არის დაფარული. მომავალში საიჯარო ქირის დავალიანების გადახდის შესახებ ხელშეკრულების გაგრძელება დამოკიდებულია მეიჯარის ნებაზე, უკანასკნელს არ სურს ჯ. ტ.-თან და შპს “ა.-სთან” საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება, საიჯარო ქირის გადაუხდელობისათვის ჯარიმის გადახდის მოთხოვნა, ისევე როგორც ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნა განეკუთვნება მოსარჩელის (მეიჯარის) დისკრეციულ უფლებამოსილებას, ჯარიმის არდაკისრება, ხელშეკრულებების გაუქმების მოთხოვნის დაგვიანებით წარმოყენება არ წარმოადგენს სადავო ხელშეკრულებების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად არის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ა.-ს” და ჯ. ტ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.03.05წ. განჩინება;

2. კასატორებს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.