Facebook Twitter

¹ბს-69-266-კ-03 18 იანვარი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ა...ი”

მესამე პირები:

1. ე. მ-ა, ე. ა-ი, გ. ხ-ე, გ. ს-ი, მ. ც-ე, ქ. ბ-ე

2. ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ სარჩელზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 22 ოქტომბერს სააქციო საზოგადოება “ა...მა” სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის ¹13/707 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 25 ივლისის ¹04-17-65 დადგენილების საფუძველზე დაფუძნდა და პრივატიზებულ იქნა სააქციო საზოგადოება “ა...ი”, რომლის ქარხნის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე საერთო საცხოვრებელი არ შევიდა საწარმოს საწესდებო კაპიტალში, მაგრამ დარჩა მის ბალანსზე. წლების განმავლობაში საწარმო საერთო საცხოვრებელზე იხდიდა მიწისა და ქონების გადასახადებს.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ “არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ” კანონის საფუძველზე საწარმომ 1998 წელს შეისყიდა წითელ ხაზებში მოქცეული მიწის მთლიანი ფართი. საკადასტრო რუკის თანახმად, საერთო საცხოვრებელი მოთავსებული იყო საწარმოს ტერიტორიის სიღრმეში და მისი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბინაო ფონდში გადაცემა ტექნიკურად შეუძლებელი იყო, ვინაიდან იგი სტრატეგიულად ხელს შეუშლიდა საწარმოს ფუნქციონირებას. ზემოაღნიშნული არგუმენტები არ გაითვალისწინა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ, უგულებელყო საწარმოს, როგორც მესაკუთრის, ინტერესები და 2002 წლის 4 ოქტომბრის ¹13/707 ბრძანებით გადასცა აღნიშნული საერთო საცხოვრებელი ქალაქის მუნიციპალიტეტს.

სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 27 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისში, ... ქ. ¹2-ში მცხოვრებ ფიზიკურ პირთა: ნ. მ-ის, ე. მ-ს, ე. ა-ის, ვ. ც-ის, გ. თ-ის, ა. ბ-ის, გ. ს-ის, მ. ხ-ისა და გ. ც-ის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირებად ჩაბმის თაობაზე.

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობით საქმეში მესამე პირად ჩაება, აგრეთვე, ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტი.

საქმეში მესამე პირებად ჩართულმა, ქ. თბილისში, ... ქ. ¹2-ში მცხოვრებმა ფიზიკურმა პირებმა სასამართლოში წარადგინეს შეპასუხება, რომლითაც არ ცნეს სარჩელი და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

1. მართალია, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 25 ივლისის ¹04-17-65 დადგენილების მე-3 პუნქტში მითითებული იყო, რომ ქარხნის ბალანსზე მყოფი სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტები არსებული წესის შესაბამისად ხელშეკრულებით მუდმივ სარგებლობაში გადაეცა სს “ა...ს”, მაგრამ სადავო საერთო საცხოვრებელი მაინც რჩებოდა სახელმწიფო-მუნიციპალურ საკუთრებაში, რაც ასევე დასტურდებოდა ქ. თბილისის ტექაღრიცხვის ბიუროს 2002 წლის 11 ნოემბრის ¹2-12-1401 წერილით, სადაც მითითებული იყო, რომ აღნიშნული საერთო საცხოვრებელი ირიცხებოდა ნაძალადევის რაიონის საბინაო ტრესტზე.

2. ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა საქალაქო სამსახურის არქივიდან 2003 წლის 21 იანვარს გაცემული ნახაზით ირკვეოდა, რომ საერთო საცხოვრებელს გააჩნდა ცალკე დამოუკიდებელი შესასვლელი ... ქუჩიდან და ფაქტობრივად იგი იზოლირებული იყო სს “ა...ის” ტერიტორიიდან.

3. საერთო საცხოვრებელი დაშლას არ ექვემდებარებოდა და გამოიყენებოდა საცხოვრებლად, სადაც 1960 წლიდან ცხოვრობდნენ საქმეში მესამე პირებად ჩართული ფიზიკური პირები თავიანთი ოჯახებით.

4. ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტმა სამოქალაქო კოდექსისა და “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით, აღრიცხა სს “ა...ი” ... ქ. ¹2-ში მდებარე საერთო საცხოვრებლისა და მიმდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით სს “ა...ის” სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის ¹13/707 ბრძანება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ. კასატორმა მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განსახილველად გადაგზავნა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში.

საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელმა გ. ფ-მ საკასაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მოცემული საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში იხილებოდა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიმართ, მესამე პირები: სს “ა...ი“ და ქ. თბილისში, ... ქ. ¹2-ში მცხოვრები ფიზიკური პირები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით წარმოდგენილი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმის წარმოება შეჩერდა.

ამავე სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ა...ის” წარმომადგენელმა უარი თქვა სარჩელზე და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა სს “ა...ის” შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამდენად, მოსარჩელემ _ სს “ა...მა” განაცხადა რა უარი სარჩელზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის.

სამოქალქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს “ა...ის” შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ დავაზე საქმის წარმოება შეწყდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინიტსრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “ა...ის” შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. სს “ა...ს”, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტსა და მესამე პირებს: ე. მ-ს, ნ. მ-სა და სხვებს შორის არსებულ დავაზე საქმის წარმოება შეწყდეს;

3. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება;

4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით აღარ დაიშვება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.