Facebook Twitter

ბს-693-280 (კ-05) 26 ოქტომბერი, 2005 წ.,

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 2 აგვისტოს მოსარჩელე ი. ჭილაიამ სარჩელი აღძრა მოპასუხეების: _ ქ. ბათუმის მერიის, ქ. ბათუმის ¹... მიკრორ-ნის გამგეობის, ტექინვენტარიზაციის სამსახურის და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მერიის ტექინვენტარიზაციის მასალების ჩანაწერების გაუქმება, რომლითაც სადავო სარდაფი 1996 წელს აღირიცხა მერიის ბალანსზე, ასევე ქ. ბათუმის მერიის კაბნეტის 1998წ. 08.07. გადაწყვეტილებისა და ქ. ბათუმის ¹1 მიკრორ-ნის მიერ სარდაფის იჯარით გაცემის ხელშეკრულების გაუქმება და, შესაბამისად, 16,9მ2 სარდაფის მის საკუთრებაში გადაცემა.

სარჩელში ი. ჭ-ა აღნიშნავდა, რომ ის 1963 წლიდან ცხოვრობს ქ. ბათუმში, ... ქ. ¹3-ის, ბინა ¹5-ში, სადაც მეოთხე სართულზე უკავია სამოთახიანი პრვატიზებული ბინა 1992 წლიდან. მოსარჩელის განცხადებით, აღნიშნული ხუთსართულოიანი სახლი 1963 წლიდან შევიდა ექსპლუატაციაში, როგორც ქარხანა “ელექტროხელსაწყოს უწყებრივი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც არ გააჩნდა სარდაფები. მოსარჩელე ი. ჭ-ამ და სხვა მობინადრეებმა ურთიერთშეთანხმებით, ქ. ბათუმის მერიის ნებართვის საფუძველზე, 90-იან წლებში საცხოვრებელი სახლის პირველი და მეოთხე სადარბაზოების ქვეშ არსებული კომუნიკაციების ეზოში გატანით და სავენტილაციო არხის გაღრმავების შედეგად, საკუთარი ხარჯებით მოაწყვეს სარდაფები. მოსარჩელის სარდაფი შეადგენს 16.9 კვ.მ-ს. აღნიშნული სარდაფი თავდაპირველად იყო 1,5 მეტრი სიმაღლის, რაც საცხოვრებელი სახლის საარქივო დოკუმენტებში არის დაფიქსირებული როგორც ტექნიკური ფართი. ამ ფართმა, მოსარჩელის თქმით, სარდაფის სახე მიიღო მას შემდეგ, რაც მათ შეძლეს იქიდან მიწის გატანა და - 2 მეტრით გაღრმავება. ტექნიუროს მიერ 1996 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს მოსარჩელის სარდაფი აღირიცხა მერიის ბალანსზე. მოსარჩელის განცხადებთ, როგორც ტექბიუროს 1996წ. ინვენტარიზაციის დროს სარდაფის ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე აღრიცხვა და მერიის 1998წ. 8 ივლისის გადაწყვეტილებით ¹... მიკრორ-ნის გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულება უკანონოა, რადგან აღნიშნული საცხოვრებელი სახლი ტექაღრიცხვის 1963წ. საარქივო მასალებით ექსპლუატაციაში შევიდა სარდაფების გარეშე. სწორედ აღნიშნულ გარემოებებზე ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას ი. ჭ-ა.

მოპასუხე ქ. ბათუმის მერიამ მოსარჩელის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა და აღნიშნა, რომ სადავო სარდაფი სწორად იქნა აღრიცხული მერიის ბალანსზე.

სარჩელს ასევე მხარი არ დაუჭირა მოპასუხე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა და მიუთითა, რომ მერიას უნდა წარედგინა იმ არასაცხოვრებელი ფართის სია, რომელიც შეიტანება საპრივატიზაციო ნუსხაში და თუ სასამართლო ი. ჭ-ას მიაკუთვნებდა სადავო სარდაფს, მაშინ იგი ამოირიცხებოდა საპრივატიზაციო ნუსხიდან.

მესამე პირმა, არქიტექტურისა და ქ.მშენებლობის სამმართველომ, მხარი არ დაუჭირა სარჩელს.'

საქმე განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლომ და 2004წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ტექაღრიცხვის სამსახურის 1996წ. ჩანაწერები ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე 16,9მ2 სრდაფის აღრიცხვის შესახებ. ასევე გაუქმდა ქ. ბათუმის მერიის ¹... მიკრორ-ნის გამგეობასა და ი. ჭ-ას შორის დადებული ხელშეკრულება და ქ. ბათუმის მერიის ტექინვენტარიზაციის სამსახურს დაევალა სათანადო ცვლილებების შეტანა საჯარო რეესტრში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელე ი. ჭ-ასათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის მოტივით.

აპელანტი სარჩელში მიუთითებდა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ სათანადოდ არ შეისწავლა და არასწორი შეფასება მისცა ტექაღრიცხვის მასალებს. ამასთან, სასამართლომ დაუსაბუთებლად ცნო დაადგენილად ფაქტი იმის თაობაზე, რომ მერიის ბალანსზე სარდაფის აღრიცხვა იყო უკანონო, რადგანაც ... ქ. ¹3-ში საცხოვრებელი სახლი ექსპლუატაციაში შევიდა სარდაფის გარეშე. გარდა ამისა, სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 211-ე მუხლის მოთხოვნები და ამ მოთხოვნების სრული იგნორირებით გამოიტანა გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 27 იანვრის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში ... ქ. ¹3-ში არსებული ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი ტექაღრიცხვის 1963წ. საარქივო მასალებით ექსპლუატაციაში შევიდა სარდაფის გარეშე. საცხოვრებელი სახლის ზოგიერთმა ბინადარმა და მათ შორის, - ი. ჭ-ამ ქ. ბათუმის მერიის ნებართვის საფუძველზე 90-იან წლებში სადარბაზოების ქვეშ საკუთარი სახსრებით მოაწყო სარდაფები.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის მთავარი არქიტექტორის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე 1992 წელს მოსარჩელე ი. ჭ-ამ გააკეთა სარდაფი, რომელსაც ჰქონდა ინდივიდუალური შესასვლელი დამტკიცებული პროექტის შესაბამისად.

სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მრავალბინიან სახლში არსებობს საკუთრების უფლება ბინაზე და შენობის იმ ნაწილზე, რომლებიც არ გამოიყენება საცხოვრებლად, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით კი მიიჩნევა, რომ საკუთრება და არასაცხოვრებელი ფართის საკუთრება წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას. აქედან გამომდინარე, მრავალბინიან სახლში პირი ერთდროულად შეიძლება იყოს როგორ განსაზღვრული ბინის მესაკუთრე (ინდივიდუალური მესაკუთრე), ისე -საერთო საკუთრების მოწილე. ინდივიდუალური საკუთრება პირს შეიძლება ჰქონდეს ბინაზე და, ასევე, შენობის იმ ნაწილზე, რომელსაც ბინად არ იყენებს და წარმოადგენს არასაცხოვრებელ ფართს.'

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის იგნორირების თაობაზე და აღნიშნა, იმდენად, რამდენადაც ი. ჭილაიას თავისი მოქმედებით არ დაუზიანებია საცხოვრებელი სახლის კომუნიკაციები, მოცემული ნორმის მოთხოვნის ამ კონკრეტული შემთხვევისთვის მისადაგება იყო დაუშვებელი.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იყო იურიდიულად დაუსაბუთებელი და კანონშეუსაბამო, რის გამოც ექვემდებარებოდა გაუქმებას.

კასატორმა საჩივარში აღნიშნა, რომ სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად ცნო მერიის ბალანსზე სარდაფის აღრიცხვა უკანონო ფაქტად და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გამოიტანა განჩნიება. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 211-ე მუხლის მოთხოვნები იმასთან დაკავშირებით, რომ შენობის ის ნაწილები, რომლებიც აუცილებელია ამ შენობის სიმტკიცისა და უსაფრთხოებისთვის, არ შეიძლება იყოს ინდივიდუალური საკუთრების საგანი მაშინაც კი, როცა იგი ინდივიდუალურ საკუთრებაში მოქცეულ ფართობზეა განლაგებული და არასწორი შეფასება მისცა ყოფილი ტექაღრიცხვის სამსახურის მასალებს.

აქედან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას და ახალი გადაწყვეტილების საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას შემდეგ მოსაზრებათა გამო:

კასატორი ქ. ბათუმის მერია საკასაციო საჩივრის საფუძველზე, მართალია, სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹3-ში ქარხანა “ე.” უწყებრივი საცხოვრებელი 5-სართულიანი სახლის ექსპლუატაციაში მიიღეს სარდაფების გარეშე, მაგრამ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოდ, კასატორი ვერ წარმოადგენს დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, რის გამოც საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოკლებულია პროცესუალურ უფლებამოსილებას, სადავოდ გახადოს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოება და თვლის, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. 3-ში მდებარე ხუთსართულიანი საცხვრებელი სახლი ექსპლუატაციაში შევიდა სარდაფების გარეშე.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმების გამოყენებას, რომლებიც არეგულირებს მრავალბინიან სახლებში ბინის მესაკუთრეთა შორის ურთიერთობას და თვლის, რომ სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან სახლის ქვეშ წარმოშობილი თავისუფალი ფართი წარმოადგენს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, მიწის ნაკვეთი, შენობის ნაწილი და ის ნაგებობა-დანადგარები, რომლებიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას, ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა.

აღნიშნული მუხლის დებულებები, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მოხდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

იმის გათვალისწინებით, რომ სადავო სარდაფი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან წარმოადგენს ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნულ ფართთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება შეეხება ყველა თანამესაკუთრის ინტერესებს, რის გამოც მითითებული პირები ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე საქმეში ჩაბმული უნდა იყვნენ სავალდებულო მესამე პირის სტატუსით, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 იანვრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.