ას-100-95-2014 7 ივლისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ. ბ-ი, ა. ფ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. გ .წ .კ-ა“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – გარიგებების ბათილად ცნობა, უკანონოდ დარიცხული დავალიანების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ფ-მა და ლ. ბ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ს. გ. წ. კ-ის, წყალტუბოს სერვისცენტრის წინააღმდეგ და მოითხოვეს ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უკანონოდ დარიცხული გადასახადის გაუქმება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ფ-ისა და ი/მ ლ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ფ-მა და ლ. ბ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 დეკემბრის განჩინებით ა. ფ-ისა და ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2012 წლის 12 სექტემბერს დაიდო წყალმომარაგების ხელშეკრულება შპს ,,ს. გ. წ. კ-სა” (მიმწოდებელი) და ინდივიდუალურ მეწარმე ლ. ბ-ს (შემსყიდველი) შორის, რომლითაც 1მ3 სასმელი წყლის ღირებულებად (დღგ-ს ჩათვლით) განისაზღვრა 3.375 ლარი;
2012 წლის 12 სექტემბერს დაიდო წყალმომარაგების ხელშეკრულება შპს ,,ს. გ. წ. კ-ას” (მიმწოდებელი) და ა. ფ-ს (შემსყიდველი) შორის, რომლითაც 1მ3 სასმელი წყლის ღირებულებად (დღგ-ს ჩათვლით) განისაზღვრა 0.419 ლარი;
მითითებული ხელშეკრულებების პირველი პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს უნდა უზრუნველეყო სასმელი წყლის მიწოდება, აგრეთვე - სასმელი წყლისა და ჩამდინარე სითხის წყალმომარაგების სისტემით გატარება და გაწმენდა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილება) შესაბამისად;
მოსარჩელეებს წყალი მიეწოდებოდათ ყოველდღიურად 8-10 საათიანი გრაფიკით; მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი შეესაბამებოდა საქართველოში მოქმედ სტანდარტებს;
მოსარჩელეებს წყალმომარაგება შეუწყდათ 2012 წლის 28 დეკემბრიდან, არსებული დავალიანების გადაუხდელობის გამო;
მოსარჩელეთათვის მიწოდებული წყლის საფასური განისაზღვრებოდა 2010 წლის 20 სექტემბერს დამონტაჟებული მრიცხველების მონაცემებით. სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, ა. ფ-ის დავალიანება მოპასუხისადმი შეადგენს 259.15 ლარს (148.52 ლარს + 110.63 ლარი), ხოლო ლ. ბ-ის დავალიანება - 806.71 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის აუცილებელია განისაზღვროს, რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა მოდავე მხარეებს შორის 2012 წლის 28 დეკემბრამდე.
საქმეში წარმოდგენილი წყალმომარაგების ხელშეკრულებებით ირკვევა, რომ მოპასუხე აწვდიდა მოსარჩელეებს წყალს, რისთვისაც მოსარჩელეებს უნდა გადაეხადათ საფასური, მოხმარებული წყლის მოცულობის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა შორის დადებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულებები: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხე (გამყიდველი) გადასცემდა საკუთრების უფლებას (აწვდიდა) ქონებაზე მყიდველებს (მოსარჩელეებს); ეს უკანასკნელნი კი ვალდებულნი იყვნენ - გადაეხადათ გამყიდველისათვის შეთანხმებული ფასი, რომელიც გამოითვლებოდა მოხმარებული წყლის მოცულობის მიხედვით.
იმავე კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია - მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება; ხოლო ვალდებულება, აღნიშნული კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოიშობა ხელშეკრულების საფუძველზე.\
მოსარჩელეებმა სადავო გახადეს წყალმომარაგების ხელშეკრულებების ნამდვილობა, იმ მოტივით, რომ ისინი დადებული არ ყოფილა სათანადო ფორმით; მათი ბათილად ცნობის მოთხოვნა დააფუძნეს მითითებული კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილს, რომლის თანახმად ბათილია კანონით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად დადებული გარიგება.
იმავე კოდექსის 69-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით; გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ან მხარეთა შეთანხმებით; გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტების (მოსარჩელეების) მოთხოვნა 2012 წლის 12 სექტემბრის წყალმომარაგების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე დაუსაბუთებელია: ხელშეკრულებები დადებულია წერილობითი ფორმით და ხელმოწერილია მხარეთაგან (ხელმოწერათა ნამდვილობა სადავო არ არის); არც რომელიმე საკნონმდებლო აქტი და არც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილება მოითხოვდა იმას, რომ წყლის მომხმარებლებთან ხელშეკრულებები დადებულიყო ზუსტად იმ გრაფიკული გამოსახულებით, როგორც ეს იყო ასახული ამ დადგენილებაში. შესაბამისად, სადავო გარიგებები დადებულია სათანადო ფორმით და მათი ბათილად ცნობის საფუძველი ამ თვალსაზრისით არ არსებობს.
ვინაიდან სადავო ხელშეკრულებები ნამდვილია, მათ საფუძველზე, აპელანტებს (მოსარჩელეებს) წარმოეშვათ ვალდებულება - გადაეხადათ შეთანხმებული ნასყიდობის ფასი მიწოდებული საქონლისათვის, რაც არ განხორციელებულა. აპელანტებმა ვალდებულების შეუსრულებლობა ახსნეს იმით, რომ მიწოდებული საქონელი იყო ნივთობრივად ნაკლიანი: მიწოდება არ იყო უწყვეტი და მიწოდებული წყალი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით დადგენილ ხარისხს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დავალიანება გამოანგარიშებულია მრიცხველების მონაცემების საფუძველზე, ე.ი. - მრიცხველი აღრიცხავდა იმ მოცულობის წყალს, რაც მიეწოდებოდა ფაქტობრივად აპელანტებს. ამდენად, ის გარემოება, რომ მიწოდება იყო არა უწყვეტი, არამედ - გრაფიკით, დავალიანების ოდენობაზე გავლენას ვერ მოახდენდა. აპელანტებმა (მოსარჩელეებმა), შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით, ვერ დაამტკიცეს: ა) ის, რომ მრიცხველები იყო ტექნიკურად გაუმართავი, არასწორად აღრიცხავდა მიწოდებული წყლის მოცულობას; ბ) ის, რომ წყლის გრაფიკით მიწოდებისას, მიუხედავად მრიცხველის ტექნიკური გამართულობისა, მაინც ფიქსირდება ფაქტობრივად მოხმარებულზე მეტი მოცულობა; გ) მიწოდებული წყალი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ხარისხს.
აღნიშნული სამართლებრივი შეფასებების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებული და კანონიერი იყო და არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. ფ-მა და ლ. ბ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა არასწორად შეაფასა ნასყიდობად, რაც ცხადყოფს, რომ სასამართლომ არასრულად დაასაბუთა გადაწყვეტილება. კასატორთა მითითებით, საქმეში არსებობდა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა უხარისხო წყლის მოწოდების არსებობას ბაღდათის რაიონში, თუმცა სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულება სამართლებრივად არ შეაფასა.
კასატორთა აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლი, მით უფრო, რომ თავად მოწინააღმდეგე მხარე თავის არაერთ წერილში ადასტურებდა ნივთის ნაკლს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის განჩინებით .ა ფ-ისა და ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ფ-ისა და ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ფ-ისა და ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) 70% –105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ფ-ისა და ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორებს დაუბრუნდეთ ა. ფ-ის მიერ 2014 წლის 10 თებერვალს №4 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე