Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1098-1046-2013 14 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე. ა-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ-ა, რ. ნ-ი, დ. კ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ა-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-ას, რ. ნ-ისა და დ. კ-ის მიმართ და მოითხოვა 2012 წლის 6 თებერვლის გარიგებისა და 2010 წლის 8 აპრილს ნ., ვ. მ-ებსა და რ. ნ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელის, როგორც კანონიერი მესაკუთრისათვის ამჟამად დ. კ-ის უკანონო მფლობელობაში არსებული ქ.მარნეულში, .... ი-ის ქუჩის №3 შესახვევის №3-ში მდებარე უძრავი ქონების მიკუთვნება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტ ეკატერინა აზოვას პოზიცია სადავო გარიგებების ბათილობასთან დაკავშირებით.

სასამართლომ დაადგინა, რომ ე. ა-ას და მის მეუღლე ვ. ა-ს საკუთრების უფლებით გააჩნდათ ქ. მარნეულში, .... ი-ის ქუჩის მე-3 ჩიხის №3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ. ა-ის საკუთრებაში არსებული ქონება დარეგისტრირდა ნ. და ვ. მ-ების სახელზე.

2010 წლის 8 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რ. ნ-მა 35 000 ლარად შეიძინა მოპასუხე ნ. მ-ასა და მისი მეუღლისაგან ამ უკანასკნელების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

2012 წლის 6 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებით რ. ნ-მა სადავო უძრავი ქონება მიჰყიდა მოპასუხე დ. კ-ს 38000 ლარად.

პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც სასამართლო მივიდოდა დასკვნამდე, რომ სადავო ხელშეკრულებები მიჩნეული ყოფილიყო მოჩვენებით გარიგებად.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ დღემდე სადავო ბინაში ცხოვრობს ნ. მ-ა, რაც ადასტურებს სადავო გარიგებების მოჩვენებითობას. აპელანტის აღნიშნული მოსაზრება დამყარებულია მხოლოდ მის ახსნა-განმარტებაზე მაშინ, როდესაც მოპასუხე აღნიშნულს უარყოფს და განმარტავს, რომ ნ. მ-ა ცხოვრობს სადავო სახლის გვერდით მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ხოლო სადავო საცხოვრებელი სახლში ამჟამად არავინ არ ცხოვრობს, დ. კ-ს აქვს დაკეტილი, რადგან იგი აპირებს ამ სახლში რემონტის ჩატარებას.

ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ გარიგების ბათილობის, მოჩვენებითობის თუ თვალთმაქცურობის დასადასტურებლად აუცილებელია ასევე დადგინდეს, არის თუ არა ნივთის შემძენი კეთილსინდისიერი გარიგების მიმართ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებებით განმტკიცებულია სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთათვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელი კეთილსინდისიერების პრინციპი (სამოქალაქო კოდექსის 8.3 მუხლი). სწორედ აღნიშნული პრინციპით ხელმძღვანელობა იცავს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეს ამ ურთიერთობათა შესაძლო უარყოფითი შედეგებისაგან, რაც მთლიანობაში ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტბილურობას.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 185-ე, 312-ე და მიიჩნია, რომ კანონმდებელმა უძრავი ქონების შეძენისას შემძენს მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების შემოწმების ტვირთი დააკისრა, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობის პრეზუმფცია ვერ გამოდგება შემძენის დაცვით არგუმენტად, თუ დადგინდება, რომ მან იცოდა უფლების ხარვეზის შესახებ. ამდენად, როდესაც სადავოა უძრავი ნივთის შეძენის ფაქტი და ნამდვილი მესაკუთრე უთითებს შემძენის არაკეთილსინდისიერებაზე, უნდა შემოწმდეს შემძენის სუბიექტური დამოკიდებულება გარკვეული ფაქტებისადმი. ამასთან, შემძენს არ შეიძლება, მოეთხოვოს ისეთი გარემოებების ცოდნა, რომელიც აღემატება მისი შესაძლებლობის ფარგლებს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ა-ის საკუთრებაში არსებული ქონება დარეგისტრირდა ნ. და ვ. მ-ების სახელზე და რის საფუძველზეც განხორციელდა სადავო გარიგებების დადება, თუმცა, ვინაიდან აპელანტის (მოსარჩელის) მიერ არ იქნა წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო რ. ნ-ისათვის ან დ. კ-ისათვის, ისინი (რ. ნ-ის და დ. კ-ი) მიჩნეულნი უნდა იქნეს კეთილსინდისიერ შემძენად.

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად სასამართლომ მიუთითა, რომ 2010 წლის 8 აპრილის და 2012 წლის 6 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებები არ წარმოადგენენ მოჩვენებით გარიგებებს, ამასთან, რ. ნ-ი და დ. კ-ი არიან სადავო ნივთის კეთილსინდისიერ შემძენები, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული ხელშეკრულებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

პალატამ უდავოდ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნები წარმოადგენენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრულ აღიარებით მოთხოვნას, რომლის იურიდიული ინტერესი (სარჩელის მიხედვით) მდგომარეობს სადავო უძრავ ქონებაზე ე. ა-ას საკუთრების უფლების აღდგენაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, პალატამ ჩათვალა, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა და რაც ყველაზე მთავარია, აღიარებით სარჩელზე დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის. ამდენად, აღიარებითი მოთხოვნის არსებითი დამახასიათებელი ნიშანია იურიდიული ინტერესი, ანუ სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც სურს დაინტერესებულ პირს. იმ შემთხვევაში, თუ აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგი ვერ დადგება, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება გაუმართლებელია.

პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ დგინდება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი დავის საგანთან მიმართებაში, ვინაიდან არ არსებობს სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, გაურკვეველია, თუ სარჩელის რომელიმე ნაწილში დაკმაყოფილების შემთხვევაში უშუალოდ მოსარჩელის რა უფლება იქნება დაცული და რა დადებითი იურიდიული შედეგი დადგება მის სასარგებლოდ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ე. ა-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებანი სწორად არ შეაფასა და, სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 56-ე, 61-ე, 160-ე და 180-ე მუხლების შესაბამისად, სადავო უკანონოდ გაფორმებული გარიგებები ბათილად არ ცნო.

აღნიშნული ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შედეგად მოსარჩელეს წარმოეშობოდა მნიშვნელოვანი სამართლებრივი შედეგი – პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულება.

სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ შემძენს არ იცავს ბინის შეძენისას საჯარო რეესტრის ჩანაწერში უზუსტობის არსებობის არცოდნა, რადგან გამსხვისებელ მ-ის მესაკუთრედ რეგისტრაცია განხორციელდა ნამდვილი მესაკუთრე ე. ა-ას ნების გამოვლენის გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის განჩინებით ე. ა-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ე. ა-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ე. ა-ას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. ო-ის მიერ 2013 წლის 27 ნოემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1000 ლარის 70% – 700 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ა-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ე. ა-ას (პასპორტის №.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. ო-ის მიერ 2013 წლის 27 ნოემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1000 ლარის 70% – 700 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე