Facebook Twitter
#as-403-383-2011

№ას-1148-1095-2013 8 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს. ფ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ე-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალში დატოვების შესახებ

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ე-მა სარჩელი აღძრა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში შპს „ს. ფ-ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 2002-2006 წლებში მიუღებელი ხელფასის გადახდის დაკისრება 620 ლარის ოდენობით, ასევე ანგარიშსწორების დაყოვნების გამო 993 ლარის დაკისრება ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი თანხის - 620 ლარის 0.07%-ის დაანგარიშებით. სარჩელის მიხედვით, ვ. ე-ი 2002-2006 წლებში მუშაობდა შპს „ს. ფ-ის“ ახალქალაქის რაიონის სოფელ კ-ის ფილიალში და ამ პერიოდში მის მიერ მიუღებელი ხელფასის ოდენობამ შეადგინა 620 ლარი.

შპს „ს. ფ-ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ვ. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაზედაც სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განსახილველად დანიშნულ 2013 წლის 19 სექტემბრის მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ს. ფ-ის“ წარმომადგენელი, რის გამოც აპელანტმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება. სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ს. ფ-ის“ წარმომადგენელს - ს. ხ-ას 2013 წლის 19 სექტემბრის სხდომის თაობაზე უწყება ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და სასამართლოს არ მიუღია ცნობები საქმის განხილვაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. სასამართლომ გამოარკვია, რომ სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე მუხლების, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, 31-ე და 34-ე მუხლების შესაბამისად აპელანტის მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა მის მიერ მითითებული შემდეგი გარემოებები: 1) ვ. ე-ი მუშაობდა შპს ,,ს. ფ-ის“ ახალქალაქის რაიონის სოფელ კ-ის ფილიალის ფოსტალიონად, 2) ვ. ე-ს 2002-2006 წლების მუშაობის პერიოდში არ მიუღია ხელფასი 620 ლარის ოდენობით, 3) შპს „ს. ფ-ა“ ვალდებულია, ანგარიშსწორების ყოველი დაყოვნებული დღისათვის ვ. ე-ს გადაუხადოს 620 ლარის 0.07%, რაც სარჩელის წარდგენის დროისთვის შეადგენს 993,30 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე და 230-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც: 1. დაკმაყოფილდა ვ. ე-ის შუამდგომლობა შპს „ს. ფ-ის“ წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, 2) დაკმაყოფილდა ვ. ე-ის სააპელაციო საჩივარი და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, 3) ვ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „ს. ფ-ას“ ვ ე-ის სასარგებლოდ დაეკისრა 620 ლარის გადახდა, ასევე ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის 993,30 ლარის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს „ს. ფ-ამ“. საჩივრის მიხედვით, ვ. ე-ის სარჩელი ხანდაზმულია, ამასთან მას არ წარუდგენია სარჩელში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით შპს „ს. ფ-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა 2013 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელი აგდაწყვეტილება. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 287-ე და 230-ე მუხლების შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა არსებობდეს შემდეგი პირობები: ა) მოპასუხე მხარეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარებული უნდა ჰქონდეს უწყება სასამართლოს სხდომის დღის შესახებ, ბ) იგი გაფრთხილებული უნდა იყოს სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგთან დაკავშირებით, გ) სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს (ასაბუთებდეს) მოსარჩელის მოთხოვნას, გ) არ უნდა არსებობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით. სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. სასამართლოს განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესო თავისებურებიდან გამომდინარე, ვ. ე-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა არა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, არამედ იმის გამო, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების გაქარწყლების ტვირთი ეკისრება რა სააპელაციო მოპასუხეს - შპს „ს. ფ-ას“, სააპელაციო საჩივრის განსახილველად დანიშნულ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის გამო ამოქმედდა პრეზუმცია, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ სააპელაციო მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო. ასეთ ვითარებაში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად (დამტკიცებულად) მიიჩნია სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება, რომლის შესაბამისად ვ. ე-ი მუშაობდა შპს „ს. ფ-ის“ ახალქალაქის რაიონის სოფელ კ-ის ფილიალში ფოსტალიონად 2002-2006 წლებში და არ მიუღია ხელფასი 620 ლარის ოდენობით. სასამართლოს შეხედულებით, დასახელებული გარემოების დამტკიცებულად მიჩნევის პირობებში არსებობდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამოქალაქო კოდექსის 316-317–ე მუხლების, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, 31-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძველი. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი დისპოზიციურობის პრინციპის მოქმედების პირობებში.

სასამართლო თავისი ინიციატივით არ იკვლევს ხანდაზმულობის საკითხს, არამედ ამ გარემოებაზე მითითება მხარის მტკიცების ტვირთია, რაზედაც სააპელაციო მოპასუხეს არ მიუთითებია. ამდენად, სარჩელის ხანდაზმულობის კვლევა სასამართლოს კომპეტენციას სცილდებოდა და ამასთან, აღნიშნული გარემოების დადგენა არც დაუსწრებელი გადაწყვეტილების პროცესუალური ბუნებიდან არ გამომდინარეობდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ს. ფ-ამ და მოიხოვა მათი გაუქმება შემდეგი მოტივებით:

კასატორის განმარტებით, ვ. ე-ს არ წარუდგენია სსსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად მტკიცებულებები, რომელთა წარდგენაც მას ევალებოდა, რის გამოც არ უნდა ყოფილიყო დაკმაყოფილებულიყო მისი სააპელაციო საჩივარი;

ვ. ე-ი ითხოვს 2002-2006 წლების სახელფასო დავალიანებას. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. ამდენად, ვ. ე-ის მოთხოვნა ხანდაზმულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ შპს „ს. ფ-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე შპს „ს. ფ-ის“ წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნულ სხდომასთან დაკავშირებით გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. დასახელებული გარემოება არც კასატორს გაუხდია სადავოდ. ასევე არ არის სადავო, რომ 2013 წლის 19 სექტემბრის სხდომაზე შპს „ს. ფ-ის“ წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე სასამართლოს ინფორმაცია არ მიუღია. 2013 წლის 19 სექტემბრის სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება იმაზე მითითებით, რომ 2002-2006 წლებში შპს „ს. ფ-ში“ მუშაობისას მას არ მიუღია ხელფასი 620 ლარის ოდენობით, რის გამოც მოპასუხე ვალდებული იყო, გადაეხადა დასახელებული თანხა და 993,30 ლარი ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა წარმოებს პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი წესით, თუ სპეციალური ნორმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. პირველი ინსტანციით სასამართლო სამართალწარმოებისას დაუსწრებლი გადაწყვეტილების გამოტანას ეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, თუ შრომის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შრომის ანაზღაურება გაიცება თვეში ერთხელ სამუშაო ადგილზე, ხოლო ანაზღაურების ან ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0,07%.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დასახელებული ნორმებისა და დადგენილი გარემოებების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართლზომიერად დაასკვნა, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები, ვინაიდან აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც გაფრთხილებული იყო სხდომის შესახებ, არ გამოცხადდა სხდომაზე გაურკვეველი მიზეზით, აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები კი სამართლებრივად ამართლებდა მის მოთხოვნას შრომის კოდექსის მე-2 და 31-ე მუხლების შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის, გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სარჩელი ხანდაზმულია, ამასთან მოსარჩელეს არ წარუდგენილია მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოთ მოყვანილ არგუმენტებს და განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის (სააპელაციო მოპასუხის) გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებლი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად არ უდევს საქმის არსებითი განხილვა, რაც მოიცავს მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებების დადგენას საქმეში არსებულ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, არამედ მოპასუხის (მოწინააღმდეგე მხარის) გამოუცხადებლობისა და მის მიერ სარჩელის საწინააღმდეგო მტკიცების განუხორციელებლობის გამო მოსარჩელის (აპელანტის) მიერ მითითებული გარემოებები დადგენილად მიიჩნევა მხოლოდ მოსარჩელის განმარტების საფუძველზე. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს მხოლოდ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებების იურიდიულ შესაბამისობაზე სააპელაციო საჩივრის მოთხოვნასთან მიმართებით, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე და 387-ე მუხლებისა. ამგვარი რეგულაცია შეიცავს ერთგვარ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელიც არ ასრულებს ვალდებულებას, გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე და ხელი შეუწყოს საქმის დროულად განხილვას. განხილვის გაუმართლებელი შეფერხების თავიდან აცილების მიზნით საპატიო მიზეზის გარეშე, პროცესზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობა ქმნის ვარაუდს მასზე, რომ არ არსებობს მოსარჩელის (აპელანტის) განმარტების, როგორც მის მიერ განხორციელებული მტკიცების გაქარწყლების საფუძველი და ამგვარად, დგინდება მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებები. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება პროცესზე გამოუცხადებელი მხარის მითითება იმაზე, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებს მოსარჩელის (აპელანტის) მიერ მითითებულ გარემოებებს.

დაუსაბუთებელია ასევე კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს სარჩელი ხანდაზმულად უნდა მიეჩნია. როგორც განიმარტა, პროცესზე საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებელი მოპასუხის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მხოლოდ იმას, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები სამართლის ნორმების შესაბამისად, წარმოადგენს თუ არა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველია მოთხოვნის იურიდიული მართებულობა მის საფუძვლად მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადას, როგორც დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს თავისი უფლების სამართლებრივი გზით - იძულებით განხორციელება ან დაცვა, მართალია განსაზღვრავს კანონი, თუმცა შესაბამისი ნორმის გამოყენება შესაძლებელია ამ ვადის წარმოშობასა და ამოწურვასთან დაკავშირებით გარემოებების მტკიცების საფუძველზე. სამოქალაქო საქმის წარმოება ეფუძნება რა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებს, მასში მონაწილე მხარეები თავისუფალნი არიან, მიუთითონ და დააამტკიცონ ის გარემოებები, რაც მიაჩნიათ თავიანთი მოთხოვნებისა და შესაგებლის დასაბუთებისათვის აუცილებლად, სასამართლო კი ნეიტრალურია და ამ თვალსაზრისით შეზღუდულია, თავისი ინიციატივით დაადგინოს ამა თუ იმ მხარის ინტერესების შესაბამისი ფაქტები. ამასთან, მოთხოვნის განხორციელების ვადაზე მითითებით ამ მოთხოვნის უარყოფა მოვალის მატერიალურ-სამართლებრივი უფლებაა და მისი რეალიზაცია მფლობელის ნებაზეა დამოკიდებული. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამდენად, ხანდაზმულობა ზღუდავს მოსარჩელის უფლებას მხოლოდ მოპასუხის უფლების ფარგლებთან მიმართებით. მოპასუხე უფლებამოსილია, არ შეასრულოს ხანდაზმული მოთხოვნა, ანუ ხანდაზმულობის მოტივით უარყოს სარჩელი. ამგვარი რეგულაცია გამომდინარეობს ხანდაზმულობის არსიდან. ხანგრძლივი დროის გასვლა, როგორც წესი, იწვევს მტკიცებულებათა შეცვლას ან მათი მოპოვების გართულებას, ზოგჯერ - განადგურებასაც კი. აღნიშნული რისკი განსაკუთრებით მეტი საფრთხის მატარებელია მოპასუხე მხარისათვის - მან შეიძლება ვერ დაიცვას თავისი ინტერესი მტკიცებულებათა არარსებობის გამო. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის მიზანია მხარის ინტერესის დაცვა იმ პროცესის ნაწილად გახდომისაგან, რომელშიც პოზიციის დაცვა რთული ან შეუძლებელია მოთხოვნის სიძველის მიზეზით. დასახელებული პრობლემა არ არის აქტუალური დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, ვინაიდან ამ შემთხვევაში მხარის გამოუცხადებლობის გამო ვერ ხორციელდება საქმის გარემოებათა არსებითი კვლევა მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე. შესაბამისად, ისეთ პირობებში, როცა მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) არ ცხადდება სხდომაზე, არ გამოხატავს სარჩელის საწინააღმდეგო პოზიციას და არ ამტკიცებს სარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად ცნობისთვის საჭირო გარემოებებს, მისი პრეტენზია სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ეტაპზე ვერ იქნება გაზიარებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმის, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს. ფ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე