Facebook Twitter

ბს-698-285(კ-05) 29 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

გ. ქაჯაია

დავის საგანი: არასაცხოვრებელი ფართი.

აღწერილობითი ნაწილი:

საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმში, ....., 1963წ. შევიდა ექსპლოატაციაში, როგორც ქარხანა “ე-ოების” უწყებრივი საცხოვრებელი სახლი. აღნიშნული ბინის პრივატიზაცია მოხდა 2004წ. 16 ივლისს და ბინა გადაეცა ს. გ-ს. 2004წ. 1 იანვრის ¹36 ხელშეკრულებით ზემოაღნიშნული საცხოვრებელი სახლის 16 კვ.მ სარდაფი იჯარით გადაეცა ჯ. მ-ს დროებით სარგებლობაში. ქ. ბათუმის მერიის 2004წ. 1 სექტემბრის ¹137 განკარგულებისა და ¹1 და მე-2 დანართების თანახმად, აღნიშნული სარდაფი შეტანილ იქნა ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხულ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში.

2004წ. 4 აგვისტოს ს. გ-მა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ბათუმის მერიის ტექინვენტარიზაციის მასალების ჩანაწერების გაუქმება, ბათუმის მერიის 1998წ. 8 ივლისის გადაწყვეტილებისა და ბათუმის ¹1 ა/რ გამგეობის მიერ გაცემული იჯარის ხელშეკრულების გაუქმება, ხოლო არასაცხოვრებელი 13,88 კვ.მ მასზე მიკუთვნება და საჯარო რეესტრში მის სახელზე აღრიცხვა შემდეგი მოტივით:

მოსარჩელე ს. გ-მა სარჩელში მიუთითა, რომ ცხოვრობს ქ. ბათუმში, ..., რომელიც არის ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც არ გააჩნდა სარდაფი. მან სხვა მობინადრეებთან ერთად, მეზობლების თანხმობით ქ. ბათუმის მერის ნებართვის საფუძველზე, 90-იან წლებში საცხოვრებელი სახლის პირველი და მეოთხე სადარბაზოების ქვეშ არსებული კომუნიკაციების ეზოში გატანით და სავენტილაციო არხის დაღრმავების შედეგად, თავისი ხარჯებით, მოაწყო 14,16 კვ.მ სარდაფი, რომელიც დროებით დაუთმო ნათესავს _ ჯ. მ-ს, რომელმაც მისი ხარჯებით სარდაფი მაღაზიად გადააკეთა. 1996 წელს ტექბიუროს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს ს. გ-ის სარდაფი აღირიცხა ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე და 1998წ. 8 ივლისის გადაწყვეტილებით, იჯარით გადაეცა ჯ. მ-ს, რაც, გ-ის აზრით, უკანონოა, რადგან ზემოაღნიშნული საცხოვრებელი სახლი ტექაღრიცხვის 1963წ. საარქივო მასალებით ექსპლოატაციაში შევიდა სარდაფის გარეშე, გარდა ამისა საკუთარი ხარჯებით გააკეთა სარდაფი და სარგებლობს დღემდე, როგორც მესაკუთრე. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, 1963 წელს ექსპლოატაციაში რომც შესულიყო აღნიშნული საცხოვრებელი სახლი სარდაფებით, სკ-ის 208-ე მუხლის თანახმად, მრავალბინიან სახლებში არსებობს საკუთრების უფლება ბინაზე და შენობის იმ ნაწილზე, რომელიც არ გამოიყენება ბინად. ამდენად, ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან არასაცხოვრებელი ფართი გამოცხადდა ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებად და იგი არ უნდა დარჩენილიყო მერიის ბალანსზე.

2004წ. 17 სექტემბერს მოსარჩელეებმა ს. გ-მა და ჯ. მ-მა სასამართლოს მიმართეს დამატებითი სარჩელით, გაზარდეს სასარჩელო მოთხოვნა, რადგან სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ მათი სარდაფი შეყვანილია საპრივატიზაციო სიაში, რის გამოც მათი კუთვნილი სარდაფი უნდა ამოირიცხოს საპრივატიზაციო სიიდან, როგორც უკანონოდ და დაუსაბუთებლად შეტანილი.

ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქ. ბათუმის მერიის ტექინვენტარიზაციის მასალების ჩანაწერი ბათუმის მერიის ბალანსზე აღრიცხული, ქ. ბათუმში, ...... მდებარე არასაცხოვრებელი 13,88 კვ.მ შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის 1998წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება და ქ. ბათუმის ¹1 მიკრორაიონის გამგეობის მიერ მოსარჩელე ჯ. მ-ზე გაცემული იჯარის ხელშეკრულება 13,88 კვ.მ-ზე. ამოირიცხა ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხულ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხიდან ბათუმში, ...... არსებული ფართი და იგი საჯარო რეესტრში აღირიცხა ს. გ-ის საკუთრებაში.

ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება ქ. ბათუმის მერიამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით 2004წ. 22 ნოემბერს და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც უარი უნდა ეთქვას მოსარჩელეთა მოთხოვნას იმ მოტივით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 მარტის განჩინებით ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დადგენილად და უდავოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ბათუმში, ... ¹3-ში, აშენებულია 1960-იან წლებში და იგი ეკუთვნოდა იმ დროისათვის არსებულ ბათუმის “ე-ო” ქარხანას. შემდგომში მოსარჩელე ს. გ-მა, რომელიც ცხოვრობდა ხსენებული სახლის ¹36 ბინაში, სახლის სარდაფში დააღრმავა იატაკი და მოაწყო 13,88 კვ.მ-ის ოთახი, რომელიც გადასცა ამავე სახლში მცხოვრებ ჯ. მ-ს და ორივენი იყენებდნენ მას სავაჭრო ობიექტად. 1990-იან წლებში ქ. ბათუმის მერიის მიერ ჩატარდა აღნიშნული ობიექტის ინვენტარიზაცია, რომელიც ჯერ აყვანილ იქნა აღრიცხვაზე მერიის საკუთრებაში 1998წ. 8 ივლისის გადაწყვეტილებით და შემდგომში გადაეცა ჯ. მ-ს იჯარის წესით. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია ბათუმის საქალაქო სასამართლოს აზრი იმის შესახებ, რომ სადავო სარდაფი თავიდანვე არ წარმოადგენდა მერიის საკუთრებას და შემდგომში კი მერიას არ ჰქონდა უფლება სარდაფი მიეღო საკუთრებაში, რამდენადაც 1997 წლიდან მოქმედი სკ-ის 208-ე და 211-ე მუხლებით დადგენილი წესით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ბინებსა და არასაცხოვრებელ ფართზე, რომლებიც არ გამოიყენება ბინად და არ წარმოადგენს შენობის სიმტკიცისა და უსაფრთხოებისათვის აუცილებელ ობიექტს, შეიძლება დაწესდეს ამ სახლში მცხოვრებ პირთა საკუთრება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ...... მდებარე ხუთსართულიანი სახლი არის იქ მცხოვრებ პირთა საერთო საკუთრება, ს. გ-ი კი არის აღნიშნული სახლის მცხოვრები. ასეთ ვითარებაში სკ-ის 208-ე და 211-ე მუხლებიდან გამომდინარე, გ-ის მიერ აშენებული სარდაფი რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო მის საკუთრებად. პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ს. გ-ის მიერ აშენებული სარდაფი შენობას საფრთხეს არ უქმნის, ასევე აღნიშნულ სახლში მცხოვრებნი ს. გ-ს არ ედავებიან და მათ შორის რაიმე მეზობლური უთანხმოება ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს. აღნიშნული გარემოება კი მიუთითებს იმაზე, რომ მერიას არ ჰქონდა კანონით გათვალისწინებული უფლება სადავო ფართი აეყვანა საკუთრებაში და შემდეგ მიეცა იგი იჯარით. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ სადავო ფართის ს. გ-ზე გადაცემის წინააღმდეგი არ არის პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული ქ. ბათუმის ტექინვენტარიზაციის სამსახურისა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სადავო სარდაფის მოსარჩელეთათვის გადაცემა არ არის კანონსაწინააღმდეგო და აღნიშნული გარემოებები სათანადოდ დასაბუთებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილებითაც.

ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნათა სწორი გამოყენებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 29 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ბათუმის მერიის მიერ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნას.

კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ შეისწავლა და არასწორი შეფასება მისცა ტექაღრიცხვის სამსახურის მასალებს, რაც ეხებოდა სადავო სარდაფს. ასევე არ გამოიყენა სკ-ის 211-ე მუხლის მოთხოვნები და იგნორირება გაუკეთა მას, რომლის თანახმადაც შენობის ის ნაწილები, რომლებიც აუცილებელია ამ შენობის სიმტკიცისა და უსაფრთხოებისათვის, არ შეიძლება იყოს ინდივიდუალური საკუთრების საგანი მაშინაც კი, როცა იგი ინდივიდუალურ საკუთრებაში მოქცეულ ფართობზეა განლაგებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

ვინაიდან კასატორს ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. ბათუმში, ...... მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენებულია 1960-იან წლებში და მიეკუთვნებოდა ბათუმის ქარხანა “ე-ოს”. ბათუმის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურის 2002წ. 8 ოქტომბრის ¹01-22/164 ცნობის მიხედვით, ბათუმში, ..... მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი 1963წ. 5 მარტის თარიღით იყო ფიქსირებული ტექაღრიცხვის მასალებში სარდაფის გარეშე. სააპელაციო პალატის მიერ ასევე დადგენილია, რომ ს. გ-მა, სხვა მეზობლების მსგავსად, სახლის სარდაფში დააღრმავა იატაკი და მოაწყო 13,88 კვ.მ სადავო სარდაფი. 2004წ. 16 ივლისს ს. გ-მა, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების საფუძველზე მოახდინა ბათუმში, ...... მდებარე ¹36 საცხოვრებელი ბინის პრივატიზება. ...... მდებარე სხვა საცხოვრებელი ბინები იქ მცხოვრებ პირთა მიერ ასევე პრივატიზებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ საცხოვრებელი სახლის სარდაფები წარმოადგენს სკ-ის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებას.

პრივატიზებულ საცხოვრებელ სახლებში საინჟინრო მოწყობილობებისა და საერთო სარგებლობის ადგილებზე ბინის მესაკუთრეთა თანასაკუთრება ასევე აღიარებულია საქართველოს მთავრობის 1992წ. 11 აგვისტოს ¹825 დადგენილებით დამტკიცებული “დროებითი დებულების” მე-7 პუნქტით. ამიტომ 1998 წელს ბათუმში, ...... სახლში მდებარე სარდაფების ბათუმის მერიის საკუთრებად აღრიცხვა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ეწინააღმდეგება სკ-ის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული ¹825 დადგენილების მოთხოვნებს.

როგორც აღინიშნა, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ ს. გ-მა სხვა მცხოვრებლების ანალოგიურად, დაღრმავების გზით მოაწყო 13,88 კვ.მ სარდაფი და ამ სახლის მობინადრეები მას არ ედავებიან. სკ-ის 208-ე და 211-ე მუხლების პირველი ნაწილის მიხედვით, მრავალბინიან სახლებში ინდივიდუალურ საკუთრებას შეიძლება წარმოადგენდეს საცხოვრებელი ბინა და საერთო საკუთრების არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც ნაწილდება ბინების რაოდენობის შესაბამისად. ვინაიდან ს. გ-ი წარმოადგენს ...... მდებარე ¹36 ბინის მესაკუთრეს და საცხოვრებელი სახლის სხვა მესაკუთრეებს პრეტენზია არ გააჩნიათ ს. გ-ის მიერ მოწყობილ 13,88 კვ.მ სარდაფზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სკ-ის 208-ე და 211-ე მუხლების პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მართებულად აღიარა სადავო სარდაფზე ს. გ-ის საკუთრება და ამდენად, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც: “შენობის ნაწილები, რომლებიც აუცილებელია ამ შენობის სიმტკიცისა და უსაფრთხოებისათვის, ისევე როგორც ბინის მესაკუთრეთა საერთო სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობანი, არ შეიძლება იყოს ინდივიდუალური საკუთრების საგანი მაშინაც კი, როცა ისინი ინდივიდუალურ საკუთრებაში მოქცეულ ფართობზეა განლაგებული”. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ეხება შენობის სიმტკიცისა და უსაფრთხოებისათვის აუცილებელ ნაწილებს, რასაც განსახილველ დავასთან კავშირი არა აქვს, რადგან დავის საგანია ს. გ-ის მიერ მოწყობილი სარდაფი, რომელიც ტექინვენტარიზაციის მასალების მიხედვით საცხოვრებელ სახლს თავიდან არც გააჩნდა. ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ სკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითება კონკრეტულ შემთხვევაში უსაფუძვლოა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 მარტის განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არა აქვს და სააპელაციო პალატამ ფაქტობრივ გარემოებათა სწორი გამოკვლევა-დადგენითა და კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.